-

1994 წელს ჰამბურგში კონფერენცია მიმდინარეობდა, სადაც ახლად დამოუკიდებელი ესტონეთის პრეზიდენტმა, თავისი სიტყვის დიდი ნაწილი, ბალტიური სახელმწიფოების საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ შედეგებზე საუბარს მიუძღვნა.

ლენარტ მერიმ მაშინ აღნიშნა, რომ კრემლი ეთნიკური რუსების თემით მანიპულირებდა, რის გამოც უარს ბალტიისპირეთიდან ჯარის გაყვანაზე. მისი პროგნოზით, რუსულენოვანი უმცირესობების თემის გამოყენებით, რუსეთი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა საერთაშორისო უსაფრთხოებას.

კონფერენციაზე იმყოფებოდა დელეგაცია, სანქტ-პეტერბურგიდან, მათ შორის ქალაქის ვიცე-მერი, ვლადიმირ პუტინი. ესტონეთის პრეზიდენტის სიტყვამ პუტინის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა.

უკვე პრეზიდენტის რანგში, ვლადიმირ პუტინმა, საბჭოთა კავშირის დაშლას, მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. ესტონელი, ლიეტუველი და ლატვიელი ხალხისთვის, მეოცე საუკუნის უდიდესი კატასტროფა კი სწორედ სსრკ-ს შექმნა იყო.

 

ესტონეთის პრეზიდენტი ლენარტ მერი

19 წლის წინ ბალტიური სახელმწიფოები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსში გაწევრიანდნენ. ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას, ვაშინგტონში ზოგი ამერიკული საგარეო პოლიტიკის უდიდეს მიღწევად, ზოგიც კი არარაციონალურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

ხოლო რუსეთში, ბალტიური სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანებას, თითქოსდა "კოლექტიური დასავლეთის" მიერ 1990-იან წლებში, ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოების შესახებ გაცემული დაპირების დარღვევად მიიჩნევენ. 

ალბათ სწორი იქნება თუკი ვიტყვით, რომ ბალტიური სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანების ისტორია, მედიაშიც და პოლიტიკაშიც ძირითადად 'დიდი მოთამაშეების' პერსპექტივიდან არის მოყოლილი. ამ ფონზე, ზოგიერთს უჩნდება განცდა, რომ ეს სახელმწიფოები რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკური თამაშის მონაწილეები იყვნენ.

ცხადია, დიდ მოთამაშეებს შორის დინამიკა დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავდა შესაძლებლობების ლიმიტებს აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოებისთვის, მაგრამ შეხედულება, რომ ბალტიური სახელმწიფოების ბედი მხოლოდ მოსკოვსა და ვაშინგტონის შიდა პოლიტიკურ დინებებზე იყო ჩამოკიდებული, ფუნდამენტურად არასწორია.

ეს შეხედულება არ ითვალისწინებს ყველაზე მნიშვნელოვანს - ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის წამყვან როლს პროცესში.

ბალტიურმა სახელმწიფოებმა იმოქმედეს ჭკვიანურად და მაქსიმალურად გამოიყენეს ის შესაძლებლობები, რაც მათთვის სსრკ-ს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა.

"არ გადაგვიხადოთ მადლობა ჩვენ, ნატოში გაწევრიანების კრედიტი მთლიანად ბალტიურ სახელმწიფოებს ხალხებს და მთავრობებს ეკუთვნით. მათ გააკეთეს ყველაფერ, რაც უნდა გაეკეთებინათ და ამით შექმნეს პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც მოგვიანებით ჩვენ, მათმა დასავლელმა მეგობრებმა, გამოვიყენეთ,"- 2017 წელს ეს განცხადება ამერიკელმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა გააკეთა.

