"ხარკივზე შეტევა რუსებისთვის ფატალური იქნება" - სირსკის პირველი ინტერვიუ
ალექსანდრ სირსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა.
უკრაინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში გენერალი სირსკი აფასებს ფრონტზე არსებულ ვითარებას, უკრაინის ახალ სტრატეგიასა და მობილიზაციის შეცვლილ გეგმაზე.
გთავაზობთ მთავარ აქცენტებს ЗСУ-ს მთავარსარდლის ინტერვიუდან.
ფრონტზე არსებული მდგომაროება
სირსკის შეფასებით, ფრონტზე რთული ვითარება, თუმცა პრინციპში "ის არც არასდროს არის მარტივი." სირსკის თქმით, რუსეთი ნებისმიერ ფასად ცდილობს დონეცკისა და ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას, გარდა ამისა, რუსეთი შეტევებს აწარმოებს ზაპორიჟიასა და დნეპრის მარცხენა ნაპირზე.
"ჩვენ არამხოლოდ თავდაცვაში არამედ, სხვადასხვა მონაკვეთებზე წინაც მივიწევთ. ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ დაბრუნებული საბრძოლო პოზიციების რიცხვი აღემატება დაკარგულებს. მტერმა ვერ შეძლო წინ წაეწია სტრატეგიულ მიმართულებებზე, თუ კი მათ აქვთ ტერიტორიული წინსვლა საუკეთესო შემთხვევაში ეს ტაქტიკური ხასიათისაა."
სირსკის თქმით, რუსეთის არმიას აქვს რიცხობრივი უპირატესობა, რაც მათ აძლევს საშუალებას არ მიაქციონ ყურადღება დანაკარგებს და გააგრძელოს მასირებული ტაქტიკური შტურმების პრაქტიკა. "მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვნად გაზარდა ავიაციის აქტიურობა და აქტიურად იყენებს პლანირებად საავიაციო ბომბებს, რომლებიც ანადგურებს ჩვენს პოზიციებს." სირსკის თქმით, რუსეთს არსებითი უპირატესობა აქვს საარტილერიო ცეცხლში და ნასროლი ჭურვების თანაფარდობა რამდენიმე დღის წინ 6:1-ზე იყო.
"ЗСУ-მ აითვისა ბრძოლა არა საბრძოლო მასალის რაოდენობით, არამედ ხელმისაწვდომი შეიარაღების ოსტატური გამოყენებით. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვიყენებთ უპირატესობას უპილოტო ავიაციაში, თუმცა მტერი ცდილობს სწრაფად დაგვეწიოს ამ ეფექტური შეიარაღების გამოყენებაში",- ამბობს სირსკი.
გენერალმა შეაფასა საზღვაო თეატრიც - სირსკის თქმით, უპილოტო საზღვაო დრონების ტაქტიკა იმდენად ეფექტური იყო, რომ შეცვალა ზოგადად ამ თეატრში არსებული წონასწორობა.
"ჩვენ მიზანმიმართულად ვანადგურებთ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ბოლო დღეებში სევასტოპოლში რუსული გემების დაზიანება ამის კიდევ ერთი დასტურია."
ხარკივი
ЗСУ-ს მთავარსარდალმა ისაუბრა რუსეთის შესაძლო იერიშზეც ხარკივის მიმართულებით, რაზეც ბოლო დღეებში რამდენიმე რუსული წყარო წერდა.
გენერლის თქმით, ამ დროისთვის ЗСУ აწარმოებს კომპლექსურ სამუშაოებს საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და ადეკვატური მომზადების კუთხით.
"ჩვენ უკვე გვაქვს საბრძოლო გამოცდილება ხარკივის ოლქში. ჩვენ შევძელით მოწინააღმდეგის გამოჭერა და ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება, სწორედ მაშინ ჩამოიქცა რუსული ფრონტი. თუ კი რუსები ისევ ხარკივის მიმართულებით დაიწყებენ შეტევას ეს მათთვის ფატალური ქალაქი გახდება",- განაცხადა სირსკიმ.
მობილიზაცია
სირსკის თქმით, უკრაინულმა სარდლობამ შეცვალა მობილიზაციის გეგმები. გენერალი ამბობს, რომ შეიარაღებულ ძალებში ჩატარებული აუდიტისა და პირადი შემადგენლობის რიცხოვნების დაზუსტების შემდეგ უკრაინას 500 ათასზე ნაკლები ჯარისკაცის მობილიზება ჭირდება. ამასთანავე სირსკი არ აკონკრეტებს რამდენად ნაკლები.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გვეყოლება საკმარისი ხალხი სამშობლოს დასაცავად. საუბარია არამხოლოდ მობილიზებულებზე, არამედ მოხალისეებზეც",- განაცხადა სირსკიმ.
გენერალმა დასძინა, რომ საბრძოლო გამოცდილების არმქონე მობილიზებულებს ფრონტზე არ უშვებენ.
ავდიივკა
ავდიივკიდან უკრაინული არმიის გასვლის მთავარ მიზეზებად სირსკი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის რიცხობრივ და საარტილერიო ცეცხლის ჯერად უპირატესობასთან ერთად, მუდმივ საავიაციო დაბომბვებს ასახელებს, რომლებმაც მისი თქმით, დაარღვია ქალაქის თავდაცვითი ზღუდის ერთიანობა.
"ალყის თავიდან ასაცილებლად და ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად მე მივიღე ავდიივკიდან გასვლის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ ამ ბრძოლების დროს ტყვეობაში აღმოჩნდა 25 უკრაინელი სამხედრო."
სირსკის თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა შეძლეს რუსეთის წინსვლის შეჩერება ავდიივკის მისადგომებთან იმ პოზიციებზე, რომლებსაც ბრძოლის დროს ამზადებდნენ.
"ჩვენი თავდაცვითი ზღუდეების ძირითადი ხაზი უფრო შორს, ჩვენი თავდაცვის სიღრმეშია განლაგებული. ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური თავდაცვითი ხაზების ორგანიზება ყველა საფრთხის შემცველ მიმართულებაზე",- ამბობს სირსკი.
ზალუჟნიზე
მისი წინამორბედის გადაყენების შესახებ დასმულ კითხვაზე, სირსკი პასუხობს, რომ სამხედროები არ განიხილავენ ბრძანებებს და "თუ მთავარსარდალმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მას ქონდა ამის სერიოზული მიზეზები."
სირსკი ამბობს, რომ გენერალური შტაბის შემადგენლობა საბრძოლო გამოცდილების მქონე ახალი ოფიცრებით გადახალისდება.
გარდა ამისა, გენერლის თქმით, უკვე დაწყებულია შეხების ხაზზე განლაგებული სამხედრო ნაწილების როტაციის პროცესი, ამისთვის კი მისი თქმით, ЗСУ-ს ხალხი სჭირდება.
კონტექსტი
უფრო ვრცლად ალექსანდრ სირსკის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.
ვრცლად უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.
ვრცლად ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.