ЗСУ პრიგოჟინის განცხადებაზე: მას ტყვია-წამალი კი არა, ბოევიკები უთავდება

უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩვკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც საარტილერიო ჭურვების უკმარისობის გამო 10 მაისს მისი ბოევიკები ბახმუტს დატოვებენ. 

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინს არა ჭურვები, არამედ ბოევიკების რაოდენობა ეწურება და სწორედ ამიტომ, იძულებულია, უკან დახევა ეპოტაჟური მეთოდებით გაამართლოს. 

ЗСУ-ს აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერის თქმით, პრიგოჟინის განცხადებების მიუხედავად, ბახმუტში კვლავ უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. 

კონტექსტი  

ცოტა ხნის წინ ევგენი პრიგოჟინმა თავის ბოევიკებთან ერთად ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ საბრძოლო მასალის უკმარისობის გამო, ჩვკ ვაგნერი 10 მაისს ქალაქ ბახმუტს დატოვებს და რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკებში გადაინაცვლებს. 

ამას წინ უძღოდა კიდევ ერთი ვიდეო-მიმართვა. ამჯერად დახოცილი ვაგნერელების ფონზე პრიგოჟინი სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვს აგინებდა და საარტილერიო ჭურვებს ითხოვდა. 

"აი ეს დახოცილები ჩვკ ვაგნერის ბიჭები არიან, რომლებიც დღეს მოკლეს, მათი სისხლი ჯერ კიდევ თბილია. ახლა კი მომისმინეთ ბ****ო! ესენი ვიღაცის მამები და ვიღაცის შვილები არიან. და იმ ბ****ს, რომლებიც ჩვენ არ გვაძლევენ საბრძოლო მასალას, მათ ძვლებს ჯოჯოხეთში შეხრავენ. ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-ით. შოიგუ, გერასიმოვ სად არის საბრძოლო მასალა? შეხედეთ ამ ცხედრებს თქვე ბ****ბო",- ამბობს პრიგოჟინი. 

ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა - გასული წლის მიწურულს, როდესაც პრიგოჟინი ისევ წუწუნებდა საარტილერიო ჭურვების უკმარისობაზე, მან მსგავსი ვიდეო ჩაწერა, ასევე დახოცილი ვაგნერელების ფონზე. 

პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება უკვე მრავალი თვეა მიმდინარეობს. ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელი საბრძოლო მასალების დეფიციტის შესახებ გასულ თვეებში იუწყებოდა და სხვადასხვა ტიპის მუქარებს ავრცელებდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტში მათ შორის საუბარი იყო ჩვკ ვაგნერს და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებულ კონფლიქტზეც. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, პრობლემის გადაწყვეტას უშუალოდ ვლადიმირ პუტინიც ეცადა და მიმდინარე წლის 22 თებერვალს მან კრემლში შოიგუ და პრიგოჟინი მოიწვია. 

ბოლო კვირებში პრიგოჟინის კრიტიკა თავდაცვის სამინისტროს მიმართ მკვეთრად შემცირდა. დასავლური სადაზვერვო უწყებების ცნობით, გაუმჯობესდა კოორდინაცია ვაგნერის ბოევიკებსა და რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფებს შორისაც. 

შესაძლოა, პრიგოჟინის უკმაყოფილება თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიხაილ მიზინცევის გადაყენებამ გამოიწვია - მიხაილ მიზინცევი ზურგის მომარაგებაზე პასუხისმგებელი მოადგილე იყო. არსებული ცნობებით, მას კარგი ურთიერთობები ჰქონდა ევგენი პრიგოჟინთან. 

გასულ შაბათს ერთ-ერთ Z-ბლოგერთან ინტერვიუში პრიგოჟინმა განაცხადა, რომ თუ კი პრობლემა დროულად არ მოგვარდებოდა ჩვკ ვაგნერის ნაწილები ბახმუტიდან გავიდოდნენ. 

საბრძოლო მასალის შექმნილი დეფიციტისა და გაუმართლებელი სანიტარული დანაკარგების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კრიტიკული მაქსიმალური ვადა დღევანდელი დღეა",- ამბობდა პრიგოჟინი. 

მსგავსი სიახლეები