მართლაც, ბალტიური სახელმწიფოების წარმატებულმა რეფორმები, მათი დაუღალავი სწრაფვა ალიანსისკენ და მეგობრების დარწმუნების უთვალავი მცდელობა, ამ ისტორიული გადაწყვეტილების უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური ნაწილია. 

"ისტორიული რუსეთის ნაწილი"

დღეს ასევე გავრცელებულია წარმოდგენა, რომ მხოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, ბალტიური სახელმწიფოებისთვის წინასწარ განსაზღვრული მოცემულობა იყო.

სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად იყო. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, დომინირებდა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ გეოპოლიტიკურ გზაგასაყარზე მდებარე პატარა სახელმწიოფებისთვის, ნატოში გაწევრიანება ნაკლებად რეალური და სახიფათო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ ბალტიური სახელმწიფოებისთვის შეინარძუნა ღია კარის პრინციპი, დასავლურ სტრუქტურებში მათი გაწევრიანების იდეას, ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში, სკეპტიკურად უყურებდნენ.

1996 წელს, აშშ-ს შიდა პოლიტიკის დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ბალტიური სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი მხარდაჭერის მოპოვება, სენატში - "მარტივი საქმე არ იქნებოდა".

ამავე წელს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის RAND Corporation-ის გახმაურებული კვლევა, რომლის ავტორებიც ნატოს გაფართოებას ემხრობოდნენ.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, რობერტ ნიურიკი, ამ თემაზე მიმდინარე დებატების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპიკერი გახდა. იგი იხსენებს, რომ ვაშინგტონის აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში ბალტიური სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა "ძალიან უცნაურ იდეად" მიაჩნდათ. 

ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგებოდნენ თავდაცვის ყოფილი მდივანი, უილიამ პერი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი და სსრკ-ს შეკავების დოქტრინის ავტორი, ჯორჯ კენანი. პერიც და კენანიც წერდნენ, რომ ბალტიური სახელმწიფოები, ისტორიულად, უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ რუსეთის შემადგენლობაში, ვიდრე დამოუკიდებლები ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს ნაწილი.

 

ჯორჯ კენანის მოსაზრება ნატოს გაფართოების შესახებ New York Times

საკითხს მწვავე მოწინააღმდეგეები სენატშიც გამოინახნენ. ვერმონტის ახალგაზრდა სენატორმა, ბერნი სანდერსმა, ბალტიური სახელმწიფოების ალიანსში გაწევრიანების იდეას "ფუნდამენტურად გაუმართლებელი" უწოდა. თავის გამოსვლაში სანდერსი აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს ლოურენს იგლბერგერს ციტირებდა, ხოლო თავის მხრივ იგლბერგერი წერდა, რომ ამ იდეის განხილვაც კი დაუშვებელი იყო.

ამ იდეას დიდი ბარიერები შეხვდა ევროპის კონტინენტზეც. იმ დროს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, თავის ევროპელ კოლეგებთან გამართულ საუბრებს შემდეგნაირად იხსენებს - "ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ კარგი ქვეყანა გვაქვს, რომ შთამბეჭდავი იყო ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, მაგრამ ნატოს წევრი ვერასდროს გავხდებოდით."

ცხადია, ყველაზე მწვავე წინააღმდეგობა რუსეთისგან მოდიოდა. კრემლში ბალტიურ ქვეყნებს, უფრო მეტად დასავლური ტიპის სახელმწიფოებად აღიქვამდნენ, ვიდრე მაგალითად უკრაინას, რომელიც იმპერიულ ცნობიერებაში, პრაქტიკულად რუსეთის გაგრძელებად აღიქმებოდა.

მიუხედავად ამისა, იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი მოაზროვნე, სერგეი კარაგანოვი ამბობდა, რომ ბალტიური სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანების შანსი, ნულზე დაბალი იყო. 

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ დასუსტებული რუსეთის პირობებშიც, ბალტიური სახელმწიფოების მხრიდან გეოპოლიტიკური გარღვევის შანსი, საეჭვოდ დაბალი ჩანდა. 

