20 წლის წინ აშშ-ის და ნატოს კოალიციურმა ჯარებმა ავღანეთში თალიბანის რეჟიმი დაამხეს, მაშინ ბევრი დარწმუნებული იყო, რომ ეს მისტიკური და მსოფლიოსთვის პრაქტიკულად უცნობი ორგანიზაცია არსებობის ბოლო დღეებს ითვლიდა. ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია პასუხი იყო 11 სექტემბრის სისხლიან ტერაქტებზე, რომელიც თალიბანის მიერ შეფარებულმა ექსტრემისტებმა განახორციელეს.
ორგანიზაციის ლიდერებმა ავღანეთი დატოვეს, ბევრი მათგანი კი სპეცოპერაციების დროს დაიღუპა. დააპატიმრეს ათასობით მებრძოლი, რის შემდეგაც კოალიციურმა ჯარებმა ახალი - “ავღანეთის პროექტი” - წამოიწყეს.
ამ პროექტის მთავარი მიზანი ქვეყანაში ახალი ფუნქციური სახელმწიფოს შექმნა იყო, რომელიც მომავალში ტერორისტების თავშესაფარი აღარ გახდებოდა.
როგორ მოხდა, რომ 20-წლიანი ინტერვენციის, ტრილიონობით დახარჯული დოლარისა და ათასობით გაღებული სიცოცხლის შემდეგ ავღანეთი ხელში ისევ თალიბანმა ჩაიგდო?
როგორ მოხდა, რომ თალიბანი არამხოლოდ გადარჩა, არამედ მთელ ქვეყანაზე კონტროლი რამდენიმე თვეში დაამყარა და დედაქალაქი უბრძოლველად ჩაბარდა?
"წმინდა ტრადიცია" – სტუდენტის ქცევის კოდექსი
ქაბულის აღების შემდეგ თალიბებმა განაცხადეს, რომ ისინი ავღანეთის მმართველობას ისლამურ ნორმებს დაუქვემდებარებენ, თუმცა ეს ცნება მთელ მსოფლიოში განსხვავებულად ესმით. მათ შორის, წლების განმავლობაში ისლამის ნორმების განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ეყრდნობოდნენ თალიბებიც.
ისინი თავს დეობანდისტებად მიიჩნევენ. დეობანდიზმი ისლამის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ განშტოებაა. სწავლება 1867 წელს ინდოეთში, ქალაქ დეობანდის ერთ-ერთ მედრესეში დაფუძნდა. ამ მოძღვრების მიმდევრები ინდოეთის ბრიტანულ კოლონიზაციას ებრძოდნენ. ამასთანავე, თალიბები ულტრატრადიციონალისტები არიან - მათთვის მთავარი რწმენის ნორმების პირდაპირი და დეტალური აღსრულებაა.
მეცხრამეტე საუკუნის დეობანდისტები მიიჩნევდნენ, რომ იმ დროს არსებული ტრადიციული ისლამი გარე სამყაროსთან ბევრ დათმობაზე წავიდა და საჭირო იყო მისი გაწმენდა “უცხო ელემენტებისგან”. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ წინასწარმეტყველ მუჰამადის დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიციას და ლოცვებში მის მოხსენიებას.
მათ ასევე უარყვეს იმდროინდელ ინდოეთში პოპულარული სუფისტური ტრადიციებიც - მათ შორის გამორჩეული სუფისტების დაბადების დღეების აღნიშვნა, საფლავების მოლოცვა, ხმამაღალი ზიქრის რიტუალი [ერთი და იმავე ლოცვის გამეორება რიტმული თავის ქნევისა ან წრეზე სიარულის დროს] და სხვა სუფისტური რიტუალები.
მათ მიიღეს ტაქლიდიც, რაც წმინდა წერილის ძველი ინტერპრეტაციის ერთგულებას გულისხმობს. დეობანდისტებმა უარყვეს თეოლოგები, რომლებიც ისლამურ ნორმებს მსოფლიოში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით თარგმნიდნენ.
ამავდროულად დეობანდისტი მუსლიმები მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ - როგორც ისინი თვლიდნენ - ჰინდუიზმის მავნე და დამაბინძურებელ ზეგავლენას ისლამზე. სემინარია გაურბოდა ყველაფერ ბრიტანულს, დასავლურს, ჰინდუისტურს და ასწავლიდა მხოლოდ ისლამის სასულიერო და ფილოსოფიურ ტრადიციას.
დეობანდისტები მკაცრად ყოფენ და ასხვავებენ ცოდნას - ღვთიურ გამოცხადებასა და საერო განათლებას. მედრესე უარს ამბობდა განათლების დასავლურ მოდელზე და შესაბამისად, იკრძალებოდა ნებისმიერი საგნის სწავლება, რომელსაც არ ჰქონდა პირდაპირი შეხება ყურანთან და სუნასთან.
ამგვარმა მიდგომამ დეობანდისტებს თავისებური ლოგიკა ჩამოუყალიბა, მაგალითად - ქალის მიერ საჯაროდ სახის და სხეულის ნაწილის გამოჩენა თავისთავად დანაშაული არ არის, თუმცა, ქალის ამგვარმა ქცევამ, შესაძლოა, კაცის ცდუნება ან ძალადობა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, დეობანდისტები და კერძოდ თალიბები ქალებს აიძულებენ სრულად დაფარონ თავიანთი სახე და სხეული.
ისინი მიიჩნევენ, რომ მამრობითი სქესის ექიმი ან ნებისმიერი სხვა პროფესიის კაცი ქალის მომსახურებისას შესაძლოა სექსუალურ ფანტაზიებს მიეცეს, ეს კი მათი ნორმებით აკრძალულია. სწორედ ამიტომ, დეობანდისტები ქალებს მხოლოდ თავიანთ სქესის სპეციალისტებთან სიარულის უფლებას აძლევენ.
საუკუნეების განმავლობაში ავღანეთში განსხვავებულ ისლამურ ტრადიციებს მისდევდნენ - რა თქმა უნდა, ქვეყნის უდიდესი ნაწილი შარიათის ნორმებზე დაქვემდებარებული კონსერვატორული წესით ცხოვრობდა, თუმცა ავღანეთში ფართოდ იყო გავრცელებული სუფიზმი და მასთან დაკავშირებული ტოლერანტული მიდგომებიც. 1990-იან წლებამდე ავღანეთში პრაქტიკულად არ არსებობდა მკაცრი სექტარიანული დაყოფა.
ინდოეთიდან ავღანეთში დეობანდიზმმა პაკისტანის გავლით შეაღწია - 1947 წელს ინდოეთთან ერთად დამოუკიდებლობა მიიღო პაკისტანმაც, რომელიც სამხრეთ აზიაში მცხოვრები მუსლიმების სამშობლო უნდა გამხდარიყო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პაკისტანში სხვადასხვა ისლამისტური სკოლის სწავლულები ჩადიოდნენ, მათ სურდათ ახალი ქვეყნის სახელმწიფო წყობა ისლამის მათ გაგებასა და ინტერპრეტაციას დაყრდნობოდა.
დეობანდისტურმა მედრესეებმა პაკისტანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა 1980 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა. ამ მედრესეებში რეკრუტირებული ავღანელი ლტოლვილები თუ ადგილობრივები სტრატეგიულ აქტივად იქცნენ პაკისტანის ხელისუფლების ხელში.
პაკისტანმა მიიღო საშუალება პირდაპირი გავლენა მოეხდინა ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე - საუდის არაბეთის ფინანსური მხარდაჭერით, მთელი პაკისტანის მასშტაბით, აქტიურად ვრცელდებოდა ისლამისტური ნაშრომები, იხსნებოდა ახალი ფუნდამენტალისტური მედრესეები, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს აცნობდნენ ჯიჰადის ტრადიციას.
მოგვიანებით ეს მოსწავლეები ავღანეთში "უღმერთო საბჭოელებთან" საღვთო ომში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდათ. ამ მოსწავლეებს შეიარაღებას პაკისტანური სპეცსამსახურების [ISI] გავლით აწვდიდა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველო, რომელიც ამით საბჭოთა კავშირის დასუსტებას ცდილობდა.
ამგვარად, 1980-იან წლებში პაკისტანმა მიიღო შესაძლებლობა კიდევ უფრო დაესუსტებინა ავღანეთი, რაც მომავალში გამორიცხავდა ავღანეთის პრეტენზიებს პაკისტანურ ტერიტორიებზე. საქმე ის არის, რომ ბრიტანული კოლონიზაციის პერიოდში პაკისტანსა და ავღანეთს შორის საზღვარი იმგვარად გაივლო, რომ პუშტუნების ტომი ორად გაიყო - მათი ნაწილი ავღანეთის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ნაწილი მომავალ პაკისტანში მოხვდა. ე.წ. დურანის ხაზით გაყოფილი საზღვარი წლების განმავლობაში ავღანელი მეფეების უკმაყოფილების საფუძველი იყო, რომლებიც პუშტუნების გაერთიანების და დიდი ავღანეთის იდეით გამოდიოდნენ.
საბჭოთა ინტერვენციის შემდეგ პაკისტანმა მიიღო შესაძლებლობა პრაქტიკულად გამოერიცხა პუშტუნების გაერთიანების თეორიული შანსიც კი.
