პრინცი ფილიპი, ედინბურგის ჰერცოგი, დედოფალ ელისაბედის ქმარი 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინცი, რომელსაც სამშობლოს დატოვება მოუწია. ბრიტანელი, დანიელი და რუსი მონარქების ღარიბი ნათესავი. მამაცი მეომარი და არაპოლიტკორექტული ხუმრობების მოყვარული, უგულო პრაგმატიკოსი და ყველაზე საიმედო ადამიანი სამეფო ოჯახში.
გაქცევა სამშობლოდან და რთული ბავშვობა
პრინცი ფილიპი 1921 წლის 10 ივნისს ბერძნულ კუნძულ კორფუზე მდებარე საოჯახო ვილაში დაიბადა. ფილიპის მამა, ანდრეი დანიისა და საბერძნეთის ტახტის მემკვიდრე, ხოლო დედა - პრინცესა ალისა ბატენბერგი. ფილიპის წინაპრებს და ნათესავებს შორის არამხოლოდ ბერძენი, არამედ დანიელი, ბრიტანელი და რუსი სამეფო ოჯახები არიან. მამის ბებია, ოლგა რუსეთის იმპერატორის ნიკოლაი I-ის შვილიშვილია, ხოლო ფილიპის დედა ნიკოლაი II-ს ბიძაშვილად ერგებოდა. უნდა ითქვას, რომ პრინცი ფილიპი და დედოფალი ელიზაბეტი ერთმანეთის ნათესავებიც არიან, ორივე მათგანი დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილები არიან.
პრინცის ბავშვობა დატვირთული იყო რთული და დრამატული მოვლენებით. პრინცის რთულ ხასიათს და მის სწორხაზოვან შეხედულებებს სწორედ მის ბავშვობასა და აღზრდის თავისებურებებს მიაწერენ. ფილიპი ოჯახში მეხუთე შვილი და ერთადერთი ვაჟი იყო, ფილიპს ოთხი უფროსი და ჰყავდა.
ფილიპის დაბადებიდან მალევე, თურქეთთან ომში დამარცხების შემდეგ, საბერძნეთში აჯანყება დაიწყო. საბერძნეთის მეფემ და ფილიპის ბაბუამ კონსტანტინე I-მა უარი თქვა სამეფო ტახტზე, ხოლო ფილიპის მამას სამხედროების ბრძანების შეუსრულებლობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
ფილიპის მამა ბრიტანელების ჩარევამ გადაარჩინა, რის შედეგადაც სასიკვდილო განაჩენი ქვეყნიდან გაძევებით შეიცვალა. პრინცი ანდრეი, რომელიც იმდროინდელ ბრიტანელ მონარქს, გეორგ V-ს ბიძაშვილად ეკუთვნოდა, ქვეყნიდან გააძევეს. ოჯახი პარიზში ანდრეის ძმასთან, პრინც გეორგისა და მისი ცოლის, მარია ბონაპარტის სახლში დაფუძნდა.
პრინც ფილიპის დედა ალისა მთელი ცხოვრების განმავლობაში ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა. ალისამ ცხოვრების დიდი ნაწილი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გაატარა, ბოლო წლებში ალისამ ხალხთან კონტაქტი შეწყვიტა და პრაქტიკულად არ გადიოდა სახლიდან. ფილიპის მამა, ანდრეი, საბერძნეთიდან გამოქცევის შემდეგ მალევე საყვარელ ქალთან ერთად მონტე-კარლოში წავიდა.
9 წლის ასაკში ფილიპი ინგლისში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში სასწავლებლად გაგზავნეს, ამის შემდეგ ფილიპს მშობლები პრაქტიკულად აღარც უნახავს. პრინცის ბიოგრაფი ფილიპ იდი წერს, რომ პრინცს ხშირად აქებდნენ როგორც გამორჩეულად კარგ მოსწავლეს, თუმცა მას, ასევე, ახასიათებდნენ როგორც იმპულსურ და უხეშ ბავშვს.
ელისაბედის გაცნობა, ომი და ქორწილი
ფილიპმა ელისაბედის ყურადღება 1939 წელს მაშინ მიიპყრო, როდესაც ელისაბედის მამა, გეორგ VI ოჯახთან ერთად მის ალმა-მატერს, დარტმუტის სამხედრო-საზღვაო კოლეჯს სტუმრობდა. სწორედ ამ კოლეჯში სწავლობდა პრინცი ფილიპი, რომელიც მაშინ 18-ის, ხოლო ელისაბედი კი 13 წლის იყო. ელისაბედის ძიძის, მერიონ კროუფორდის თქმით, ფილიპმა შეხვედრისთანავე მიიქცია მომავალი დედოფლის ყურადღება. იმავეს წერს თავის ავტობიოგრაფიაში ელისაბედის ახლო ნათესავი, მარგარეტ როუდსიც. მისი თქმით, ელისაბედი გაცნობიდან მალევე შეყვარებული იყო ფილიპზე. წყვილი პირველი შეხვედრიდან 8 წლის შემდეგ დაქორწინდა.