დრო არ დაუცდის პატარა ერებს

საბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ძალიან მკაფიო იყო ბალტიური სახელმწიფოების მყარი გადაწყვეტილება გეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.

ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში სწორად მიხვდნენ, რომ გასული საუკუნის მიწურული, წარმოადგენდა ისტორიულ გამონაკლისს, შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1993 წლის შიდა პოლიტიკის დოკუმენტში, ძალიან მკაფიო იყო ახლად დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტრატეგიულ განწყობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი მარტივია: ჩვენ მცირე დრო გვაქვს და დრო არ დაუცდის პატარა ერებს.

მსგავს განწყობას ასხივებდა ლატვიის იმდროინდელი პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრეიბერგა - "პატარა ერები მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ და როდესაც ისტორიის მსვლელობაში ბზარები ჩნდება, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვცადოთ ამ მომენტის გამოყენება."

ბალტიური სახელმწიფოების ლიდერები ხვდებოდნენ, რომ რუსეთის დაღმასვლამ და აშშ-ს ძლევამოსილების ზენიტმა, მათ მანევრირებისთვის დიდი შესაძლებლობა მისცა. შესაბამისად, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო მკაფიო და შედეგიან, სანამ კრემლი ძალებს აღიდგენდა.

ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ საერთაშორისო პოლიტიკაში გზის გაკვლევა დამოუკიდებლობის მოპობიდან მოკლე დროში დაიწყეს და წინ არაერთი სირთულე დახვდათ.

1992 წლის ზაფხულში, როდესაც პენტაგონმა რიგაში სამხედრო მრჩეველების პირველი გუნდი გაგზავნა, ქალაქში უჩვეული სურათი შეიქმნა. დედაქალაქის ქუჩებში ერთმანეთს ამერიკელი და რუსი სამხედროები ენაცვლებოდნენ.

ამ დროისთვის, სამივე ბალტიურ სახელმწიფოში განთავსებული იყო წითელი არმიის მრავალათასიანი კონტინგენტები. ესტონეთში ჯერ კიდე ფუნქციონირებდა საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავების საწვრთნელი ცენტრი, ლატვიაში კი ანტი-ბალისტიკური რადარების უზარმაზარი სისტემები.

ბილ კლინტონი და ბალტიური ქვეყნების პრეზიდენტები - რიგა 1992

სწორად სამხედრო ნაწილების საკითხი წარმოადგენდა დაპირისპირების ძირითადად საგანს - კრემლს სურდა, რომ ბალტიურ რესპუბლიკებში არსებული სამხედრო ნაწილები 2002 წლამდე შეენარჩუნებინა, რასაც მწვავე წინააღმდეგობა მოჰყვა.

საზღვარგარეთ, დიპლომატიური წარმომადგენლობის ნაკლებობის ფონზე, ბალტიური სახელმწიფოების ლიდერები მაქსიმალურად იყენებდნენ ნებისმიერ ტრიბუნას, მათი პრობლემების წარმოსაჩენად.

1992 წელს, როდესაც რიო-დე-ჟანეიროში საერთაშორისო ლიდერები კლიმატის საკითხების განსახილველად შეიკრიბნენ, ბალტიელებმა, ტრიბუნა, ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენეს, ისინი ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ მეგობრები რუსული ჯარების მათი ტერიტორიიდან გაყვანის მნიშვნელობაში.

ამ თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ შეასრულა. სწორედ ვაშინგტონის მცდელობის შედეგად გაფორმდა ბალტიის ქვეყნების სამხედრო გაყრა რუსეთთან. რეტროსპექტიულად თუ შევხედავთ, რუსული ჯარების გაყვანაზე შეთანხმება, ნატოში გაწევრიანების გზაზე, საკვანძო მომენტს წარმოადგენდა - ამ გადაწყვეტილების მიუღებლად, ბალტიური სახელმწიფოების ბედი, შესაძლოა სხვაგვარი ყოფილიყო.