გარდა ამისა, პაკისტანმა ადგილზე თავისი ფავორიტების გაძლიერებით დაასუსტა მთავარი მტრის, ინდოეთის გავლენა ავღანეთზე. ამასთანავე, ავღანეთიდან მომავალი საფრთხის გაუვნებელყოფამ პაკისტანს საშუალება მისცა კონცენტრირებულიყო მთავარ მოწინააღმდეგეზე - ინდოეთზე, რომელთანაც ქვეყანამ 4 ომი წააგო.
პაკისტანური გავლენის მთავარი იარაღი კი საბჭოთა ოკუპაციას გამოქცეული ავღანელები გახდნენ - ბევრი ავღანელი ბავშვისთვის განათლების მიღების ერთადერთი საშუალება დარულ ულუმ ჰაქანიას მედრესეში სიარული იყო.
ეს დეობანდისტური მედრესე 1980-იან წლებში მაულანა სამი ულ-ჰაქმა დააფუძნა, რომელსაც ხშირად თალიბანის მამადაც მოიხსენიებენ. სწორედ ამ მედრესეებში მიიღეს განათლება ავღანელმა მოსწავლეებმაც, მათ შორის ყანდაჰარში დაბადებულმა მულა მუჰამედ ომარმაც.
სწორედ ამ მოსწავლეებმა გადაიტანეს დეობანდიზმი პაკისტანიდან ავღანეთში და დააფუძნეს ორგანიზაცია, რომელიც მოგვიანებით თალიბანის სახელით გახდა ცნობილი. ამ ფუნდამენტალისტურ მედრესეებს უკავშირდება სახელწოდება თალიბანიც, რაც თარგმანში სტუდენტს [მოსწავლეს] ნიშნავს.
"ჩვენი ბიჭები"
ავღანეთის საბჭოთა ოკუპაცია 1989 წლის 15 თებერვალს დასრულდა - ამ დღეს მდინარე ამუდიარაზე გამავალი უბზეკეთისა და ავღანეთის დამაკავშირებელი მეგობრობის ხიდი ბოლო საბჭოთა ჯარისკაცმა გადმოკვეთა.
საბჭოთა არმიის სარდალს, გენერალ გრომოვს საზღვრის საბჭოთა მხარეს მისი 15 წლის შვილი მიხაკების თაიგულით შეეგება. საბჭოთა ოკუპაციის დასრულებასთან ერთად ბევრმა ავღანელმა შვებით ამოისუნთქა, მათ ეგონათ, რომ ომი და არეულობა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა.
საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ ქვეყანაში მალევე სამოქალაქო ომი დაიწყო - მუჯაჰიდები, რომლებმაც სახელი წითელარმიელების დამარცხებით გაითქვეს მალევე ერთმანეთს ძალაუფლებისთვის დაუპირისპირდნენ. ქვეყანა სხვადასხვა ეთნიკური სამხედრო შენაერთების, ე.წ. ვორლორდების და უცხო ქვეყნების ე.წ. პროქსი ომების არენად გადაიქცა.
1990-იანი წლების ავღანეთის ყველაზე ზუსტი ანალოგი 2012-2016 წლების სირიაა - აქ ყველა რეგიონულ მოთამაშეს თავისი პროქსი დაჯგუფება ჰყავდა, რომელსაც აიარაღებდა და აფინანსებდა. ამ დროის ავღანეთში შეხვდებოდით საუდის არაბეთის, ირანის, ინდოეთის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პაკისტანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს.
წლების განმავლობაში პაკისტანის ფავორიტი ავღანეთში ჰეზბ-ე-ისლამის [ისლამის პარტია] დამფუძნებელი გულბუდინ ჰეკმატიარი იყო. აჰმად შაჰ მასუდთან ერთად ჰეკმატიარი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ყველაზე ცნობადი მუჯაჰიდი იყო, თუმცა შაჰ მასუდისგან განსხვავებით, ჰეკმატიარი ყოველთვის პაკისტანური დაზვერვის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდა, სწორედ ის იყო ამერიკული შეიარაღების მთავარი ბენეფიციარი საბჭოთა ოკუპაციის წლებში.
ხელსაყრელი პირობების მიუხედავად, ჰეკმატიარის ფსონმა არ გაამართლა - ქაბული აჰმად შაჰ მასუდის ძალებმა აიღეს. მრავალთვიანი ალყის, რიცხობრივი უპირატესობისა და ბარბაროსული დაბომბვების მიუხედავად ჰეკმატიარი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში აშკარად მარცხდებოდა. ჰეკმატიარით გულაცრუებულმა პაკისტანმა ავღანეთში კალკულაცია შეცვალა და ახალი ჯგუფის გაძლიერება და მხარდაჭერა დაიწყო.
პაკისტანის ახალი ტაქტიკის ცენტრალური აქტორები ავღანელი დევნილების ბანაკში აღზრდილი და ფუნდამენტალისტური მედრესეების მოსწავლეები გახდნენ, რომლებიც ჯიჰადის უტოპიური სწავლებით იყვნენ შთაგონებულნი..
თალიბანის დამფუძნებლური ლეგენდის თანახმად, ყანდაჰარის პროვინციაში სამხედრო ფეოდალების უკანანო და სასტიკი მოქმედებებით შეწუხებულმა ყანდაჰარალებმა დასახმარებლად ადგილობრივ მღვდელს, მულა ომარს მიმართეს. ცალთვალა მულა ომარი მისი მუჯაჰიდური წარსულის გამო ადგილობრივებში ავტორიტეტით სარგებლობდა. ამავე ლეგენდის მიხედვით, მულა ომარმა თვალი 1989 წელს, საბჭოელებთან ბრძოლისას დაკარგა - ის რაც შესაძლოა მისი ცხოვრების დასასრული ყოფილიყო, ომარის ახალი ლეგენდის ქვაკუთხედად იქცა.
გადმოცემის თანახმად ე.წ. ვორლორდებმა ორი ადგილობრივი თინეიჯერი გოგო გაიტაცეს და გააუპატიურეს. ადგილობრივების თხოვნის შემდეგ, მულა ომარმა ყანდაჰარის მედრესეში იქადაგა და 30-მდე მოსწავლესთან ერთად ვორლორდების შტაბი შტურმით აიღო. შეპყრობილი დამნაშავეები მულა ომარმა და მისმა მიმდევრებმა წამებით მოკლეს და მათი ნეშტები ტანკის ლულაზე გადმოკიდეს.
სინამდვილეში თალიბანი პაკისტანის უწყებათშორისი დაზვერვის [ISI] კარგად დაგეგმილი და გათვლილ ოპერაცია იყო. ჰეკმატიარის კრახის შემდეგ რამდენიმე კვირაში საზღვრის პაკისტანურ მხარეს, ე.წ. ტომების სარტყელის ტერიტორიაზე ISI-იმ თალიბანის პირველი სამწვრთნელო ბანაკები დააორგანიზა. მალევე დაიწყო მომავალი ჯგუფის ლიდერების რეკრუტირება, მათი ბაზირების წერტილად კი ქალაქი ქვეტა შეირჩა, სწორედ აქ ზის თალიბანის მმართველი საბჭო ამ დრომდე - ქვეტა თალიბებისთვის მათი ისტორიის სულიერ ცენტრს წარმოადგენს.
თავდაპირველად მულა ომარის განკარგულებაში 50-მდე მებრძოლი იყო, თუმცა ყოველი წარმატებული თავდასხმისა და იერიშის შემდეგ თალიბების რიცხვი არითმეტიკული პროგრესიით იზრდებოდა. თალიბანის რიგებს უერთდებოდნენ ავღანეთის არმიის ჯარისკაცები და ადგილობრივი ვორლორდები, რომლებიც თალიბებთან წინასწარ წაგებულ ბრძოლას მათთან გაერთიანებას ამჯობინებდნენ.
საბოლოოდ, 1994 წლის გაზაფხულისთვის, მულა ომარის განკარგულებაში კარგად შეიარაღებული და საბრძოლო გამოცდილების მქონე 15 000-მდე მებრძოლი იყო. რაბანისა და მასუდის გარდამავალმა მთავრობამ - რომელიც ფუნქციური სახელმწიფოს შექმნას ცდილობდა - თალიბანის სახით ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე შეიძინა.
პაკისტანის მხარდაჭერის მიღმა თალიბანის წარმატება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით იყო განპირობებული - პირველ რიგში იმით, რომ თალიბების აბსოლუტური უმრავლესობა პუშტუნები იყვნენ, პუშტუნები კი ავღანეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია [მოსახლეობის 45%].
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სხვა ასპექტიც - საქმე ის არის, რომ 15-წლიანი შემზარავი ქაოსით, შემაძრწუნებელი კორუფციით, ვორლორდების თავგასულობითა და სისასტიკით გადაღლილი ავღანელები თალიბებს როგორც გამათავისუფლებლებს ისე ეგებებოდნენ. ხელისუფლებების კორუფცია და ყოვლისმომცველი სიღატაკე თალიბებისა და მათი შუასაუკუნეობრივი იდეოლოგიის მთავარი მოკავშირე გახდა.