ფილიპის ოთხივე დამ - მარგარიტამ, თეოდორამ, სესილიამ და სოფიამ გერმანელ არისტოკრატებზე და ამავდროულად ნაცისტური პარტიის წევრებზე იქორწინეს. ამ გარემოებამ ფილიპის ცხოვრებაში ბევრი პრობლემა წარმოშვა - ფილიპის არცერთი და არ ყოფილა დაპატიჟებული ძმის ქორწილზე 1947 წელს. ამ მძიმე ფაქტის მიუხედავად ფილიპის ოჯახის ისტორიაში არის ნათელი წერტილიც - ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფილიპის დედამ, ალისამ ნაცისტებისგან ებრაელთა ოჯახი იხსნა.
1940 წელს ფილიპმა წარჩინებით დაასრულა დარტმუტის სამხედრო-საზღვაო კოლეჯი და სამხედრო სამსახურში ჩაეწერა. 21 წლის ასაკში ფილიპი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უფროსი ლეიტენანტი გახდა. ფილიპმა მიიღო საბერძნეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოც. პრინცი ფილიპი მეორე მსოფლიო ომის წლებში აქტიურად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. ცნობილია, რომ 1943 წელს სამხედრო გემ Wallace-ზე მსახურობის დროს ფილიპმა გემი ჩაძირვას გადაარჩინა.
ომის დასრულების შემდეგ, ფილიპი სამხედრო კარიერის გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა მას ბედისწერა სხვა რამეს უმზადებდა. 1947 წელს ფილიპი და ელისაბედი დაქორწინდნენ, მაშინ ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ელისაბედი 25 წლის ასაკში სამეფო ტახტს დაიკავებდა. ელისაბედის ქორწინება ომით დაღლილი და განადგურებული ბრიტანეთისთვის ნამდვილ ზეიმად გადაიქცა. ცერემონია, რომელსაც 2 000 სტუმარი ესწრებოდა ვესტმინსტერის სააბადოში ჩატარდა. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ბუკინგემის სასახლესთანაც.
ქორწინების მომენტში ფილიპის საბანკო ანგარიშზე სულ 12 პენსი იყო, საქორწინო ძვირფასი ბეჭედიც კი დედის, ალისას კუთვნილი დიადემისგან დაამზადეს. პრინც ფილიპს მოუწია უარი ეთქვა მის ბერძნულ და დანიურ ტიტულებზე, მართლმადიდებლობიდან გადასულიყო ანგლიკანურ რწმენაში და შეეძინა ახალი გვარი - მაუნტბეტენი. სწორედ ასე ჟღერს ინგლისურად ფილიპის დედის, ალისას გვარი. ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ელისაბედის მამამ ფილიპს ედინბურგის ჰერცოგის და გრინვიჩის ბარონის ტიტულები უბოძა. ფილიპისა და ელისაბედის ქორწინება ბრიტანული მონარქიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.
ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ, 56 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად ელისაბედის მამა, გეორგ VI გარდაიცვალა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ტახტზე ფილიპის ცოლი ელისაბედი უნდა ასულიყო, სწორედ ამიტომ ფილიპს ფლოტში სამხედრო კარიერის მიტოვება მოუწია. პრინცი ფილიპი იყო პირველი, რომელმაც დედოფლის წინაშე ერთგულების ფიცი დადო. 1992 წელს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ფილიპმა თქვა, რომ მას პრინც კონსორტის ცხოვრებას ფლოტზე დარჩენა ერჩია.
სხვადასხვა წლებში ბრიტანული ტაბლოიდები ფილიპის მექალთანეობაზე წერდნენ, მას მიაწერდნენ რომანებს სხვადასხვა ცნობილ ქალთან, თუმცა ამის მტკიცებულება დღემდე არავის უნახავს. ჭორების მიუხედავად ფაქტია, რომ ქორწინება ძალიან მყარი გამოდგა, 1997 წელს ქორწინების 50 წლის იუბილეზე ელისაბედ II-მ განაცხადა, რომ "მის ქმარს კომპლიმენტები არ უყვარს, მაგრამ სწორედ ფილიპი იყო მისი მთავარი საყრდენი ამ წლების განმავლობაში."
ფილიპს და ელისაბედს ოთხი შვილი ჰყავთ: ჩარლზი - ეულსის პრინცი; ანა - დიდი ბრიტანეთის პრინცესა; ენდრიუ - იორკის ჰერცოგი და ედვარდი - უესექსის გრაფი.
ცნობილია, რომ ფილიპსა და უფროს შვილს, ტახტის მემკვიდრეს, ჩარლზს, რთული ურთიერთობა ჰქონდათ. სამეფო ოჯახის ბიოგრაფი ჯაილზ ბრანდრეტი წერს, რომ დედოფალთან ჩარლზზე საუბრის დროს ფილიპმა ჩარლზს რომანტიკოსი უწოდა. "ის რომანტიკოსია, მე კი პრაგმატიკოსი ვარ. სწორედ ამიტომ ჩვენ განსხვავებულად ვუყურებთ ბევრ რამეს და რადგანაც მე არ ვაფასებ საგნებს ისე როგორც ამას რომანტიკოსი აკეთებს, გამოდის, რომ მე უგულო ვარ."