ესტონელი დიპლომატის იური ლუიკის თქმით, ბალტიის სახელმწიფოებში განთავსებული სამხედრო ნაწილები, კრემლის ყველაზე ძლიერი კარტი იყო, რომლის გამოყენებითაც, მოსკოვს რეგიონის დესტაბილიზაცია შეეძლო. 

დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, ბალტიელი ლიდერების სტრატეგიული მიზანი ნატოში გაწევრიანები იყო, თუმცა საწყის წლებში, ამის არტიკულირება უმეტესად დახურულ ფორმატში ხდებოდა.

ისინი ფიქრობდნენ, რომ ნატოში გაწევრიანებაზე გახშირებული საუბრები, ხელს შეუშლიდა რუსული ჯარების გაყვანის პროცესს. 1995 წლის მიწურულს, მას შემდეგ, რაც რეგიონი ბოლო რუსმა ჯარისკაცმა დატოვა, ბალტიელებმა ნატოზე საუბარი ღიად და ყველა შესაძლო ტრიბუნის გამოყენებით დაიწყეს. ამ დროისთვის, ლატვიის პრეზიდენტს უკვე გაგზავნილი ჰქონდა წერილი, რომელშიც ქვყნის ალიანსში მიღებას ითხოვდა.

მალევე გასაგები გახდა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, გაცილებით უფრო რთული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბალტიური სახელმწიფოები, ამ გზაზე, ინდივიდუალურად წავიდოდნენ.

გავიხსენოთ, რას ამბობდა ლატვიის ყოფილი ელჩი აშშ-ში

ჩვენთვის გასაგები იყო, რომ ვაშინგტონი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა თანახმა, თუ სამივე სახელმწიფო ერთიანად ვიმოქმედებდით.

თავდაპირველად, აშშ-ს და ბალტიური სახელმწიფოების ურთიერთობებში იყო უნდობლობის და გაუგებრობის ეპიზოდებიც. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც ლატვიის თავდაცვის მინისტრის სურვილი პენტაგონში ისე გაიგეს, რომ F16-ის ტიპის 1,000 გამანადგურებლის გადაცემა იყო მოთხოვილი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ლატვიელი ჩინოვნიკი, M16-ის ტიპის ავტომატურ იარაღს გულისხმობდა.

იმდროინდელ დიპლომატიურ სამზარეულს იხსენებს სტროუბ ტელბოტიც, კლინტონის ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურა. მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ბალტიური სახელმწიფოები ნატოს გაფართოების პირველ ტალღაში ვერ მოხვებოდნენ, ესტონეთის პრეზიდენტი მოულოდნელად ჩნდებოდა სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

"ის ცდილობდა დავერწმუნებით, რომ თუ კი იალტა განმეორდებოდა და მათი ქვეყნები კვლავ ბორტს მიღმა დარჩებოდნენ, ამას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა",- ამბობს ტელბოტი.

საბჭოთა ტანკების ერთ-ერთი ბოლო კოლონა ტოვებს ლატვიას

თავდაპირველი იმედგაცრუებების მიუხედავად, ბალტიური სახელმწიფოები მტკიცედ ჩაერთნენ ნატოს სხვადასხვა პროგრამებში და მყარად მიყვებოდნენ დასახულ გზას. უკვე 1997 წელს, ბალტიის სახელმწიფოების ნატოში შესაძლო გაწევრიანების სანაცვლოდ, ბორის ელცინმა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთის რუსეთის ცალმხრივი უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა.

