ავდიივკაზე შტურმის დაწყების შემდეგ რუსეთი უკრაინაზე 5-ჯერ მეტ ტექნიკას კარგავს

ავდიივკაზე რუსეთის არმიის მიერ წამოწყებული შტურმი სამხედრო ტექნიკაში ანომალიურად მაღალი დანაკარგებით ხასიათდება. 

იერიშის 6 დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ ჯამურად 118 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა დაკარგა. შედარებისთვის იმავე პერიოდში უკრაინის დანაკარგები სულ 25 ერთეულს შეადგენს. 

ამის შესახებ ანალიტიკური პროექტის ORYX-ის მონაცემები მეტყველებს. 

ამგვარად სამხედრო ტექნიკაში დანაკარგების თანაფარდობა 1:5-მდე გაიზარდა. საყურადღებოა, რომ მასშტაბური დანაკარგების მიუხედავად რუსეთის არმიის წინსვლა ფრონტის ამ მონაკვეთზე სამხედრო ექსპერტების შეფასებით მოკრძალებულია. 

10-დან 16 ოქტომბრის მონაკვეთში რუსეთის არმიის მიერ განცდილი დანაკარგებს შორისაა: 27 ტანკი, 33 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მანქანა და 8 ჯავშანტრანსპორტიორი. ჯამურად უკრაინის არმიის კონტრიერიშის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგები ტექნიკაში შემდეგნაირად გამოიყურება: 386 ტანკი, 499 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 133 ჯავშანტრანსპორტიორი. 

10-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით უკრაინის დანაკარგებს შორისაა: 4 ტანკი, 4 ჯავშანტრანსპორტიორი და 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა. კონტრიერიშის დაწყების შემდეგ უკრაინის არმიის ჯამურმა დანაკარგებმა შემდეგნაირად გამოიყურება: 155 ტანკი, 234 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 35 ჯავშანტრანსპორტიორი. 

ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია გარდამტეხ წარმატებას ავდიივკასთან, ორგანიზაციის ბოლო მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რუსეთის იერიშის ტემპი ეტაპობრივად მცირდება. 

უკრაინული ანალიტიკური პორტალის Deep State-ის ცნობით, რუსეთის არმიამ იერიშის საწყის ფაზაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, თუმცა დანაკარგების გათვალისწინებით მიმდინარე დინამიკა  უკრაინისთვის არის მომგებიანი. 

რით არის მნიშვნელოვანი ავდიივკა

ავდიივკა მოზრდილი შვერილის ცენტრში მდებარეობს, რომელიც ქალაქ დონეცკის ირგვლივ რუსეთის დაცვის ხაზს ებჯინება. ამ შვერილის მოჭრა რუსეთის არმიისთვის დიდი ცდუნებაა - ეს მათ საშუალებას მისცემდა ფრონტის ხაზი დონეცკიდან შორს გადაეტანათ. გარდა ამისა, ავდიივკას მიმართულებით შეტევის დაწყებით რუსეთი ცდილობს უკრაინულ სარდლობას ფრონტის ამ მონაკვეთზე რეზერვების გადმოსროლა აიძულოს. თავის მხრივ, ეს ზაპორიჟიასა და ბახმუტის ირგვლივ უკრაინული დანაყოფების პოტენციურ შესუსტებას ნიშნავს. 

ავდიივკას და მის შემოგარენს უკრაინის არმია 2014 წლიდან აკონტროლებს - ამ დროისთვის დასახლება ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებულ თავდაცვით რაიონს წარმოადგენს. ქალაქ დონეცკის ამ სამრეწველო შემოგარენის აღებას რუსეთის არმია არაერთხელ ეცადა, მათ შორის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2017 წელსაც. 

სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ავდიივკასგან პრაქტიკულად ნანგრევებიღა დარჩა. უკრაინელი მებრძოლებს უპირატესობას აძლევს ქალაქში არსებული კოქსის მწარმოებელი კომბინატი - ეს ერთდროულად წარმოადგენს ЗСУ-ს საყრდენ პუნქტსა და ბაზას, რომლის პირდაპირი შტურმი ძალიან რთულია. 

ფრონტის ამ მონაკვეთიდან გავრცელებული შეტყობინებების მიხედვით, პირდაპირ შტურმზე საუბარი არც არის - რუსეთი ცდილობს ფლანგებიდან გარღვევას და ოპერატიული ალყის უზრუნველყოფას, შესაბამისად მომარგების მარშრუტებზე კონტროლის დამყარებას. 

სამხედრო ექსპერტების შეფასებით ავდიივკის მიმართულებით დაწყებული შტურმი მეტნაკლებად ეწერება ომის ამჟამინდელ სურათში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პოზიციური ხასიათი - არცერთ მხარეს არ აქვს საკმარისი უპირატესობა ფრონტის სწრაფად გარღვევისთვის. 

მსგავსი სიახლეები