პროვინციების დაკავების შემდეგ ჯერი ქალაქებზე მიდგა. 1995 წელს თალიბებმა ქალაქ ჰერათის აღება სცადეს, თუმცა ადგილზე გამაგრებულმა ისმაილ ხანმა მასუდის ძალების დახმარებით შეტევა უკუაგდო და თალიბები სასტიკად დაამარცხა. ამავე წლის შემოდგომაზე ექსტრემისტები ქაბულის გარეუბნებს მიადგნენ, თუმცა მასუდის მოულოდნელი და კარგად დაორგანიზებული შეტევის შემდეგ, მძიმე დანაკარგებით, უკან დაიხიეს.
თალიბები, რომლებსაც პაკისტანის ძლევამოსილი უწყებათშორისი დაზვერვის [ISI] დირექტორი ჰამიდ გული “ჩვენს ბიჭებად” მოიხსენიებდა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
ჰამიდ გული და თალიბები. 1994 წელი, ყანდაჰარი
თალიბანის წამყვანი ექსპერტი აჰმად რაშიდი თავის წიგნში წერს: "ორივე ფრონტზე მძიმე მარცხის შემდეგ თალიბანის სტრუქტურა ჩამოშლის პირას იყო. შეხედულება, რომ ისინი ავღანეთში მშვიდობას დაამყარებდნენ სრულად დაინგრა - ბევრი ავღანელისთვის თალიბანი ძალაუფლებისთვის მეომარ კიდევ ერთ პარტიად გადაიქცა."
ორგანიზაციის საბოლოო ჩამოშლის შიშით პაკისტანმა ჯგუფის მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერა. რამდენიმე თვეში თალიბანის პაკისტანიდან წამოსული 25 000 მებრძოლი შეურთდა, ხშირად მათ სპეცოპერაციებს ISI-ის ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ, დროგამოშვებით საქმეში ერთვებოდა პაკისტანური ავიაციაც.
მალევე ავღანეთში ჩამოვიდა სუდანიდან გაძევებული ოსამა ბინ ლადენიც. ალ-ქაიდას დამფუძნებელმა მალევე გამონახა საერთო ენა მულა ომართან და თალიბანთან არაფორმალურ ალიანსში შევიდა. ოსამა ბინ ლადენის ფულით თალიბებმა მთავრობის მხარეს მებრძოლი ბოლო ვორლორდებიც მოისყიდეს.
დამარცხებების სერიის შემდეგ, 1996 წლის 4 აპრილს, მულა ომარი საჯაროდ პირველად ჩნდება ჯალალაბადის ერთ-ერთ მეჩეთში - 1 200 მღვდლის წინაშე მულა ომარი მეჩეთის აივანზე შავი მანტიით გამოდის. ეს მანტია მეჩეთში 600 წლის განმავლობაში ინახებოდა და ლეგენდის თანახმად, ოდესღაც წინასწარმეტყველ მუჰამედს ეკუთვნოდა.
მულა ომარი თავს ამირ ალ-მუმინინად აცხადებს, რაც მართლმორწმუნეების წინამძღოლს ნიშნავს. მისი ამგვარი პერფომანსი ისლამის ტრადიციებში მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - იგი თავს ყველა მუსლიმის მმართველად მიიჩნევს, რომელმაც ისლამს ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს და სახალიფო აღადგინოს. გარდა ამისა, ომარის პერფომანსი ნიშნავდა იმასაც, რომ თალიბები შეტევაზე გადადიოდნენ.
ამ ქადაგებიდან მალევე, მოულოდნელი შეტევის შედეგად, თალიბები ჰერათს იკავებენ.
ჯერი ქაბულზეა, რომელიც ჰეკმატიარის შეტევების შედეგად პრაქტიკულად მიწასთანაა გასწორებული. ამავე წლის შემოდგომაზე ჰეკმატიარი ქაბულის ალყას ხსნის და ასპარეზს თალიბებს უთმობს. დედაქალაქში გამაგრებული მასუდი ხვდება, რომ ქალაქის დაცვა შეუძლებელია და უაზრო სისხლისღვრას ქალაქიდან გასვლას ამჯობინებს.
იწყება ქაბულის სრული ევაკუაცია, მასუდის ძალები ასი ათასობით ქაბულელთან ერთად ერთად ფანჯშირში მიდიან. ქაბულს თალიბები იღებენ.
1996 წლის 27 სექტემბერს ქაბული თალიბების წინაშე პირველად დაეცა.
აღზევება და დაცემა
ქაბულის აღებით თალიბანმა თავის კონტროლს ავღანეთის ტერიტორიის 2/3 დაუქვემდებარა. დედაქალაქის ხელში ჩაგდებისთანავე მათ შეიპყრეს მოჰამად ნაჯიბულა, საბჭოთა კავშირის მიერ დასმული მარიონეტი პრეზიდენტი, რომლის მთავრობაც 1992 წელს დაემხო.
თალიბებმა ნაჯიბულა სასტიკი წამებით მოკლეს. ნაჯიბულას და მისი ძმის ნაწამები და კასტრირებული ნეშტი კი პრეზიდენტის სასახლის ლამპიონზე ჩამოკიდეს, ეს ნათელ წარმოდგენას იძლეოდა თუ როგორი იქნებოდა თალიბების ზეობა.
მალევე თალიბანმა თავისი იდეოლოგიის ავღანურ რეალიებთან ადაპტირება დაიწყო. ამგვარად, თალიბანური დეობანდიზმი ავღანელი პუშტუნების ტომობრივი ქცევის კოდექსს შეერწყა.
ავღანური პროვინციების მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის თალიბანის მმართველობა მეტწილად მისაღები იყო. მეტიც, თალიბებმა ბარბაროსული და სასტიკი მეთოდებით მალევე შეძლეს არქაული წესრიგის დამყარება, რაც ბევრი ავღანელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
მათი მმართველობა გაცილებით უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ურბანიზებული მოსახლეობისთვის, რომლებიც ჯერ მეფის, ხოლო შემდეგ საბჭოთა ოკუპაციის დროს თალიბებისთვის კარდინალურად მიუღებელ ცხოვრების წესს ეწეოდნენ.
განსაკუთრებული რეპრესიების ქვეშ, ცხადია, ქალები აღმოჩნდნენ - თალიბანის პირობებში ქალების დეჰუმანიზაციის პროცესი დაიწყო. მათ ჩამოერთვათ პრაქტიკულად ყველაფრის უფლება - განათლების, მუშაობის, სახის გამოჩენის, ქუჩაში თანმხლები მამაკაცის გარეშე გადაადგილების. ავღანელი ქალები ბურქებში გაუჩინარდნენ და პრაქტიკულად კაცების საკუთრებად იქცნენ.
აიკრძალა მუსიკა, ფილმები, რადიო, ტელევიზია, ყველაფერი, რაც კაცობრიობამ ბოლო 1 000 წლის განმავლობაში შექმნა. სამართალწარმოება შარიათის წესებს დაეყრდნო, ფართოდ დამკვიდრდა საჯაროდ გაროზგვის და ჩაქოლვის პრაქტიკა. თითის ან კიდურის მოჭრით ისჯებოდა ნებისმიერი წვრილმანი ქურდობაც კი, სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ მასწავლებლებისთვის, რომლებიც გოგოებს ასწავლიდნენ.
თალიბანის მმართველობა მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენდა ავღანეთის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის. ქვეყანაში ყველანაირი უმცირესობის გენოციდი დაიწყო, რომლის პირველი მსხვერპლებიც ეთნიკური ხაზარები გახდნენ - შიიტური ისლამის აღმსარებლები, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ექსტრემისტების ლეგიტიმური სამიზნეები გამხდარიყვნენ.
1998 წლის ზამთარში თალიბებმა ჰინდუ კუშის მთებისკენ მიმავალი გზები დაბლოკეს, რამაც ჰუმანიტარული მისიების პარალიზება გამოიწვია. გარესამყაროს მოწყვეტილ რეგიონში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი შიმშილობდა. თალიბანის მოწყობილ შიმშილს ათასობით ხაზარი ემსხვერპლა.
1999 წელს 20 მილიონიან ქვეყანაში მხოლოდ 6 ქარხანა ფუნქციონირებდა და შესაბამისად, ლეგალური ეკონომიკური აქტივობა პრაქტიკულად აღარ არსებობდა. თალიბანის რეჟიმს შემოსავლის მხოლოდ ორი წყარო ჰქონდა - ჰეროინი და კონტრაბანდა პაკისტანიდან. ამ წლებში ავღანეთი აწარმოებდა სამჯერ უფრო მეტ ჰეროინს, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო ერთად აღებული. პაკისტანური კონტრაბანდის მოცულობა კი წელიწადში საშუალოდ 2.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც ქვეყნის მშპ-ს ნახევარს აღემატებოდა.
თალიბანის მიერ განადგურებული ვიდეო და მუსიკალური ფირები
რეჟიმი სულ ოთხმა ქვეყანამ ცნო ლეგიტიმურად - პაკისტანის გარდა თალიბანთან ურთიერთობები დაამყარა საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და თურქმენეთმა. საერთაშორისო კონტაქტების ნაკლებობას თალიბანი ოსამა ბინ ლადენის მეშვეობით აბალანსებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბინ ლადენის დახმარება თალიბებს ძვირი დაუჯდათ.
