რიში სუნაკმა კირიაკოს მიცოტაკისთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
დიდ ბრიტანეთსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური უსიამოვნება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან დაგეგმილი შეხვედრა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააუქმა. ამ უკანასკნელის თქმით, რიში სუნაკის მიერ შეხვედრის გაუქმების მიზეზი პართენონის მარმარილოს სკულპტურებთან დაკავშირებით საუბრის თავიდან არიდება იყო.
„საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიდხნიანი მეგობრული კავშირები არსებობს და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სფერო ძალიან ფართოა. საბერძნეთის პოზიციები პართენონის სკულპტურების საკითხთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი. იმედი მქონდა, რომ მექნებოდა შესაძლებლობა ჩემს ბრიტანელ კოლეგასთან აქტუალურ საერთაშორისო გამოწვევებთან ერთად, როგორიც არის ღაზა, უკრაინა, კლიმატის ცვლილება და იმიგრაცია, ეს საკითხიც განმეხილა. ვისაც სჯერა, რომ მისი პოზიციები კარგად დასაბუთებულია, დებატებში ჩართვის არ ეშინია“, - კირიაკოს მიცოტაკისი.
ბრიტანეთის მთავრობამ შეხვედრის გაუქმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ვიცე-პრემიერ ოლივერ დაუდენთან შეხვედრა შესთვაზა, რაზეც კირიაკოს მიცოტაკისმა უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ათენი წლებია მე-19 საუკუნის დასაწყისში ბრიტანელი დიპლომატის, ლორდ ელგინის მიერ საბერძნეთიდან წაღებული სკულპტურების დაბრუნებას ითხოვს.
პართენონის ტაძრის მარმარილოს გადარჩენილი სკულპტურების ერთი ნახევარი ლონდონში ინახება, მეორე ნაწილი კი ათენის აკროპოლისის მუზეუმშია დაცული.
ბრიტანულ ტელევიზიაში საუბრისას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა სკულპტურების გაყოფა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ შუაზე გაჭრას შეადარა, რამაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გაღიზიანება გამოიწვია.
კირიაკოს მიცოტაკისი რიში სუნაკთან ვიზიტის გაუქმების შემდეგ, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, კირ სტრამერს შეხვდა.
„თუ პრემიერ მინისტრს არ შეუძლია შეხვდეს ევროპელ მოკავშირეს, რომელთანაც ბრიტანეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები აქვს, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, იმისა, რომ მას არ შეუძლია ისეთი ეკონომიკური, რასაც ჩვენი ქვეყანა მოითხოვს“, - კირ სტრამერი.