კრემლის შეთავაზებას ბალტიურმა სახელმწიფოებმა მალევე მკაცრი უარით უპასუხეს - ნებისმიერი მსგავსი შეთანხმება, მათთვის რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას ნიშნავდა. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოში გაწევრიანება მათთვის ეგზისტენციალურ საკითხად განიხილებოდა. უკვე 30 წელია, რაც რუსეთი ცდილობს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი, აშშ-ს მზაკვრულ გეგმად წარმოადგენს, ეს მაშინ, როდესაც, ამ პროცესს საფუძველი, თავად ამ სახელმწიფოების ორგანულმა და დემოკრატიულმა მოთხოვნამ დაუდო.

"The God help those who help themselves"

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების თანამედროვე კრიტიკა ძირითადად დაფუძნებულია წარმოდგენაზე, რომ ბალტიის სახელმწიფოების გაწევრიანების პროცესი, მეტწილად ემოციური და სპონტანური იყო, რომელსაც თან არ ახლდა შესაბამისი პოლიტიკური პროცესი.

ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ნატოს გაფართოების გადაწყვეტილება დასავლეთის 'ისტორიული დანაშაულის' განცდით იყო განპირობებული და სწორედ ამან უბიძგა დასავლეთს, გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების სასარგებლოდ გადაეწერათ.

მორალური ვალდებულებების განცდის დანახვა აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირების იმდროინდელ განცხადებებში მართლაც იკითხება, თუმცა წარსულის ტრაგედიები ნამდვილად არ ყოფილა გადამწყვეტი ფაქტორი. ამ გზაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ბალტიური სახელმწიფოების მიერ განხორციელებული სწრაფი და ეფექტური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები იყო, რომლის შედეგადაც, სამივე მათგანი ფუნქციურ დემოკრატიად ჩამოყალიბდა.

ჩვენ მალევე გავიაზრეთ, რომ არგუმენტი - 'ჩვენ ეს გვეკუთვნის' შორს წაგვიყვანდა. ჩვენ მივხვდით, რომ ამ გაგებით დასავლეთი ლუთერანულია და არა კათოლიკური - ღმერთი ეხმარება მათ, ვინც თავის თავს ეხმარება.

ეს სიტყვები მერლე მაიგრეს, ესტონეთის ერთ-ერთი წამყვანი დიპლომატს ეკუთვნის.

ბალტიურ სახელმწიფოებს სწრაფად უნდა ემოქმედათ, მათი მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალო იყო სამხედრო შესაძლებლობების კუთხით. თავდაპირველად, დასავლეთი უარს ამბობდა ბალტიის სახელმწიფოებისთვის იარაღის მიყიდვაზე. იარაღის ემბარგო, ვაშინგტონმა მხოლოდ 1994 წელს მოხსნა.

საკუთარ არმიებში დასავლური ტრადიციის სწრაფი ინტეგრირებისთვის - ესტონეთმა და ლიეტუვამ გენერალური შტაბის ხელმძღვანელებად, ბალტიური წარმომავლობის ამერიკელი გენერლები დანიშნეს.

ბალტიური სახელმწიფოები ენთუზიამზით ერთვებოდნენ გაეროს სამშვიდობო მისიებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია ასევე ჩაერთნენ ავღანეთის და ერაყის სამხედრო ოპერაციებშიც. ავღანეთის ოპერაციაში, ესტონეთის დანაკარგები, კოალიციურ ძალებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. მიუხედავად სირთულეებისა, საერთაშორისო მისიებში ჩართულობას ბალტიური სახელმწიფოები ნატოსთან დაახლოების ეფექტურ გზად მიიჩნევდნენ.

გაწევრიანების პროცესის გზაზე, ამერიკელები ყურადღებით აკვირდებოდნენ ბალტიური სახელმწიფოების შიდა პოლიტიკას, დემოკრატიულ და საბაზრო რეფორმებს, უმცირესობების უფლებრივი მდოგომარეობის პროგრესს და ანტი-კორუფციულ ინსტიტუციების მშენებლობას.