გარდა იმისა, რომ ბინ ლადენი აფინანსებდა თალიბებს, იგი ასევე ამარაგებდა ექსტრემისტებს ყურის ქვეყნებიდან წამოსული მებრძოლებით. 1990-იანი წლების მიწურულს მასუდის ჩრდილოური ალიანსის წინა ხაზზე სულ უფრო ხშირად იბრძოდნენ ბინ ლადენის რეკრუტირებული არაბები.
თალიბანის დახმარების პარალელურად ბინ ლადენი ავღანეთში თავის მთავარ პროექტს ახორციელებდა - ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში ალ-ქაიდას ათობით საწვრთნელი ბანაკი გაიხსნა, ავღანეთი ტერორისტების ბუნაგად იქცა. ბინ ლადენის აქტივობის მიუხედავად, მას მსოფლიოში სერიოზულ საფრთხედ არ აღიქვამდნენ; საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებში არ ფიგურირებდნენ თალიბებიც - ეს ყველაფერი ძალიან მალე მკვეთრად შეიცვალა.
1998 წლის გაზაფხულზე ოსამა ბინ ლადენმა ქალაქ ხოსტში პრესკონფერენცია მოიწვია, რომელზეც პრაქტიკულად აშშ-ს ომი გამოუცხადა და მსოფლიოს მუსლიმებს "მთავარ ბოროტებასთან" ბრძოლისკენ მოუწოდა.
ბინ ლადენის განცხადებებმა მულა ომარის გაღიზიანება გამოიწვია. თალიბების ლიდერმა ბინ ლადენს მოსთხოვა საჯაროდ ეღიარებინა მულა ომარი თავის ლიდერად. ბინ ლადენი ასეც მოიქცა და მომდევნო დღეს მულა ომარი თავის ამირად აღიარა, თუმცა მსოფლიოს ყურადღება ამ დროს სულ სხვა რამისკენ იყო მიმართული.
7 აგვისტოს ალ-ქაიდას შაჰიდები თავს დაესხნენ აშშ-ის საელჩოს კენიასა და ეთიოპიაში. ტერაქტის შედეგად 224 ადამიანი გარდაიცვალა. სავარაუდოა, რომ არც თალიბებმა და მათ შორის არც მულა ომარმა მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ არაფერი იცოდნენ. საელჩოების ტერაქტს ავღანეთში განთავსებულ ალ-ქაიდას ინფრასტრუქტურაზე აშშ-ის საჰაერო დარტყმები მოჰყვა. ამერიკელების მოქმედებით უკმაყოფილო მულა ომარმა ბილ კლინტონს მატყუარა და უღირსი კაცი უწოდა და მეორე დღესვე ბამიანის პროვინციაში მდებარე უძველესი ბუდას ქანდაკებები ააფეთქა.
ამ დროიდან მოყოლებული თალიბები აღარ წარმოადგენდნენ მხოლოდ ავღანელების პრობლემას - მათი მმართველობა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევად იქცა.
ოსამა ბინ ლადენი, ჯალალაბადი, 1996 წელი
სანდო წყაროების ცნობით, თალიბებმა 11 სექტემბრის ტერაქტების შესახებაც არაფერი იცოდნენ. მულა ომართან დაახლოებული პირების ინფორმაციით, მას არ სჯეროდა, რომ ბინ ლადენს აშშ-ში მასშტაბური ტერაქტების ორგანიზება შეეძლო.
თალიბებმა უარი თქვეს ჯორჯ ბუშის ულტიმატუმზე და ბინ-ლადენი ალ-ქაიდას სხვა ლიდერებთან ერთად აშშ-ს არ გადასცეს. CIA-ს კონტრ-ტერორისტული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, მილტონ ბერდენის ინფორმაციით, მულა ომარს ბინ ლადენის გადაცემა საუდის დაზვერვის უფროსმა, ტურკი ალ-ფაისალმა სთხოვა. მასთან სტუმრად ჩასულ საუდების სამეფო ოჯახის წევრს მულა ომარმა მოუსმინა, თხოვნა უკუაგდო და ერთი კითხვაც დაუსვა: "მულა ომარი დაინტერესდა, თუ როდის გახდნენ საუდების სამეფო ოჯახის წევრები ამერიკელების ლაქიები?"
2001 წლის ოქტომბრის დასაწყისში აშშ-მ და ნატოს კოალიციურმა ჯარებმა ავღანეთის გათავისუფლების სპეცოპერაცია დაიწყეს, რომლის მთავარი მიზანიც ტერორისტების განადგურება და მათი მფარველი რეჟიმის დამხობა იყო.
თალიბანთან ბრძოლაში აშშ ჩრდილოურ ალიანსს დაეყრდნო. ოპერაციამ ბრწყინვალედ ჩაიარა, თალიბების რეჟიმი პრაქტიკულად ერთ თვეში დაემხო, საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს თალიბანის უმაღლესი თანამდებობის პირები, გაანადგურეს ათეულობით ტერორისტი, თუმცა გაქცევა მოახერხა ამერიკელების მთავარმა სამიზნემ, ოსამა ბინ ლადენმა.
კოალიციურ ჯარებს ხელიდან დაუსხლტდა მულა ომარიც, რომელმაც ბინ ლადენის მსგავსად თავი პაკისტანს შეაფარა. ეს მანამდე იდეალური სამხედრო ოპერაციის პირველი ცუდი ნოტი იყო, რომელმაც მოგვიანებით ამერიკელების კარტი არია.
თალიბანი - ავღანეთის შვილები
სკოლის მოსწავლეები იმოსებიან ტურბანით საკლასო ოთახში შესვლამდე, ქაბული, 2001 წლის აპრილი
ახალი ავღანეთის მშენებლობის საქმეში აშშ იმავე აქტორებს დაეყრდნო, რომლებთანაც თალიბანის რეჟიმის დასამხობად თანამშრომლობდა. საუბარია მუჯაჰიდებზე, ჩრდილოური ალიანსის წევრებზე და ვორლორდებზე, რომლებსაც თალიბანთან მტრული ურთიერთობები ჰქონდათ.
დრომ აჩვენა, რომ ეს ხალხი ამერიკელებს გამოადგათ თალიბანის დასამარცხებლად, თუმცა მათ არ შეეძლოთ ახალი ავღანეთის მშენებლობაში კონსტრუქციული როლი შეესრულებინათ.
2001 წლის შემდეგ ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა ხალხი, რომელმაც ქვეყანა სისხლიან სამოქალაქო ომში ჩაახრჩო. ნაწილობრივ, სწორედ მათი არაკომპეტენტურობის და კორუმპირებულობის შედეგი იყო თალიბანის გამარჯვება 1996 წელს. ამ აქტორების წინა პლანზე წამოწევამ ამერიკელების ფასილიტაციით წამოწყებული პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია გამოიწვია. ავღანეთი კვლავ ვიწრო კლანური, კორუფციული ინტერესებით იმართებოდა და არსებითად კვლავ კლეპტოკრატიულ სახელმწიფოდ რჩებოდა.
გამანადგურებელმა მარცხმა თალიბანის ლიდერების მიდგომები მნიშვნელოვნად შეცვალა - სხვადასხვა სანდო წყაროს ინფორმაციით, მათი დიდი ნაწილი მზად იყო ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესში და მონაწილეობა მიეღო ახალი ავღანეთის მშენებლობის საქმეში. ცნობილია, რომ 2002 წელს ავღანეთში დაბრუნებულმა მულა აბდულ ღანი ბარადარმა წერილი მიწერა ავღანეთის ახალ ლიდერს ჰამიდ ყარზაის. ამ ცნობების მიხედვით, ბარადარი მზად იყო ამნისტიის სანაცვლოდ უარი ეთქვა ბრძოლაზე და ხელი შეეწყო საკითხის პოლიტიკური დარეგულირებისთვის.
თალიბანის ინსტიტუციონალიზაციას ემხრობოდა ჰამიდ ყარზაიც, რომელმაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ თალიბებიც ავღანეთის შვილები არიან და მათთვის კარი ღია უნდა იყოს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ჰამიდ ყარზაი და ბარადარიც პუშტუნები არიან, მეტიც - ორივე მათგანი პოპოლზაის ტომიდან არის. ამგვარი კავშირები ავღანეთში გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე პოლიტიკური განსხვავებები.
ჰამიდ ყარზაი და აბდულა აბდულა ხვდებიან თალიბანის წარმომადგენლებს
ყარზაის იმედი ჰქონდა, რომ ლეგიტიმურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვით თალიბანზე პაკისტანის გავლენას შეამცირებდა. ეს შესაძლოა ასეც მომხდარიყო, თუმცა ყარზაის იდეას მიზანმიმართულად ძირს უთხრიდა პაკისტანი და ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის ადმინისტრაციაც. პარალელურად აშშ-ში წარმოიშვა დილემა - რა უნდა ექნათ დამარცხებული თალიბებისთვის. სწორედ ამით იყო განპირობებული მათ შორის არსებული არაფორმალური ურთიერთობებიც. აშშ-ის მაშინდელმა ადმინისტრაციამ დიკ ჩეინის და დონალდ რამსფელდის მეთაურობით გადაწყვიტა, რომ "იმ ადამიანებმა, რომლებმაც შეიფარეს ტერორისტები, მათი ბედი უნდა გაიზიარონ".
