"ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად" - ЗСУ-ს დანაყოფები ავდიივკიდან გადიან

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

ამის შესახებ ЗСУ-ს მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი იუწყება. 

"ავდიივკის ირგვლივ არსებული ოპერატიული ვითარების შეფასების შემდეგ, ალყის არ დასაშვებად და ჯარისცაკების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად მიღებულია გადაწყვეტილება ქალაქიდან ჩვენი დანაყოფების გაყვანისა და უფრო მომგებიან პოზიციებზე განლაგების შესახებ",- ნათქვამია სირსკის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ შეტყობინებაში. 

შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებას მალევე მოჰყვა გენერალ ტარნავსკის შეტყობინებაც. სწორედ ტარნავსკი ხელმძღვანელობდა ქალაქის დაცვის კამპანიას. 

"მიღებული ბრძანების შესაბამისად ჩვენმა ძალებმა ქალაქი უკვე დატოვეს. ვითარებაში, როდესაც მტერი საკუთარი ჯარისკაცების ცხედრების გავლით გვიტევს და საარტილერიო ცეცხლის შეფარდება 10/1-ზეა ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო",- ნათქვამია გენერლის განცხადებაში. 

კონტექსტი 

ქალაქ დონეცკიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ავდიივკის მიმართულებით, რომელსაც უკრაინის არმია 2014 წლიდან აკონტროლებდა, საოკუპაციო არმიამ შეტევა გასული წლის 10 ოქტომბერს წამოიწყო. 

სხვადასხვა მონაცემებით, შტურმში რუსეთის არმიის 7 სამხედრო ბრიგადა მონაწილეობდა. იერიშის საწყის ეტაპზე რუსეთის არმიის დანაკარგები ცოცხალ ძალასა და მძიმე ტექნიკაში მკვეთრად გაიზარდა

ოქტომბრის მეორე ნახევარში მძიმე დანაკარგების მიუხედავად რუსეთის არმიამ წინ წაიწია 2 მიმართულებით. უკვე 24 ოქტომბერს რუსეთის არმიამ ტერიკონის სახელით ცნობილი ხელოვნური სიმაღლე დაიკავა და საგრძნობლად მიუახლოვდა ქალაქის შემოგარენს. 

საარტილერიო ჭურვებისა და ცოცხალი ძალის დეფიციტის ფონზე, უკრაინული დანაყოფების მდგომარეობა ავდიივკაში ნოემბრის განმავლობაში ეტაპობრივად მძიმდებოდა. 27 ნოემბერს რუსეთის არმიამ ავდიივკის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავა

ფრონტის მონაკვეთის გასამაგრებლად უკრაინამ ავდიივკის ფრონტზე 47-ე მექანიზებული ბრიგადა გადაისროლა, რომელიც მანამდე ზაპორიჟიის ოლქში, ზაფხულის კონტრიერიშის ავანგარდში იდგა. გასული 2 წლის განმავლობაში ავდიივკის ფრონტს უკრაინის შეიარაღებული ძალების 110-ე მექანიზებული ბრიგადა ამაგრებდა. უკრაინული წყაროების ცნობით, გასული 2 წლის განმავლობაში ბრიგადა როტაციაზე არ გასულა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა შენაერთის ბრძოლისუნარიანობა. 

უკრაინული არმიის მდგომარეობა ავდიივკაში კრიტიკული იანვრის მიწურულს გახდა - ფლანგებიდან განხორციელებული შეტევების შემდეგ საოკუპაციო არმიის ნაწილებმა უშუალოდ ქალაქში შეაღწიეს. 

გასული 72 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა ავდიივკაში მასირებული იერიში წამოიწყეს, პრაქტიკულად განუწყვეტელი საარტილერიო და საავიაციო ცეცხლის თანხლებით. ადგილზე მებრძოლი უკრაინელი სამხედროების ცნობით, ავდიივკას ტერიტორიაზე დღესი დაახლოებით 60 ავიაბომბი ეცემოდა. 

ვითარება კიდევ უფრო კრიტიკული გახდა 15 თებერვალს რუსეთის არმიის გამუდმებული შეტევების ფონზე, უკრაინის არმია იძულებული გახდა დაეტოვებინა ზენიტის სახელით ცნობილი გამაგრებული რაიონი. ამის შემდეგ ქალაქში გამაგრებული გარნიზონის სრულ ალყაში მოქცევის რისკი მკვეთრად გაიზარდა. 

ვითარების სტაბილიზაციისთვის უკრაინულმა სარდლობამ ავდიივკაში მესამე ცალკეული მოიერიშე ბრიგადა გადაისროლა, რომელიც მანამდე ბახმუტის შემოგარენში იბრძოდა. ადგილზე ჩასული ბრიგადის ოფიცრები თავიდანვე კრიტიკული ვითარების  შესახებ იუწყებოდნენ. მაღალი ალბათობით მესამე ბრიგადის მთავარი ამოცანა ქალაქიდან გასვლის ოპერაციის ორგანიზება და მხარდაჭერა იყო. 

მიუხედავად ამისა, ადგილზე მყოფი უკრაინული დანაყოფების ნაწილი ალაგ-ალაგ ალყაში აღმოჩნდნენ, მათი ნაწილი ტყვედაც ჩავარდა. მოსალოდნელია, რომ ქალაქიდან გასვლის ოპერაციას თან ახლდა დანაკარგებიც. 

ავდიივკა მოზრდილი შვერილის ცენტრში მდებარეობს, რომელიც ქალაქ დონეცკის ირგვლივ რუსეთის დაცვის ხაზს ებჯინება. ამ შვერილის მოჭრა რუსეთის არმიისთვის დიდი ცდუნება იყო - ეს მათ საშუალებას მისცემს ფრონტის ხაზი დონეცკიდან შორს გადაიტანონ. 

ბახმუტის შემდეგ ავდიივკა რუსეთის საოკუპაციო არმიის მიერ დაკავებული პირველი უკრაინული ქალაქია.  

მსგავსი სიახლეები