"არნახული დანაკარგები",- რა ვიცით რუსეთის განახლებულ შტურმზე ავდიივკასთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დილის კრებსში ავდიივკის მიმართულებით რუსეთის არმიის დიდი რაოდენობის ჯავშატექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება. 

უკრაინული წყაროების ცნობით, რუსეთის არმიის მასშტაბური დანაკარგები ავდიივკის მიმართულებით შეტევის განახლებას უკავშირდება. 

გენშტაბის ცნობით, თითქმის 2 დღიანი შესვენების შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ახალი იერიში წამოიწყეს - "მტერი არ ტოვებს მცდელობას ალყაში მოაქციოს ავდიივკა."

ЗСУ-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ავდიივკის მიმართულებით განადგურებულია რუსეთის არმიის 120 ჯავშანმანქანა, 55 ტანკი და 29 საარტილერიო დანადგარი. გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით ლიკვიდირებულია 1300-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი. 

ამ ცნობების დამოუკიდებლად ვერიფიკაცია არსებულ ვითარებაში შეუძლებელია. ამის მიუხედავად, გასულ 24 საათში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ავდიივკის შემოგარენში რუსეთის არმიის განადგურებული ჯავშანკოლონის ფოტო და ვიდეო კადრები. 

ავდიივკის მიმართულებით რუსეთის არმიამ შტურმი 10 ოქტომბერს დაიწყო - ოკუპანტების იერიში თავიდანვე მაღალი დანაკარგებით ხასიათდებოდა, თუმცა უკრაინული წყაროების ცნობით 19 სექტემბერს დანაკარგებმა "არნახულ მასშტაბებს" მიაღწია. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის გაზრდილ დანაკარგებზე წერს ზოგი Z-ბლოგერიც - "ავდიივკასთან დღეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ეს რამდენიმეჯერ მოვისმინე. ხვალ გენშტაბის დილის კრებსში თქვენ ამოიკითხავთ განადგურებული და დაზიანებული ტექნიკის რიცხვებს და შოკში ჩავარდებით. და დიახ ჩვენ გვაქვს დანაკარგები, ამ ჯოჯოხეთმა ჩვენი მეომრების სიცოცხლე წაიღო",- წერს ვაგნერთან დაახლოებული ტელეგრამ არხი War Zone. 

საყურადღებოა, რომ 19 ოქტომბერს ავდიივკის მიმართულება მოინახულა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნი. 

თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრებსში ავდიივკის მიმართულებით ბრძოლებზე არაფერია ნათქვამი. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ არხი "რიბარი" თავის დღევანდელ კრებსში წერდა, რომ რუსეთის არმიამ 'ტერიკონის' სახელით ცნობილი მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტი დაკავება შეძლო. 

"მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგემ შეძლო კონტრშეტევა ბერდიჩთან და ჩვენი მოიერიშე დანაყოები სარკინიგზო ხაზამდე განდევნა",- ნათქვამია კრებსში. 

ავდიივკის მიმართულებით განახლებულ შეტვებზე წერს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის (ВГТРК) სამხედრო კორესპონდენტი, ალექსანდრ სლადკოვი. "არ მინდა, რომ ავდიივკა ნებისმიერ ფასად დავიკავოთ. შეტევის დაწყება მას შემდეგ შეიძლება რაც მტრის საცეცხლე წერტილებს ჩავახშობთ და ჰაერში სრულ დომინაციას მოვიპოვებთ."

ე.წ. ვოენკორის თქმით, უკრაინელთა საცეცხლე წერტილების განადგურება კონტრ-ბატარეული ბრძოლის სისტემებით შეიძლება, მაგრამ რუსეთის არმიას ეს სისტემები არ ჰყონის. "ასეთ ვითარებაში შეტევის ერთადერთი გზა რჩება - შტურმი საზარბაზნე ხორცის გამოყენებით."

რით არის მნიშვნელოვანი ავდიივკა

ავდიივკა მოზრდილი შვერილის ცენტრში მდებარეობს, რომელიც ქალაქ დონეცკის ირგვლივ რუსეთის დაცვის ხაზს ებჯინება. ამ შვერილის მოჭრა რუსეთის არმიისთვის დიდი ცდუნებაა - ეს მათ საშუალებას მისცემდა ფრონტის ხაზი დონეცკიდან შორს გადაეტანათ. გარდა ამისა, ავდიივკას მიმართულებით შეტევის დაწყებით რუსეთი ცდილობს უკრაინულ სარდლობას ფრონტის ამ მონაკვეთზე რეზერვების გადმოსროლა აიძულოს. თავის მხრივ, ეს ზაპორიჟიასა და ბახმუტის ირგვლივ უკრაინული დანაყოფების პოტენციურ შესუსტებას ნიშნავს. 

ავდიივკას და მის შემოგარენს უკრაინის არმია 2014 წლიდან აკონტროლებს - ამ დროისთვის დასახლება ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებულ თავდაცვით რაიონს წარმოადგენს. ქალაქ დონეცკის ამ სამრეწველო შემოგარენის აღებას რუსეთის არმია არაერთხელ ეცადა, მათ შორის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2017 წელსაც. 

სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ავდიივკასგან პრაქტიკულად ნანგრევებიღა დარჩა. უკრაინელი მებრძოლებს უპირატესობას აძლევს ქალაქში არსებული კოქსის მწარმოებელი კომბინატი - ეს ერთდროულად წარმოადგენს ЗСУ-ს საყრდენ პუნქტსა და ბაზას, რომლის პირდაპირი შტურმი ძალიან რთულია. 

ფრონტის ამ მონაკვეთიდან გავრცელებული შეტყობინებების მიხედვით, პირდაპირ შტურმზე საუბარი არც არის - რუსეთი ცდილობს ფლანგებიდან გარღვევას და ოპერატიული ალყის უზრუნველყოფას, შესაბამისად მომარგების მარშრუტებზე კონტროლის დამყარებას. 

სამხედრო ექსპერტების შეფასებით ავდიივკის მიმართულებით დაწყებული შტურმი მეტნაკლებად ეწერება ომის ამჟამინდელ სურათში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პოზიციური ხასიათი - არცერთ მხარეს არ აქვს საკმარისი უპირატესობა ფრონტის სწრაფად გარღვევისთვის.  დომინაციას მოვიპოვებთ",- წერს სლადკოვი. 

ე.წ. ვოენკორის თქმით, შეტევა მტრის საცეცხლე წერტილების განადგურება კონტრ-ბატარეული ბრძოლის სისტემებით შეიძლება - "მაგრამ ჩვენ ეს სისტემები არ გვაქვს, რჩება შეტევის ერთადერთი გზა - შტურმი საზარბაზნე ხორცით",- წერს სლადკოვი. 

მსგავსი სიახლეები