ეს მორალურად მართებული, თუმცა პრაგმატულად არასწორი გადაწყვეტილება იყო. ბევრი მკვლევარის აზრით, სწორედ ეს იყო ამერიკული სტრატეგიის მთავარი შეცდომა ავღანეთში, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა მდგრადი პოლიტიკური გამოსავალი. თალიბანის პოლიტიკური პროცესიდან გათიშვა მომდევნო წლებში “ახალი ავღანეთის” პროექტის წარუმატებლობის და საბოლოოდ, ამერიკული სტრატეგიის არათანმიმდევრულობის წინაპირობა გახდა.
ქვეყანაში დაიწყო თალიბების დაპატიმრებები. მათ ალ-ქაიდას წევრების მსგავსად გუანტანამოს ბაზაზე გზავნიდნენ და ისევე ექცეოდნენ, როგორც ალ-ქაიდას ტერორისტებს.
მოგვიანებით სამართლებრივი სირთულეებისა და დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო თალიბები გუანტანამოდან უკან, ავღანეთში დააბრუნეს.
ყოფილ პატიმრებს აღარ ჰქონდათ შეთანხმების არანაირი სურვილი და მოტივირებულები იყვნენ ერთადერთი რამით - ძირი გამოეთხარათ ამერიკის ყველა ნაბიჯისთვის. ამ საქმეში თალიბების მთავარი სპონსორი კვლავ პაკისტანი იყო - ქალაქ ქვეტაში ისევ მოქმედებდა რაჰბარი შურა [ლიდერთა საბჭო] განახლებული შემადგენლობით.
სწორედ პაკისტანის შეკავება იყო წლების განმავლობაში აშშ-ის მიერ ხელდასმული ავღანეთის მთავრობის მთავარი მოთხოვნა. ამერიკის პრეზიდენტებთან ყველა შეხვედრას ჰამიდ ყარზაი სწორედ ამაზე საუბრით იწყებდა. 2009 წლის დასაწყისში, ახლადარჩეული ობამას ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყარზაის ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა. პრეზიდენტის მორიგ თხოვნაზე - ამერიკელებს დაეოკებინათ პაკისტანი, ბაიდენმა ყარზაის პირდაპირ უპასუხა, რომ ეს არ მოხდებოდა, რადგან “აშშ-ისთვის პაკისტანი 50-ჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ავღანეთი”.
ჯო ბაიდენის და ჰამიდ ყარზაის შეხვედრა 2009 წელი, ქაბული
გარდა იმისა, რომ პაკისტანი აშშ-ისთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, აშშ-ს უბრალოდ არ გააჩნდა პაკისტანზე ზეწოლის ქმედითი ბერკეტი.
ავღანეთში ამერიკული მისიის შეუფერხებელი მიმდინარეობა სწორედ პაკისტანზე იყო დამოკიდებული, რადგან ავღანეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ აშშ-ს ავღანეთში ჯარის როტაციისა და მომარაგებისთვის მხოლოდ ერთადერთი მარშრუტი ჰქონდა, რომელიც პაკისტანზე გადიოდა. გარდა ამისა, ავღანეთში შესვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონის სტაბილიზაცია იყო, მათ შორის პაკისტანისაც, რომელიც ბირთვული სახელმწიფოა.
აშშ-ის ავღანური მისიისთვის პაკისტანის მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა 2011 წელს - პაკისტანის მახლობლად ამერიკელ ჯარისკაცებსა და პაკისტანელ მესაზღვრეებს შორის შეტაკებები მოხდა, ამერიკულმა დრონმა პაკისტანელების პოსტი დაბომბა, რის შედეგადაც 22 პაკისტანელი დაიღუპა. მომხდარით აღშფოთებულმა პაკისტანმა აშშ-ის ავღანეთის მომარაგებისთვის საჭირო სახმელეთო და საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. ავღანეთის მისიის შეუფერხებლად გაგრძელებისთვის აშშ-ის მხოლოდ შემოვლითი საჰაერო გზა დარჩა, რაც საბოლოოდ ხუთჯერ ძვირი ჯდებოდა და მისიის გაგრძელებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა. დაძაბულობა აშშ-სა და პაკისტანს შორის რამდენიმე თვეში განიმუხტა.
მიმალვაში ყოფნის წლები თალიბანმა ორგანიზაციული სტრუქტურის გარდაქმნის, ტაქტიკის შესაცვლელად და გასაძლიერებლად გამოიყენა. ამის შანსი ექსტრემისტებს მალევე მიეცათ - 2003 წელს აშშ-მ ერაყის ოპერაცია დაიწყო. დროთა განმავლობაში ერაყში შექმნილმა სირთულეებმა და ალ-ქაიდას მიერ მოწყობილმა სექტარიანულმა სამოქალაქო ომმა მთლიანად წაიღო აშშ-ის ყურადღება და ფოკუსიც ავღანეთიდან ერაყზე გადავიდა.
ავღანეთში რამდენიმე მშვიდობიანი წლის შემდეგ მოძლიერებულმა თალიბანმა შეტევები განაახლა. გახშირდა ტერორისტული აქტები და ქვეყანა ქაოსის ტალღაში კიდევ ერთხელ ჩაიძირა.
ალ-ქაიდას ერაყული ფილილიალის ტაქტიკამ თალიბებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - ერაყის მსგავსად თალიბები ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით ნაღმავდნენ გზისპირა ტერიტორიებს, სულ უფრო გახშირდა თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმებიც, რაც მანამდე თალიბანის პრაქტიკაში უბრალოდ არ არსებობდა.
მათი ტაქტიკა პარტიზანული ბრძოლის თეორიის ქვაკუთხედს ეყრდნობოდა - ლიდერებმა შეიმუშავეს ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დოკუმენტი, რომელიც თითოეულ თალიბს თან დაჰქონდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ისინი უნდა დახმარებოდნენ ადგილობრივებს ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში, თავი შეეკავებინათ ძალადობისგან და მოეპოვებინათ მოსახლეობის ნდობა. აღმოჩნდა, რომ თალიბანის მიდგომა გაცილებით უფრო წარმატებული იყო, ვიდრე კოალიციური ჯარების და ეს განსაკუთრებით შეიმჩნეოდა პროვინციებში.
თალიბანის მიერ ორგანიზებულ ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 2009 წელი, ქაბული
საბოლოოდ, ეს პროცესი იმაში გადაიზარდა, რომ თალიბანს ყველა პროვინციაში თავისი ჩრდილოვანი გუბერნატორები ჰყავდა. იმ შემთხვევაში თუ ისინი ვერ ახერხებდნენ ადგილობრივების გადაბირებას საქმეში დაშინება და მუქარა შემოდიოდა. თალიბების ამ პრაქტიკას პროვინციებში “ღამის წერილების” სახელით იცნობდნენ.
1990-იანი წლების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც თალიბანის ყველაზე დიდი მოკავშირე ადგილობრივი ხელისუფლების ტოტალური კორუმპირებულობა და არაკომპეტენტურობა იყო. უკვე უცხოური დახმარებით გამძღარი ადგილობრივი ფეოდალები არაფერს აკეთებდნენ მოსახლეობის ყოფის გასაუმჯობესებლად, ხელისუფლებით იმედგაცრუებული ხალხისთვის კი ერთადერთი გამოსავალი თალიბებთან თანამშრომლობა იყო. ამერიკელი სამხედროები შიდა წრეებში ავღანეთის მთავრობას VICE-ის აბრევიატურით მოიხსენიებდნენ, რაც ითარგმნება როგორც ყოვლისმომცველი და სრულად ინტეგრირებული კრიმინალური საწარმო.
პროვინციებში ვითარების სწრაფი გაუარესების ფონზე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ავღანეთის ახალი სტრატეგია შეიმუშავა. საქმე ის არის, რომ აშშ-ს ავღანეთის მიმართულებით გაწერილი გრძელვადიანი სტრატეგია არასდროს ჰქონია და ადგილი ჰქონდა იმპროვიზირებულ პოლიტიკას, რომელიც ადმინისტრაციიდან ადმინისტრაციამდე, წლიდან წლამდე იცვლებოდა.
ამერიკული სამხედრო სარდლობის მიერ შემუშავებული ახალი მიდგომა კოალიციური ჯარების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებდა. ამერიკული კონტ-ინტერვენცია კარდინალურად განსხვავდებოდა კონტ-ტერორისტული მიდგომისგან, ახალი ამერიკული მიდგომა არსებითად ავღანური საზოგადოების გარდაქმნას და იმ ვითარების შეცვლას გულისხმობდა, რომელიც ქმნის ნოყიერ ნიადაგს ექსტრემისტული იდეოლოგიისთვის. ახალი სტრატეგიით უნდა მომხდარიყო ამ ენერგიის სხვა, კონსტრუქციული არხით წარმართვა.
