მუჰამედის კარიკატურის შემქნელი ავარიაში გარდაიცვალა

 

შვედი კარიკატურისტი ლარს ვილკსი, რომელიც 2007 წლის შემდეგ პოლიციის მეთალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა, ავტო ავარიაში გარდაიცვალა. 

"გამოძიება მიმდინარეობს ისე, როგორც სხვა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ხდება ხოლმე, თუმცა, რადგანაც ინციდენტში ორი პოლიციელი მონაწილეობდა, ამიტომ საქმეს პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი იძიებს" - ამის შესახებ პოლიციის წარმომადგენელმა ფრანს პრესთან (AFP) ინტერვიუში განაცხადა. 

შემთხვევა შვედეთის ქალაქ მარკარიდში მოხდა, სადაც მანქანა, რომელშიც ლარს ვილკსი იჯდა, საპირისპირო მხრიდან მომვალ სატვირთოს დაეჯახა.მხატვართან ერთად გარდაიცვალა ორი თანმხლები პოლიციელი, ხოლო სატვირთოს მძღოლი საავდმყოფოში გადაიყვანეს. 

ლარს ვილკსმა 2007 წელს მუჰამედის კარიკატურა დახატა, რის შემდეგაც არაერთი სიკვდილის მუქარა მიიღო, ხოლო ალ-ქაიდამ მის მკვლელობაზე 100 ათასი დოლარი დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ მხატვარს მუქარების მიღების შემდეგ პოლიცია იცავდა, 2015 წელს მასზე კოპენჰაგენში მაინც განხორციელდა თავდასხმა, რა დროსაც თავად გადარჩა, ხოლო ერთ-ერთი დანიელი რეჟისორი გარდაიცვალა. 

 

მსგავსი სიახლეები