931 ჯარისკაცი დღეში - ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ნოემბერში რუსეთს რეკორდული დანაკარგები აქვს
2023 წლის ნოემბერში რუსეთის დანაკარგები რეკორდულად გაიზარდა და სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვა უკრაინის გენშტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ყოველდღიურ კრებსში ნათქვამია, რომ მათ არ აქვს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება, თუმცა ირიბი მეთოდებით მონაცემები სანდოდ გამოიყურება.
უწყების ცნობით, გასულ 6 კვირაში რუსეთის არმიის დანაკარგები დღეში 931 ჯარისკაცს შეადგენს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. აქამდე რუსეთის არმიაში მაქსიმალური დანაკარგები მარტში ბახმუტის კამპანიის დროს ქონდა, მაშინ საოკუპაციო არმია დღეში საშუალოდ 776 ჯარისკაცს კარგავდა.
უწყების ცნობით, დანაკარგების ზრდა საოკუპაციო არმიის მიერ ავდიივკაზე წამოწყებული კამპანიით არის განპირობებული. რუსეთის არმიამ ავდიივკის მიმართულებით შტურმი 10 ოქტომბერს დაიწყო, რასაც ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკაში დანაკარგების მკვეთრი ზრდა მოჰყვა.
ამ დანაკარგების მიუხედავად საოკუპაციო არმიამ რამდენიმე მიმართულებით წაიწია წინ, მათ შორის მათ ტერიკონის სახელით ცნობილი სიმაღლე.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიამ დაიკავა ავდიივკის ინდუსტრიული ზონის დიდი ნაწილიც, რაც სამხედრო ექსპერტების აზრით, ასევე მნიშვნელოვან სიმაღლეს წარმოადგენს.