რეალურად ეს ავღანური საზოგადოების გადაკეთების სურვილს წარმოადგენდა და ისეთი ცვლილებების შეტანას გულისხმობდა, რომელიც ახალ, უკეთეს მმართველობას, განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ცხოვრების დონის ამაღლებას გამოიწვევდა, რაც თავის მხრივ გაანადგურებდა და ამოძირკვავდა ექსტრემისტული და ტერორისტული იდეოლოგიის გასაქანს.
არსებითად, ამერიკული სტრატეგია არაფრით განსხვავდებოდა თალიბანის მიდგომებისგან. ამ იდეის ავტორები დევიდ პეტრეუსი და გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელი, სტენლი მაკკრისტალი იყვნენ. ბარაკ ობამა მიიჩნევდა, რომ ერაყისგან განსხვავებით, ავღანეთში აშშ-ის ინტერვენცია გამართლებული იყო, აქედან გამომდინარე, ობამა ახალ სტრატეგიას დათანხმდა.
ამერიკული კონტინგენტი ავღანეთის გზაზე, 2010 წლის ნოემბერი
სპეციალისტების აზრით ახალი სტრატეგიის შემუშავებისას დაშვებული იქნა რამდენიმე ფუნდამენტური შეცდომა, რომელმაც წინასწარვე განსაზღვრა ამ ზომების არაეფექტურობა. საქმე ის არის, რომ ადმინისტრაციამ თავიდანვე მკაცრად განსაზღვრა კონტრ-ინტერვენციის და როტაციის ვადები, ოპერაციის მიმდინარეობის მაქსიმალურ ვადად 18 თვე განისაზღვრა, რის შემდეგაც კვლავ კონტინგენტის მკვეთრი შემცირება დაიწყებოდა.
ობამას ადმინისტრაციამ დროში მკაცრად გაწერილი გეგმა წარმოადგინა - როდის რამდენი სამხედრო იქნებოდა ქვეყანაში, რა მისიებში ჩაერთვებოდნენ და რა მისიებში არ ჩაერთვებოდნენ. პრაქტიკულად, ადმინისტრაციამ დაწერა ომის სასურველი სცენარი და შემდეგ ეს სცენარი საჯაროდ გამოაცხადა.
ამ მოცემულობაში ერთადერთი, რაც თალიბანს უნდა გაეკეთებინა იყო ის, რომ კარგად გაცნობოდა ამერიკულ სტრატეგიას და მოეცადა 18 თვე, სანამ კონტინგენტის შემცირება დაიწყებოდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თალიბები სწორედ ასე მოიქცნენ.
ამერიკელების პრობლემას წარმოადგენდა ენობრივი ბარიერიც. მათი თარჯიმნები ხშირად არ ფლობდნენ ადგილობრივ დიალექტს ან არ შეეძლოთ მოსახლეობის სათქმელის სწორად გადაცემა სამხედროებისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მოსახლეობის უნდობლობაც სამხედროების მიმართ.
დამატებით პრობლემებს ქმნიდა კოალიციური სარდლობის მიერ ინიცირებული ახალი სამხედრო ტაქტიკა, რომელიც თალიბების გასანეიტრალებლად ღამის რეიდებს ითვალისწინებდა.
წლების განმავლობაში ამ პროგრამის მეშვეობით ათეულობით ექსტრემისტი გაანეიტრალეს, თუმცა ხშირად სადაზვერვო ინფორმაცია არ იყო ზუსტი. ხდებოდა ისეც, რომ სპეცდანიშნულების რაზმები სხვა სახლში უდანაშაულო ადამიანებთან შედიოდნენ ან დამნაშავეები მიმალვას ასწრებდნენ.
დამატებით სირთულეებს ქმნიდა უპილოტო დრონების შეტევები, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს მკვეთრად გაიზარდა. ხშირად დრონის შეტევები ეფექტური იყო და მართლაც აღწევდა მიზანს, თუმცა დროგამოშვებით იყო შეცდომებიც. საქმე ის არის, რომ დრონის შეტევას თითქმის ყოველთვის ახლავს ის, რასაც სამხედროები გვერდით ზიანს უწოდებენ - უდანაშაულო მსხვერპლს ან დაშავებულებს.
ამასთანავე, პრობლემას წარმოადგენდა ცოცხალი ძალის ნაკლებობაც. მაკკრისტალის და პეტრეუსის აზრით კონტრ-ინტერვენციის წარმატებისთვის საჭირო იყო დამატებით 600 ათასი ჯარისკაცი, რაზეც არცერთი პრეზიდენტი არ წავიდოდა. რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ კონტრ-ინტერვენციის პოლიტიკამ საუკეთესო შემთხვევაში მოკრძალებული შედეგები დადო.
შესაძლოა, რომ წარუმატებლობის მთავარი მიზეზი სხვა რამ იყო - ავღანეთი მეტწილად აგრარული ქვეყანაა, მოსახლეობის დაახლოებით 75% სოფლებში ცხოვრობს - ინტერვენციის მეათე წელს, ავღანეთის პროვინციების მოსახლეობის დიდ ნაწილს კოალიციურ ჯარების და პირველ რიგში ამერიკელების როლი გადაფასებული ჰქონდა. ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე სულ უფრო მეტი ავღანელი ამერიკელებს არა გამათავისუფლებლებად, არამედ ოკუპანტებად აღიქვამდნენ.
2014 წლიდან მოყოლებული აშშ-მ ავღანეთიდან საბრძოლო შემტევი ნაწილები გაიყვანა, კიდევ უფრო ადრე გავიდნენ სხვადასხვა კოალიციური ჯარები. ამ დროიდან მოყოლებული გეგმის მიხედვით, კოალიციური ჯარების მისიის უდიდესი ნაწილი ავღანეთის ხელისუფლებაზე უნდა გადასულიყო. ქვეყნის უსაფრთხოება 20-წლიანი ამერიკული ინტერვენციის პერიოდში აშენებულ ავღანეთის პოლიციას და არმიას უნდა უზრუნველეყო, თუმცა აქ კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეიქმნა.
საქმე ის არის, რომ ავღანეთის არმია თავიდან ბოლომდე ამერიკული არმიის პრინციპზე აიგო. აშშ-ის ცენტრალიზებულ არმიაში თავს იყრიან ადამიანები მთელი ქვეყნიდან, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად და მუშაობენ ერთად - ეს პრინციპი მუშაობს აშშ-ში, თუმცა არ გამოდგება ავღანეთისთვის.
ავღანეთში ჯარისკაცები ეფექტურად იბრძვიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ პასუხისმგებლობას საკუთარი თემის ან ტომის მიმართ ატარებენ. ავღანელი ჯარისკაცების უმეტესობა არ არის ლოიალური ავღანური არმიის მიმართ, არამედ ლოიალურია თავისი კლანისა და ტომის მიმართ. სწორედ ამ ლოიალობის პრინციპზეა აგებული თალიბანი, რაც მათი წარმატებული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
2014 წელს საბრძოლო კოალიციური ჯარების საბრძოლო მისიის დასრულება სინამდვილეში ავღანეთის მისიის დასრულების გენერალური რეპეტიცია და თალიბანის გამარჯვების არაფორმალური აღიარება იყო.
“ახალი ავღანეთის” პროექტზე მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა, თუმცა აშშ-ის სტრატეგიაში არაფერი ახალი არ გვინახავს - ავღანურ პოლიტიკაში კვლავ ძველი სახეები დომინირებდნენ, რომლებსაც არ გააჩნდათ მოსახლეობის ნდობა.
რეალურად, წარუმატებლობის წინაპირობა პროექტის დაფინანსებაც გახდა - აშშ-მ ავღანეთის ოპერაციაზე 2 ტრილიონ დოლარამდე დახარჯა, თუმცა ეს აშშ-ის მიერ წამოწყებული ახალი სახელმწიფოების მშენებლობის სხვა პროექტებთან [გერმანია, იაპონია, კორეა] შედარებით გაცილებით უფრო ნაკლები იყო. ბევრი ექსპერტის აზრით, ავღანური პროექტის წარუმატებლობის მიზეზი ერაყის კამპანია იყო, რომელმაც ამერიკული ადმინისტრაციის მთელი ყურადღება და დაფინანსების უდიდესი ნაწილი წაიღო. ერაყის შემდეგ ავღანეთი პრაქტიკულად მეორეხარისხოვანი მისია გახდა.
ავღანეთის პოლიტიკური გარდაქმნის წარუმატებლობაზე მეტყველებდა ყველა არჩევნები, რომელიც ქვეყანაში აშშ-ის 20-წლიანი ინტერვენციის პერიოდში ჩატარდა - არც ერთი მათგანი არ იყო რეალურად ლეგიტიმური და თითოეულ არჩევნებში ადგილი ჰქონდა მასობრივ ფალსიფიკაციას.
2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა აბდულა აბდულა, რომელიც აშრაფ ღანის მთავარი კონკურენტი იყო. საბოლოოდ, აშშ-ის მხარდაჭერით, აბდულამ ღანის ადმინისტრაციაში სიმბოლური თანამდებობა მიიღო და შედეგებიც აღიარა, თუმცა პოლიტიკური პროცესი უკვე დაზიანებული იყო. ეს კარგად აისახა ავღანეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზეც, რომელში მონაწილეობა სულ 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო, რაც 40 მილიონიანი ქვეყნისთვის ძალიან დაბალი აქტივობა იყო.