"ბალტიის სახელმწიფოებს წელიწადში რამდენიმეჯერ ვსტუმრობდი, ვცდილობდით გაგვერკვია ღირდა თუ არა ეს დემოკრატიები ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლის რისკის ფასად. რეფორმების შედეგი მართლაც თვალსაჩინო და მკაფიო იყო."- აშშ-ს სახელმწიფო მდივნის იმდროინდელი თანაშემწე, ჰიზერ კონლი, ამ პროცესს დეტალურად იხსენებს.

მცირე შანსის მიუხედავად ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ წარმოუდგენელი სისწრაფით მოახერხეს, რომ პრაქტიკულად ფერფლიდან აღედგინათ დემოკრატიული ინსტიტუტიები.

"ეს ერები აღმოჩნდნენ საუკეთესო რეფორმატორები, ბალტიის სახელმწიფოები იყვნენ ყველაზე უფრო მეტად მონდომებულები, შეექმნათ ახალი არმია და მხარი დაეჭირათ დემოკრატიისთვის გლობალურ დონეზე,"- ამბობს კურტ ვოლკერი. 

9/11-ის ფაქტორი 

ბევრი კომენტატორის აზრით, ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის 11 სექტემბრის ფაქტორითაც იყო განპირობებული, თუმცა უფრო დეტალურ "ინსპექციას", ეს მოსაზრებაც ვერ უძლებს.

ამ დროისთვის, ბალტიის სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანების პროცესი უკვე საკმაოდ ღრმად იყო ჩაშვებული. მთავარი მინიშნება იმის შესახებ, რომ ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია მართლაც ნატოს წევრობის გზაზე იდგნენ, ჯორჯ ბუშის მიერ პოლონეთში წარმოთქმული სიტყვა გახდა.

"ყველა ევროპულ დემოკრატიას, ბალტიის ზღვიდან - შავ ზღვამდე, ნატოში გაწევრიანების თანაბარი შანსები უნდა ჰქონდეთ,"- განაცხადა 2001 წლის ზაფხულში ჯორჯ ბუშმა.

ბალტიელი პოლიტიკოსები იხსნებენ, რომ ბუშის სიტყვას, სამივე დედაქალაქში შამპანურების გახსნა და ზეიმი მოჰყვა. ბალტიის სახელმწიფოებს მხარდაჭერა აღუთქვეს გავლენიანმა ამერიკელმა სენატორებმა, რიჩარდ ლუგარმა და ჯონ მაკკეინმა.

საკითხთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა  ჰენრი კისინჯერმაც, რეალიზმის სკოლის ყველაზე გავლენიანმა წარმომადგენელმა. 2001 წლის აგვისტოში, Washinton Post-ის სვეტში ის წერს - "უკვე შეუძლებელი ბალტიური დემოკრატიების მოთხოვნებისა გადადება და იგნორირება."

კულუარებში, ბალტიის სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანებას კრემლიც შეეგუა. ამერიკელი დიპლომატი, რონ ასმუსი იხსენებს დიალოგს რუსეთის ელჩთან, რომელიც 2001 წლის 10 სექტემბერს შედგა. შეხვედრის დროს, რუსეთის ელჩმა ასმუსს განუცხადა, რომ მოსკოვი შეეგუა ბალტიის სახელმწიფოებში ნატოს გაფართოების გადაწყვეტილებას და გასარკვევი მხოლოდ ის რჩებოდა, თუ რას მიიღებდა რუსეთი სანაცვლოდ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ 11 სექტემბრის ტერაქტებამდე იყო მიღებული.

ჯორჯ ბუში - პოლონეთი 2001 წელი

დღეს რუსული პროპაგანდა ირწმუნება, რომ ბალტიის ნატოში გაწევრიანებით დაირღვა დაპირება, რომელიც დასავლეთმა, რუსეთს თითქოს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მისცა. კრემლის მტკიცებით, ამ ნაბიჯით დასავლეთმა წითელი ხაზები გადაკვეთა.

