ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრად რუსტემ უმეროვი დაინიშნება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი რეზნიკოვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყეტილება დაადასტურა. მის ადგილს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი დაიკავებს.
"ამ კვირაში პარლამენტსაც სთხოვენ საკადრო გადაწყვეტილების მიღებას, ახლავე მინდა აღვნიშნო, გადავწყვიტე შევცვალო უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
ოლექსეი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გაიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ასევე მთლიანად საზოგადოებასთან.
ახლა სამინისტროს რუსტემ უმეროვმა უნდა უხელმძღვანელოს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს ამ კაცს და ბატონ უმეროვს მეტი წარდგენა არ სჭირდება. ველი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ კანდიდატურას. შემოდგომა გაძლიერების დროა." - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
ვინ არის რუსტემ უმეროვი?
რუსტემ უმეროვი პოლიტიკაში 2019 წელს ჩაერთო. ის სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია "ჰოლოსის" სიით უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი გახდა. უმეროვი ეთნიკურად ყირიმელი თათარია და მისი საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი ნაწილი მან ამ ეთნიკური ჯგუფის უფლებებზე და ოკუპირებულ ყირიმში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბარს მიუძღვნა.
2022 წლის სექტმებერში უმაღლესმა რადამ უმეროვი უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელად დაამტკიცა.
უკრაინა-რუსეთის ომისას ის განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დიპლომატიურ აქტივობებში.
უმეროვს რამდენიმე ვიზიტი ჰქონდა სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საიდანაც მან უკრაინაში დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა. ასევე ის აქტიურად მონაწილეობდა აზოვის ლიდერების განთავისუფლების მოლაპარაკებებში თურქეთსა და საუდის არაბეთთან.
მათი განთავისუფლების შემდეგ კი, უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრი ერმაკთან ერთად ერთ-ერთმა პირველმა მოინახულა ქვეყნის ერონვული გმირები.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პროპაგანდისტული მედია უმეროვს დიდი ხანია აშშ-ს აგენტობაში ადანაშაულებს.
2022 წლის 28 მარტს გავრცელდა ინფორმცია, რომ უმეროვი, რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი და კიდევ ერთი დეპუტატი მოწამლეს. მათ ერთმანეთის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ: თვალების სიწითლე, მუდმივი ცრემლის დენა და ხელებსა და სახეზე კანის აქერცვლა. სამივე პიროვნება სტამბოლში გაფრინდა სამედიცინო დახმარების მისაღებად.
მოგვიანებით უმეროვმა ფეისბუქზე ფოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და მოქალაქეებს მოუწოდა არ დაეჯერებინათ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.