საბოლოოდ, აშშ-ის ავღანური პროექტისთვის კრიტიკული მნიშვნელობის აღმოჩნდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის გამარჯვება, რომლის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი აშშ-ის უსასრულო ომების დასრულება იყო.
ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მიზნით, ტრამპის ადმინისტრაციამ მალევე დაიწყო საიდუმლო მოლაპარაკებები თალიბანთან. ტრამპის მთავარი ამოცანა ავღანეთიდან მინიმალური დანაკარგებით და მარტივად გასვლა იყო.
დონალდ ტრამპი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, 2019 წელი
ამიტომაც, 2019 წელს, აშშ-მ ოფიციალურად ცნო თალიბანი, როგორც ავღანეთის საკითხში ლეგიტიმური წარმომადგენელი. დაიწყო შეხვედრები დოჰაში, რომელზეც თალიბანმა უარი თქვა ავღანეთის მთავრობასთან საუბარზე.
პროცესი ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დასრულდა - თალიბანი ვალდებულებას იღებდა თავს არ დასხმოდა კოალიციურ ჯარებს, მაგრამ მათგან არავის მოუთხოვია იგივე ვალდებულების აღება ავღანეთის არმიის მიმართ. თავის მხრივ, აშშ ვალდებულებას იღებდა, ავღანეთი 2021 წლის მაისამდე დაეტოვებინა. .
ბევრს საუბრობდნენ პოლიტიკურ გამოსავალზე, თუმცა გაძლიერებული თალიბანი ამით დაინტერესებული არ ყოფილა, მათთვის ნათელი იყო, რომ ავღანეთის მთავრობა მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. კიდევ ერთხელ მოხდა ისე, რომ თალიბანმა წინასწარ იცოდა რას იზამდა და როდის როგორ მოიქცეოდა მტერი, და ერთადერთი, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ, დათქმულ დრომდე მოცდა იყო.
რეალურად, ამ დროიდან მოყოლებული, ავღანეთის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში შიშმა დაისადგურა - წლების განმავლობაში ავღანეთის მთავრობა ბოლომდე არ იჯერებდა, რომ ამერიკელები შესაძლოა მართლაც წასულიყვნენ - ამ ხალხის კოშმარული სიზმრები ერთ დღეში რეალობად იქცა, რომელსაც ისინი ტოტალურად მოუმზადებლები დახვდნენ.
მოგვიანებით, ჯო ბაიდენის არჩევასთან ერთად, აშშ-ის ჯარების გაყვანის თარიღმა 2021 წლის 11 სექტემბრამდე გადაიწია, ბევრი ფიქრობდა, რომ ეს არ იქნებოდა თარიღის ბოლო ცვლილება და ამერიკელები ავღანეთში კიდევ დარჩებოდნენ, თუმცა ბაიდენი თავის გადაწყვეტილებაში მყარი აღმოჩნდა,
აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია, 2020 წლის თებერვალი. დოჰა, კატარი
ავღანეთის მთავრობისგან განსხვავებით ამერიკელების გასვლის სჯეროდა თალიბანს, რომელიც ამ თარიღს სრულ მზადყოფნაში შეხვდა. შედეგმაც არ დააყოვნა - 2021 წლის ზაფხულში თალიბანის ექსპანსია შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პარტიზანული კამპანია იყოს.
შეიძლება ითქვას, რომ თალიბების სტრატეგია სუნ ძის ფილოსოფიას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც ყველაზე დამაჯერებელი ის გამარჯვებაა, რომელშიც მოწინააღმდეგეს არწმუნებ, რომ არ გებრძოლოს.
ავღანეთის არაერთი პროვინცია და დიდი ქალაქი თალიბანმა სწორედ უბრძოლველად, მოლაპარაკებებით და დაშინებით დაიკავა. მათ წარმატებით დაარწმუნეს ან გადაიბირეს ადგილობრივი მეთაურები, რომ მათთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. თალიბებმა პრაქტიკულად გასროლის გარეშე აიღეს ქაბულიც.
თუ ავღანეთის და ავღანელი ხალხის ისტორია რამეს გვასწავლის, არის ის, რომ ეს უკიდურესად მებრძოლია ხალხია. ავღანეთი პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც არასდროს ყოფილა კოლონიზებული, რაც მათ დამოუკიდებლობის, თავისუფლების განსხვავებულ განცდას აძლევს. საუკუნეების განმავლობაში ავღანელი ხალხი ეფექტურად იცავდა საკუთარ თავისუფლებას, მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ იმის დაცვა, რაც მათთვის ძვირფასი და ფასეულია.
საველე მეთაურები, მასწავლებლები და პოლიტოლოგი - ვინ არიან ახალი ავღანეთის ლიდერები
თალიბანის დამფუძნებელი და პირველი ლიდერი მულა ომარი იყო, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი სიკვდილი თალიბებმა მხოლოდ 2015 წელს აღიარეს. ამ დროიდან მოყოლებული მათი ლიდერი კიდევ ორჯერ შეიცვალა.
მულა აბდულ ღანი ბარადარი
მულა აბდულ ღანი ბარადარი მოძრაობის ოთხიდან ერთ-ერთი დამფუძნებელია. ბარადარი 1968 წელს ურუზგანის პროვინციაში დაიბადა. სინამდვილეში "ბარადარი" არა გვარი, არამედ მულა ომარის მიერ მისთვის დარქმეული მეტსახელია, რაც თარგმანში ძმას ნიშნავს.
ცნობილია, რომ ბარადარი და მულა ომარი ჯერ კიდევ თინეიჯერობისას დამეგობრდნენ და წლების განმავლობაში მათი მეგობრობა სულ უფრო მყარდებოდა. ასევე, არის ცნობები, რომ მას მულა ომართან ნათესაური კავშირიც ჰქონდა, ერთ-ერთი ვერსიით ბარადარის ცოლი მულა ომარის დაა.
1980-იან წლებში ბარადარი და მულა ომარი ერთად ებრძოდნენ საბჭოთა ოკუპაციას. სწორედ ბარადარი იყო მულა ომარის გვერდით, როდესაც ამ უკანასკნელმა ბრძოლაში თვალი დაკარგა. საბჭოთა ოკუპაციის დასრულების შემდეგ, მულა ომარმა და ბარადარმა ყანდაჰარის პროვინციაში მედრესე დააარსეს.
ლეგენდის თანახმად, მშვიდი საგანმანათლებლო და სასულიერო ცხოვრების საშუალება, მათ ადგილობრივი ვორლორდების მოქმედებებმა არ მისცა, რის შემდეგაც ისინი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში თალიბანის სახით ჩაერთნენ. ბრძოლა 1996 წელს მათი გამარჯვებით დასრულდა.
ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით ბარადარს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, თუმცა სავარაუდოა, რომ ბარადარის გავლენა მის ოფიციალურ თანამდებობას ბევრად აღემატებოდა.
ნაცნობები და ჟურნალისტები, რომლებიც შეხვედრიან ბარადარს, მას ახასიათებენ როგორც უკიდურესად ფრთხილ და წარმოუდგენლად მკაცრი შრომის ეთიკის მქონე ადამიანს. საკითხში გათვითცნობიერებული წყაროები ამბობენ, რომ ბარადარი დღეში 18 საათი მუშაობს.
ცნობილია, რომ სწორედ ბარადარის სიფრთხილემ გადაარჩინა მულა ომარი 2001 წელს, როდესაც აშშ ყანდაჰარს ბომბავდა. მიიჩნევა, რომ სწორად მან გაიყვანა მოტოციკლეტით მულა ომარი შემთხვევის ადგილიდან და მთებში მდებარე უსაფრთხო თავშესაფარში დააბინავა.
2001 წელს აშშ-ის ინტერვენციის შემდეგ, ბარადარმა თავი პაკისტანს შეაფარა, სადაც 2010 წელს დააპატიმრეს. ამის მიზეზი პაკისტანური სპეცსამსახურების უკმაყოფილება იყო, რომელიც ბარადარსა და ავღანეთის მაშინდელ პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაის შორის მიმდინარე მოლაპარაკებებით იყო გამოწვეული.
ყარზაიც და ბარადარიც ერთ ტომს ეკუთვნიან, რაც ავღანეთში ძალიან მნიშვნელოვანია. მიიჩნევა, რომ სწორედ ბარადარმა გადაარჩინა ჰამიდ ყარზაი და მისი ძმა 2001 წელს, როდესაც ისინი თალიბების ალყაში აღმოჩნდნენ.
არსებული ცნობების მიხედვით, ბარადარის დაპატიმრების შემდეგ ყარზაი მრისხანებაში მოვიდა და ღია უკმაყოფილება გამოთქვა როგორც ამერიკულ, ასევე პაკისტანურ მხარესთან. ყარზაის აზრით, ბარადარი პაკისტანელებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით დააპატიმრეს.
2009 წელს Newsweek-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბარადარი სრულად გამორიცხავდა ამერიკელებთან მოლაპარაკებებს და ამბობდა, რომ ჯიჰადი მანამ გაგრძელდებოდა, სანამ ავღანეთს ბოლო ოკუპანტი არ დატოვებდა.