დღევანდელი რიხიანი განცხადებების ფონზე, საინტერესოდ ჩანს კრემლის იმდროინდელი განცხადებები - მოსკოვის რეაქცია გაცილებით უფრო მოკრძალებული და რაციონალური იყო. 

"თქვენ მკითხეთ ვეწინააღმდეგებით თუ არა ბალტიის სახელმწიფოებში გაწევრიანებას. ამ კითხვაზე პასუხი შეუძლებელია იყოს კი ან არა. ჩვენ ვერ ავუკრძალავთ სხვა ერებს საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მათთვის სასურველი არჩევანი გააკეთონ,"- ამბობს ვლადიმირ პუტინი, ამერიკის საზოგადოებრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამ საკითხზე კიდევ ერთ ინტერვიუში ისაუბრა ვლადიმირ პუტინმა, სადაც იგი ამბოდა, რო "ბალტიის სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანება, რუსეთისთვის ტრაგედიას არ წარმოადგენს."

ცხადია, ეს განცხადებები არ ატარებს მხარდაჭერის სულისკვეთებას, თუმცა ისტორიული სტანდარტით, არც მწვავე წინააღმდეგობის გამომხატველია. რუსეთში აშშ-ს იმდროინდელი ელჩის, ალექსანდრ ვერშბოუ თქმით, მსგავსი განწყობები იყო მოსკოვშიც და ამ საკითხთან დაკავშირებით, წუხილები იშვიათად ისმოდა.

აშშ-ს პოზიციის სიმტკიცეს მალევე მოჰყვა ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ევროპელი ლიდერების პოზიციის ცვლილებაც - ბალტიურ სახელმწიფოებს მხარდაჭერა აღუთქვა გერმანიის იმდროინდელმა კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ჟაკ შირაკმა და იტალიის პრემიერმა, ჯულიანო ამატომ.

2004 წლის პირველ აპრილს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინასთან ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის დროშები აღიმართა. 

გეოპოლიტიკური გარღვევა

 

ბალტიური სახელმწიფოების ნატოში გასაწევრიანებლად საჭირო იყო გარკვეული გარემოებების დამთხვევა. ცივი ომის დასრულების შემდეგ მომხდარმა ცვლილებებმა და რუსეთის ისტორიულმა დაღმასვლამ, ბალიტიური სახელმწიფოებისთვის დიდი შესაძლებლობები გააჩინა. მათ შორის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ რუსეთს არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ თავად ამ სახელმწიფოების ნებასა და დასავლეთის მხარდაჭერას შეწინააღმდეგებოდა.

ბალტიის სახელმწიფოებს მნიშვნელოვნად დაეხმარნენ სკანდივანიელი მეზობლები. როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო და დიპლომატიური თანამშრომლობის კუთხით. მათ მაქსიმალურად ისარგებლეს იმ შასეძლებლობებით, რასაც სამეზობლო აძლევდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, გადამწყვეტი მაინც რიგაში, ვილნიუსსა და ტალინში, ადგილზე განვითარებულმა მოვლენები იყო.

წარმატება განაპირობა ხალხის და ლიდერების მტკიცე და დაუღალავმა მისწრაფებებმა, ეფექტურმა რეფორმებმა და დემოკრატიისადმი ერთგულებამ განსაზღვრა. ბალტიური სახელმწიფოებისთვის ნატოში გაწევრიანება სხვა არაფერი იყო, თუ არა ისტორიული გეოპოლიტიკური გარღვევა. 

სტატიის მომზადებისას გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი:

NATO enlargement and the Baltic States - Ronald D. Asmus, Robert Nurick

A nightmare foretold - Edward Lucas

THE BREAKAWAYS: A RETROSPECTIVE ON THE BALTIC ROAD TO NATO - Andris Banka

Moscow and the Baltic States: Experience of Relationships, 1917–1939 - Oleg Ken, Alexander Rupasov 

მსგავსი სიახლეები