ჩინებული სპორტსმენი და ნიჭიერი პილოტი
პრინც ფილიპს მრავალი გატაცება ჰქონდა, მათ შორის განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა პოლოს მიმართ. როგორც ცნობილია ფილიპს იზიდავდა ფერწერა. ფილიპი გატაცებული იყო საბრძოლო თვითმფრინავებით და პილოტირებით. ცნობილია 1956 წელს მომხდარი შემთხვევა, როდესაც ფილიპმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის დაშვება მშვიდობიანად მას შემდეგ შეძლო, რაც პილოტის კაბინაში ცეცხლმაქრი აფეთქდა. დროთა განმავლობაში ასაკის გამო პრინცმა ბევრ ჰობიზე უარის თქვა, თუმცა მისი ბიოგრაფის, ინგრიდ სიუარდის ცნობით, ფილიპმა კულინარიული შოუების სახით ახალი გასართობი იპოვა.
საყოველთაოდ ცნობილია ფილიპის სიყვარული ავტომობილების მიმართ. პრინცი მანქანას მოხუცებულობაშიც თავისით მართავდა. 2019 წლის იანვარში ფილიპი ავარიაში მოყვა, რომლის მიზეზიც მისი შეცდომა იყო. ავარიის შედეგად ფილიპი არ დაშავებულა, თუმცა მეორე ავტომობილის მძღოლმა ქალმა ხელი მოიტეხა. ამის შემდეგ ფილიპი ავტომობილის საჭესთან არ დამჯდარა.
მტკიცე ხასიათი და შავი იუმორი
სამეფო ოჯახის ბიოგრაფს, ჯაილზ ბრანდრეტის თქმით, ბედნიერი ქორწინების საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ ფილიპს ყოველთვის შეეძლო დედოფლის გაცინება და კარგ განწყობაზე დაყენება. "ის დაუჯერებელი ადამიანია, ის ძლიერი და საიმედოა, ის იყო და რჩება კლდედ თითოეული ჩვენთაგანისთვის",- ამბობდნენ ფილიპის შვილიშვილები მასზე. ზოგადადაც, ელისაბედისა და ფილიპის შთამომავლები ფილიპს ახასიათებდნენ ადამიანად, რომელიც ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა და შეეძლო კონფლიქტების მოგვარება.
ედინბურგის ჰერცოგის ხასიათის ერთ-ერთ მთავარ შტრიხად მისი მახვილი ენა და არაპოლიტკორექტული ხუმრობების მიმართ სიყვარული მიიჩნეოდა. მაგალითად, 1981 წელს, ინგლისში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისისა და გაზრდილი უმუშევრობის ფონზე ფილიპმა თქვა - "ადრე ყველა წუწუნებდა თავისუფალი დროის ნაკლებობის გამო, ახლა კი წუწუნებენ, რომ უმუშევრად დარჩნენ."
ცნობილია ფილიპის ვიზიტის შესახებ პარაგვაიში. 1963 წელს, ქვეყანის სამხედრო დიქტატორთან, ალფრედო სტროესნერთან საუბრისას ფილიპმა განაცხადა - "ძალიან სასიამოვნოა იმ ქვეყანაში ყოფნა, რომელსაც მისი მოსახლეობა არ მართავს."
პრინცის არასტანდარტულ აფორიზმებში ცნობილია მისი გამოთქმა სიკვდილის თაობაზე - "თუ სიკვდილის შემდეგ სხვა რამედ გარდაქმნა შემეძლება, მინდა სასიკვდილო ვირუსი გავხდე, რათა საბოლოოდ გადავწყვიტო ჭარბი მოსახლეობის პრობლემა."
2017 წელს ელისაბედ II-ის მხარდაჭერით, ფილიპმა განაცხადა, რომ წყვეტდა საჯარო აქტივობას. 2017 წლიდან ფილიპს ჩამოშორდა სამეფო ოჯახის ცერემონიალური ვალდებულებები და საზეიმო მიღებებსა და თუ შეხვედრებში მხოლოდ საკუთარი სურვილით მონაწილეობდა. ედინბურგის ჰერცოგი 780 ორგანიზაციის პატრონი, პრეზიდენტი ან წევრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პრინცმა საჯარო აქტივობა 2017 წელს შეწყვიტა იგი კვლავ აქტიურად თანამშრომლობდა ამ ორგანიზაციებთან.
საკუთარ თავს ფილიპი ახასიათებდა როგორც "მემორიალური დაფების მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ გამხსნელს." პრინც კონსორტის და დედოფლის მთავარი საყრდენისა და მხარდამჭერის რანგში ფილიპმა მიიღო 22 191 ოფიციალური მიწვევა, წარმოთქვა 5 493 საზეიმო სიტყვა. ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან ფილიპი აქტიურობდა გარემოს დაცვის მიმართულებით და საუბრობდა გარემოს შენარჩუნების აუცილებლობაზე, მაშინ, როდესაც ეს ჯერ კიდევ არ იყო მეინსტრიმის ნაწილი.
პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.