მიუხედავად ამისა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, დევიდ სენდის ცნობით, ჯერ კიდევ 2010 წელს სწორედ ბარადარი ხელმძღვანელობდა დისიდენტურ ჯგუფს თალიბანის შიგნით, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებს ემხრობოდა.
ბარადარი პაკისტანელებმა 2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს. საპატიმროს დატოვებიდან რამდენიმე დღეში იგი დოჰაში გაემგზავრა, სადაც ორგანიზაციის პოლიტიკურ ფრთას ჩაუდგა სათავეში. სწორედ ბარადარი ხელმძღვანელობდა თალიბანის დელეგაციას აშშ-სთან მიმდინარე მოლაპარაკებებში და სწორედ მან მოაწერა ხელი შეთანხმებას 2020 წლის თებერვალში.
ღანი ბარადარი თალიბანის ყველაზე საჯარო ფიგურაა. სწორედ მას მიიჩნევენ მთავარ სამხედრო სტრატეგად. ამავე ცნობების მიხედვით, სწორედ ის იდგა თალიბანის ყველა წარმატებული კამპანიის უკან.
მავლავი [მმართველი] ჰაიბატულა ახუნდზადა
მავლავი ახუნდზადაზე ცნობილი ცოტა რამაა.
ის დაახლოებით 60 წლისაა. სწორედ ახუნდზადამ შეცვალა მულა ომარის პირველი შემცვლელი, ახტარ მანსური, რომელიც 2016 წელს აშშ-ის სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
არსებული ინფორმაციით ახტარ მანსურს არ ჰქონდა ძლიერი პოზიციები და ის დაპირისპირებული იყო სხვადასხვა გავლენიან წევრებთან, თუმცა სწორედ მანსურმა დაასახელა ახუნდზადა თავის მოადგილედ და პოტენციურ ადგილმონაცვლედ.
საბჭოთა ოკუპაციის წლებში ათასობით ავღანელის მსგავსად ახუნდზადას ოჯახი საცხოვრებლად პაკისტანში გადავიდა, ხოლო თვითონ მუჯაჰედური წინააღმდეგობის რიგებს შეუერთდა.
თალიბანის პირველი მთავრობის წლებში ახუნდზადა ძირითადად დაკავებული იყო რელიგიისა და სამართალწარმოების საკითხებით. სწორედ მას მიიჩნევენ თალიბანის მიერ გამოცემული ფეტვების ერთადერთ ავტორად.
ამერიკული ინტერვენციის შემდეგ, თავისი კოლეგების მსგავსად ახუნდზადამ თავი პაკისტანს შეაფარა. ახუნდზადა ასწავლიდა და ქადაგებდა ქალაქ კუჩლაკის ერთ-ერთ მედრესეში. კუჩლაკი ქალაქ ქვეტასთან ახლოს მდებარეობს, სწორედ კვეტაში ზის თალიბანის მმართველების კოლეგიალური ორგანო - ქვეტა შურა.
2019 წელს ქალაქ ქვეტას მახლობლად ერთ-ერთი მეჩეთში მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა ახუნდზადას შვილი და ძმა.
მიუხედავად იმისა, რომ ახუნდზადა ნომინალურად თალიბანის უპირობო ლიდერია, სავარაუდოა, რომ მისი ძალაუფლება არ არის აბსოლუტური. მეტიც, შესაძლოა ის ორგანიზაციის ყველაზე გავლენიანი ლიდერიც არ იყოს.
საქმე ის არის, რომ მულა ომარის სიკვდილის შემდეგ ორგანიზაციის მმართველობის სტრუქტურა ფუნდამენტურად შეიცვალა - უფლებამოსილებები, რომელსაც მულა ომარი ერთპიროვნულად ფლობდა, დღეს მრავალ ადამიანზე ნაწილდება.
თალიბანის ამირს ამჟამად ჰყავს ორი მოადგილე - თავის მხრივ ლიდერთა სამეული უხუცესების საბჭოს ეყრდნობა. არსებობენ სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები, რომლებიც განაგებენ ყველაფერს - სამხედრო ნაწილიდან ჯანდაცვის საკითხებამდე - ისინი არსებითად მინისტრები არიან. ორგანიზაციული იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე საველე მეთაურები და ჩრდილოვანი გუბერნატორები დგანან.
სირაჯუდინ ჰაკანი
სირაჯუდინ ჰაკანი 1980-იან წლებში ერთ-ერთი გამორჩეული მუჯაჰედი და საველე მეთაურია. წლების განმავლობაში ჰაკანიმ თავისი მძლავრი და დამოუკიდებელი ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომელიც პაკისტანის სპეცსამსახურების ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდა.
თალიბანთა გაერთიანებამდე ჰაკანი ხელმძღვანელობდა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც "ჰაკანის ქსელის" სახელით იყო ცნობილი, უმცროსი ჰაკანი თალიბანის რიგებს ფორმალურად 2015 წელს შეუერთდა.
სწორედ ის მიიჩნევა ქაბულის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორად, რომელსაც 6 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რთული სათქმელია რამდენად შეიძლება ჰაკანი თალიბანის წევრად მივიჩნიოთ - ის აკონტროლებს თავის დაჯგუფებას, რომელიც წლების განმავლობაში გაცილებით უფრო ახლოს იყო ალ-ქაიდასთან, ვიდრე თალიბანთან და დღემდე ავტონომიურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს.
სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში სირაჯუდინ ჰაკანის გავლენა ორგანიზაციაზე სულ უფრო მზარდია.
შანხაის ანტი-ტერორისტული თანამშრომლობის ორგანიზაციის ცნობით, სირაჯუდინ ჰაკანი ხელმძღვანელობს პეშავარის შურას, რომელიც, თავის მხრივ, კონკურენციაში ქვეტის შურასთან.
მულა მუჰამედ იაქუბი
იაქუბი თალიბანის დამფუძნებლის, მულა ომარის ვაჟია, სწორედ ის განიხილებოდა ორგანიზაციის ახალ ლიდერად 2016 წელს ახტარ მანსურის მკვლელობის შემდეგ.
შეხვედრის დამსწრე ერთ-ერთი ანონიმური პირის ინფორმაციით, თალიბანის დამფუძნებლებმა და უხუცესებმა მულა ომარი ლიდერობისთვის გამოუცდელად მიიჩნიეს. ერთ-ერთი ვერსიით იაქუბმა უარი თქვა ლიდერობაზე და ხელმძღვანელობა ჰაიბატულ ახუნდზადას თვითონ შესთავაზა.
იაქუბი დაახლოებით 30 წლისაა. მიიჩნევა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ის ავღანეთის ყანდაჰარის პროვინციაში ცხოვრობს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების ცნობით, მულა იაქუბი მოზომილი თალიბების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც აშშ-ის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ემხრობოდნენ. მულა იაქუბს ახლო კავშირები აქვს საუდის არაბეთთანაც.
ავღანელი ჟურნალისტის, ფრად ბეჟანის ცნობით, მულა იაქუბმა რელიგიური განათლება მამის მსგავსად, პაკისტანის მედრესეებში მიიღო.
შერ მოჰამად აბას სტანიკზაი
აბას სტანიკზაი 1963 წელს ლოგარის პროვინციაში დაიბადა. 17 წლის ასაკში ჩაირიცხა ავღანეთის სამეფო არმიის რიგებში, ხოლო მოგვიანებით სამხედრო განათლება მიიღო ინდოეთში. საბჭოთა ოკუპაციის მიჯნაზე უარი თქვა ავღანეთის არმიაში სამსახურზე და შეუერთდა მუჯაჰედურ წინააღმდეგობას.
თალიბანის პირველი მთავრობის წლებში ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იმ პერიოდში, როდესაც მულა ომარი ქვეყანას ყანდაჰარიდან მართავდა, სწორედ სტანიკზაი ესწრებოდა საერთაშორისო შეხვედრებს და იძლეოდა ინტერვიუებს ინგლისურ ენაზე.
ბოლო წლების განმავლობაში სტანიკზაი ხელმძღვანელობდა თალიბების დელეგაციებს მოსკოვში, ჯაკარტასა და ტაშკენტში.
აბდულ ჰაკიმ ჰაკანი
54 წლის ჰაკიმ ჰაკანი ყანდაჰარის პროვინციაში დაიბადა. 2020 წელს თალიბანის დელეგაციების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჰაკანიმ აბას სტანიკზაი შეცვალა. თალიბანის მმართველობის წლებში ხელმძღვანელობდა ყანდაჰარის სასამართლოს და ასწავლიდა ქალაქის მთავარ მედრესეში.
2015 წელს დაინიშნა სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელად, ამ დროიდან მოყოლებული გამოცემული აქვს არაერთი ფეტვა.
სწორედ ჰაკიმ ჰაკანი მიიჩნევა რელიგიური და სამართალწარმოების საკითხების საუკეთესო მცოდნედ. განათლება მიიღო დარულ ულ-ჰაკანიას მედრესეში, სარგებლობს ჰაიბატულა ახუნდზადას სრული ნდობით.