ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს ხელფასი გაუზარდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა No53/2022 ბრძანებას "უკრაინული საზოგადოების კონსოლიდაციისთვის გადაუდებელი ზომების შესახებ", რომელიც სამხედროებისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მინისტრთა კაბინეტს ევალება 2022 წლის 1 მარტიდან უზრუნველყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების გაზრდა 30%-ით და 2022 წლის დასაწყისიდან უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების ზრდა 20%-ით.
LB.ua-სთან ინტერვიუში, რომელიც 31 იანვარს გამოქვეყნდა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიაში ნომერ პირველი პრობლემა ფინანსური უზრუნველყოფაა. მინისტრის თქმით, ამჟამად ჯარისკაცის ხელფასი უკრაინაში თვეში 10.3 ათასი ჰრივნაა (1082 ლარი).
პრეზიდენტის ბრძანებით, 2022 წლის 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოცხადდა.