რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მზარდი პარტნიორობა რამდენიმე დღის წინ, დაუფარავ და გრძელვადიან პაქტში გადაიზარდა, რომლის მთავარი მიზანიც აშშ-სთან დაპირისპირება და მისი გლობალური დომინაციის მოშლაა.
ორი ლიდერი პარასკევს, 5 თებერვალს, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს. ეს პუტინის და სი ძინფინგის ჯამურად 38-ე და პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი შეხვედრა იყო.
ბოლო 400 დღის განმავლობაში ვლადიმირ პუტინი გახდა პირველი ლიდერი, რომელსაც სი ძინფინგი პირადად შეხვდა. ერთგული პარტნიორების შეხვედრაში თავისი ცვლილებები შეიტანა კორონავირუსის ახალმა შტამმა და ლიდერებმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს.
ვიზიტს წინ უძღოდა ვლადიმირ პუტინის სრულტანიანი სტატია რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობაზე, რომელიც ჩინური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინხუაზე გამოქვეყნდა.
ანტი-ჰეგემონური მანიფესტი
მიუხედავად იმისა, რომ დოპინგ სკანდალის გამო პუტინს და რუსეთის სახელმწიფო პირებს აკრძალული აქვთ ოლიმპიადაზე დასწრება, ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი სი ძინფინგის პირადი მოწვევის მეშვეობით დაესწრო.
ზოგადადაც, ოლიმპიადებზე დასწრება ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა - 2008 წელს ვლადიმირ პუტინი პირადად ესწრებოდა პეკინის ოლიმპიადის გახსნას, 2014 წელს უკვე სი ძინფინგი დაესწრო სოჩის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას. თუმცა 2008 წლისგან განსხვავებით, დღეს ვითარება დიამეტრულად შეცვლილია.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, პირდაპირ პროპორციულად გაიზარდა ჩინეთის გლობალური ამბიციებიც.
სამიტის ფარგლებში გაფორმდა მრავალმილიარდიანი ხელშეკრულებები გაზის და ნავთობის შესყიდვის თაობაზე, თუმცა კიდევ უფრო საყურადღებო იყო შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებული ერთობლივი განცხადებები, რომელშიც მხარეებმა გამოთქვეს მზაობა აიღონ ლიდერობა თავის თავზე, მაშინ როდესაც მსოფლიოში ძალთან ბალანსი იცვლება.
რუსეთის და ჩინეთის წინა სამიტებისგან განსხვავებით, ბოლო განცხადებებში ღია ტექსტით არის გაკრიტიკებული აშშ-ის პოზიციები, ამ ტექსტებში აშშ ექვსჯერაა ნახსენები. მათ შორის მკაცრად არის გაკრიტიკებული აშშ-ის ალიანსები აზიაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ტექსტის იმ მონაკვეთმა, რომელშიც ჩინეთი და რუსეთი ღიად ეწინააღმდეგებიან ნატოს გაფართოების პროცესს - ეს კი უკრაინის ირგვლივ მიმდინარე კრიზისში რუსეთის ცენტრალური მოთხოვნაა.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებები ბოლო წლებში ხშირად არის კონფრონტაციული, თუმცა რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერის ღიად გამოხატვა, მაინც ახალი მოვლენაა. საერთო განცხადების 500-იან სიტყვიან ტექსტში არცერთხელ არ არის ნახსენები უშუალოდ უკრაინა, თუმცა ჩინეთის პოლიტიკური სიმპატიები აშკარაა. ამ განცხადებებში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა - უსაფრთხოებაა.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისა და ჩინეთის მკვლევარების აზრით, ჩინეთის ამგვარი მხარდაჭერა რუსეთის მიმართ ბოლო ათწლეულებში უპრეცედენტოა და მიანიშნებს, რომ ჩინეთს სურს ჰქონდეს საკუთარი გავლენა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაშიც.
სინო-რუსული ალიანსი ასეთი ერთსულოვანი ბოლოს 1950-იან წლებში, კომუნისტური ბლოკის საწყის წლებში იყო.
"მსოფლიო უნდა მოემზადოს ჩინეთსა და რუსეთს შორის კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისა და თანამშრომლობისთვის",- ამბობს Wall Street Journal-თან საუბარში ნიუ-ორკში ბაზირებული აზიური საზოგადოების პრეზიდენტი და ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კევინ რუდი.
კავშირის გამტკიცების მიუხედავად, სინო-რუსული ალიანსი არ არის ისეთივე მყარი და ყოვლისმომცველი როგორც აშშ-ის ალიანსები ევროპასთან, იაპონიასთან, ავსტრალიასთან და სხვებთან.
რუსეთთან ასეთი მკვეთრი დაახლოება ჩინეთისთვის გარკვეულ რისკებსაც ქმნის - ქვეყანა ამ დრომდე მსოფლიოში ყველაზე მეტს ვაჭრობს და საკვანძო ტექნოლოგიების კუთხით ჯერ კიდევ დასავლეთზეა დამოკიდებული.
ჩინეთის მკვეთრი განცხადებები და რიტორიკის ცვლილება განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე, რასაც ბევრი ცივი ომის შემდეგ ევროპაში განვითარებულ ყველაზე მასშტაბურ დაძაბულობას უწოდებს.
"სინო-რუსული თანამშრომლობის მზარდი სიღრმე და მოცულობა დაკავშირებულია არა საერთო იდეოლოგიასთან, არამედ პრაგმატიზმთან",- ამბობს ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი აზიის საკითხებში, დენიელ რასელი.
რასელის თქმით, ჩინეთის და რუსეთის საერთო მიზანია, მეტი თანამშრომლობით უკეთ დაიცვან თავიანთი ავტორიტარული სისტემები დასავლური წნეხისგან.
ორ ქვეყანას შორის მზარდმა კოლაბორაციამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს აშშ-ს მცდელობებს მოაქციოს რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მისგან მომავალი სამხედრო საფრთხეების გამო.
უკრაინაზე თავდასხმის შეხთხვევაში აშშ რუსეთს სხვადასხვა ტიპის მკაცრი სანქციებით ემუქრება, მათ შორისაა სანქციები რუსული სახელმწიფო ბანკების წინააღმდეგ და უახლესი მიკროელექტრონიკის საექსპორტო კონტროლი. ამ შემთხვევაში, ჩინეთს რუსეთში ინვესტიციებისა და ვაჭრობის მოცულობის ზრდით, შესაძლო სანქციებით გამოწვეული ზიანის შემცირება და ამ ვაკუუმის შევსება შეუძლია.
პეკინში გამართულ შეხვედრას მალევე გამოეხმაურნენ სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც განაცხადეს, რომ ჩინეთს რუსეთისთვის დეესკალაციისკენ უნდა მოეწოდებინა და რომ ზოგადად, ასე პასუხისმგებლობიანი მოთამაშეები არ იქცევიან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ეკონომიკური სტაბილურობაა, აშშ-ში შიშობენ, რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში ჩინეთი რუსეთის მიმართ ტოლერანტული იქნება.
თუმცა ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადებები კიდევ უფრო შორს მიდის - როგორც ტექსტიდან შეგვიძლია გავიგოთ, მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება თანამშრომლობა სი ძინფინგის ინიცირებულ ერთი გზა, ერთი ქამრის პროექტსა და ვლადიმირ პუტინის ევრაზიულ კავშირს შორის.
სავარაუდოდ, ამ ორი პროექტის კოლაბორაციებს ძირითადად ცენტრალური აზიის და მომიჯნავე რეგიონის განვითარებად ქვეყნებში ვიხილავთ, თუმცა რუსეთი და ჩინეთი ითანამშრომლებენ არქტიკის რეგიონშიც.
სინო-რუსული თანამშრომლობის კიდევ ერთ სფეროს წარმოადგენს ატომური ენერგია - ჯერ კიდევ გასულ წელს როსატომმა ჩინეთში 4 ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. უკვე დიდი ხანია რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფო საავიაციო კომპანიები ცდილობენ ერთობლივად კონკურენცია გაუწიონ ამერიკულ Boeing-ს და Airbus-ს.
გასული წლის ზაფხულში პირველად ჩატარდა რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, მართვის კოორდინირებული ცენტრებით. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით ერთ დროს მკაცრად გასაიდუმლოებულ ტექნოლოგიებსა და ცოდნას რუსეთი ჩინეთს დღეს აღარ უმალავს.
მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის პოზიციას და ნატოს გაფართოების შეწყვეტისკენ მოუწოდა, მოსალოდნელია, რომ იმავეს გააკეთებს რუსეთიც.
საუბარია აშშ-ის მიერ ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აუზში ინიციირებულ ახალი ალიანსზე, ე.წ. AUKUS, რომელშიც აშშ-სთან ერთად ავსტრალია და გაერთიანებული სამეფო მონაწილეობენ. ასეთი მიმართება ხსნის შესაძლებლობას რუსულ-ჩინური თანამშრომლობისთვის ორივე ნახევარსფეროში.
"რუსეთი და ჩინეთი მკაცრად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი გარე ძალის მცდელობას გამოუთხაროს ძირი უსაფრთხოებას მათ მომიჯნავე რეგიონებში. მხარეები თანხმდებიან, რომ ცალკეული სახელმწიფოების ინიციირებული სამხედრო და პოლიტიკური კოალიციების მიზანია მოიპოვოს ცალმხრივი სამხედრო უპირატესობა, სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ცივი ომის წლებში აშშ და რუსეთი გავლენისთვის ერთმანეთს პრაქტიკულად მსოფლიოში ყველა რეგიონში ეჯიბრებოდნენ. 1950-იან წლებიდან საბჭოთა კავშირს უკვე კომუნისტური ჩინეთიც შეუერთდა. წლების განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სსრკ-ს უმცროს გეოპოლიტიკურ ძმად მიიჩნეოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
გახშირდა შეტაკებები სასაზღვრო ზოლში, რამდენიმეჯერ მხარეები მასშტაბური ომის ზღვარზეც მივიდნენ. საბოლოოდ, 1960-იანი წლების დასაწყისში, მაომ საბჭოთა კავშირი რევიზიონისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა და ქუჩას, რომელზეც სსრკ-ს საელჩო მდებარეობდა, ანტი-რევიზიონისტული ქუჩა უწოდა.
ვითარება 1970-იანი წლებიდან მოყოლებული მას შემდეგ შეიცვალა, რაც საბჭოთა კავშირმაც და ჩინეთმაც დასავლეთთან ურთიერთობების დათბობა დაიწყეს. ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა 1990-იან წლებში - ჩინეთის სწრაფად მზარდ ეკონომიკას ბევრი ნავთობი და სხვა სახის ენერგომატარებლები სჭირდებოდა, ხოლო რუსეთს - ახალი ბაზრები.
ეკონომიკა
მხარეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო 2019 წელი. სწორედ ამ წელს გაიხსნა 55 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენი ციმბირიდან ჩინეთში. ამ დროისთვის მოსკოვი კიდევ ერთ მილსადენზე მუშაობს, რომელიც ჩინეთს გაზს მონღოლეთის გავლით მიაწვდის.
ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე ჩინეთისა და რუსეთის შორის ვაჭრობის მოცულობა დინამიურად იზრდება. გასულ, 2021 წელს, მხარეებს შორის ვაჭრობის მოცულობამ რეკორდული 147 მილიარდი დოლარი შეადგინა - ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
მხარეების ერთობლივი გეგმით მომდევნო წლებში ვაჭრობის მოცულობამ 200 მილიარდ დოლარს უნდა გადააჭარბოს - ამ გეგმის შესრულებას ხელს შეუწყობს პარასკევს მიღწეული შეთანხმებებიც, რომლის მიხედვითაც მომდევნო წლებში რუსეთი ჩინეთს 117 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსა და ნავთობს მიაწვდის.
რუსეთის უმსხვილესმა სანავთობო კომპანიამ როსნეფტმა შეთანხმებას მიაღწია ჩინეთის სახელმწიფო სანავთობო კომპანიასთან, რომლის ფარგლებში მომდევნო 10 წლის განმავლობაში, რუსეთი ყაზახეთის გავლით ჩინეთს 100 მილიონ ტონა ნავთობს მიაწვდის.
მასშტაბური შეთანხმება გააფორმა რუსეთის გაზის ექსპორტის მონოპოლისტმა გაზპრომმაც, რომლის მიხედვით მომდევნო წლებში ჩინეთი რუსეთისგან 10 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეიძენს.
მოსკოვისა და პეკინის კავშირების გამტკიცება - რაც პარასკევს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებებში გამოიხატა - წარმოადგენს ფუნდამენტურ ცვლილებას ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში, რომელიც ბოლო 40 წლის განმავლობაში ორიენტირებული იყო აშშ-სთან ურთიერთობების აგებაზე.
ჩინურ-ამერიკული ურთიერთობები ეტაპობრივად ფუჭდებოდა, თუმცა ამის ყველაზე მწვავე ფაზა გასულ წლებში ინიციირებულ სატარიფო ომი იყო. ეკონომიკურ უთანხმოებას მალევე მოჰყვა გართულებული ურთიერთობები ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევისა და ჩინეთის სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით.
თავისი მმართველობის საწყის წლებში სი ძინფინგი ამბობდა, რომ ჩინეთს აქვს ათასი მიზეზი ჰქონდეს კარგი ურთიერთობა აშშ-სთან და არ აქვს არცერთი მიზეზი გააფუჭოს ეს ურთიერთობები. დღეს ეს მიდგომა შეცვლილია გაცილებით უფრო თავდაჯერებული და კონფრონტაციული ტონით.
სის მთავრობას უპასუხოდ არ დაუტოვებია არცერთი ზომა, რომელიც აშშ-მა ჩინეთის წინააღმდეგ მიიღო - იქნებოდა ეს ჰონგ-კონგში მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევისა და თუ სინძიანის რეგიონში უიღურების უფლებების სისტემურ დარღვევასთან დაკავშირებული.
ჩინეთ-რუსეთის ბოლო განცხადებებმა ბევრს კულტურული რევოლუციის დროინდელი ჩინეთის პოზიციები გაახსენა. მაშინ ჩინეთი აკრიტიკებდა საბჭოთა დომინაციას მარქსისტულ ორთოდოქსიებზე, მაო ძედუნი უკმაყოფილო იყო იმით, რომ სწორედ სსრკ წყვეტდა რომელიმე სახელმწიფო იყო სოციალისტური და რომელი არა.
დღეს უკვე რუსეთი და ჩინეთი ბრალს დებენ აშშ-ს "სიმართლის მონოპოლიზებაში". მათი თქმით, დემოკრატიის ამერიკული თუ ზოგადად დასავლური გაგება არ შეიძლება იყოს უნივერსალური. ჩინეთი და რუსეთი დემოკრატიის თავისებურ განმარტებას გვთავაზობენ, რომელშიც დემოკრატია მრავალი ფორმა და მოდელი აქვს და ის დამოკიდებულია ადგილობრივ ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მახიასათებლებსა და ტრადიციებზე.
ამერიკელ მკვლევარებთან და ბიზნესმენებთან შეხვედრისას, კერძო საუბრებში, ჩინელი დიპლომატები აღარ აღწერენ ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებს, როგორც საკვანძოს და ყველაზე მნიშვნელოვან ორმხრივ დიპლომატიას.
მეგობრობის ლიმიტი
პარასკევს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებებში ნათქვამია, რომ ჩინეთის და რუსეთის მეგობრობას არ აქვს ლიმიტები და არ არსებობს თანამშრომლობის აკრძალული სფეროები. ამ განცხადების სიმძაფრის მიუხედავად ეს უფრო მეტად ბრავადას უნდა მივაწეროთ, ვიდრე რეალურ განწყობებს - ცხადია, სინო-რუსულ ალიანსს თავისი ლიმიტები აქვს.
ამ დროისთვის თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია - ჩინეთი იღებს იაფ ენერგიას, ხოლო რუსეთი ვაჭრობის ზრდას და ინვესტიციებს. ბევრი მკვლევარის აზრით, პუტინისა და თავმჯდომარე სის პერსონალური ურთიერთობები ჯერ არ არის საკმარისად გამოცდილი სირთულეებით, განსაკუთრებით კი გლობალური უსაფრთხოების კუთხით.
თუ აშშ მართლაც დაუწესებს ხსენებულ სანქციებს რუსეთს, ჩინეთს მოუწევს დაფიქრება თუ რამდენად შორს შეუძლია წავიდეს რუსეთის მხარდაჭერის საქმეში, იმ ფონზე, როდესაც აშშ-სგან მკაცრი სანქციების რისკი გაიზრდება.
ცხადია, რუსეთი და ჩინეთი მხარს უჭერენ და ერთმანეთის მადლიერები არიან, მაგრამ ისინი არ აძლევენ ერთმანეთს კონკრეტულ დაპირებებს, თუ რას მოიმოქმედებენ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს ძალიან განსხვავდება აშშ-ევროპული ალიანსისგან, სადაც წინასწარ არის ცნობილი თუ რას იზამენ მხარეები სხვადასხვა შემთხვევაში.
გასული პარასკევის ვიზიტმა სინო-რუსული ურთიერთობების ბევრ მკვლევარში გარკვეული დეჟავუს შეგრძნებაც გამოიწვია - დაახლოებით მსგავს გარემოებებში გაიმართა ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ჩინეთში 2015 წელსაც. მაშინდელი ვიზიტი რამდენიმე მსხვილი ერთობლივი პროექტის ინიციირებით დასრულდა. მაშინდელი ვიზიტიც რუსეთსა და დასავლეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, ამ დაძაბულობის მიზეზი როგორც 7 წლის წინ, დღესაც უკრაინაა.
ჩნდება განცდა, რომ ისტორია მეორდება.
მაგრამ არის განსხვავებებიც - 2015 წელს რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნეს ისტებლიშმენტში არსებობდა მოლოდინები, რომ ჩინეთი მაქსიმალურად დაეხმარებოდა რუსეთს, რაც სრულად გააფერმკრთალებდა დასავლური სანქციების უარყოფით ეფექტს. დღეს უკვე კრემლის მოლოდინები გაცილებით უფრო მოზომილი და რეალისტური იყო.
ცხადია, პეკინს სჭირდება წვდომა შედარებით იაფ რუსულ ენერგომატერებლებზე - შესაბამისად სავარაუდოა, რომ ზემოთჩამოთვლილი ენერგეტიკული პროექტები ისედაც სასურველი იქნებოდა ჩინეთისთვის, ამ მიმართულებით ჩინეთის გადაწყვეტილებაზე რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ დაძაბულობას განსაკუთრებული ეფექტი არ ჰქონია.
ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, კვლავ ბუნდოვანი რჩება რუსეთის განსაკუთრებით საინტერესო და საჭირო ანტისანქციური თანამშრომლობის პერსპექტივა ჩინეთთან. საუბარია, ჩინეთ-რუსეთის ვაჭრობაზე - რუსეთს დიდი ხანია სურს ჩინეთთან ვაჭრობა ეროვნულ ვალუტებში გადავიდეს. მართალია ბოლო წლებში მხარეებს შორის ვაჭრობაში დოლარის მოცულობა მცირდება, მაგრამ მცირდება ევროს სასარგებლოდ.
თუ უკრაინასთან ომის შემთხვევაში რუსეთს ევროზე წვდომა და ოპერაციები შეეზღუდება, მოსალოდნელია, რომ მკვეთრად გაიზრდება ჩინური ვალუტის წილი მხარეებს შორის ვაჭრობის მოცულობაშიც. აქ თავს იჩენს ძველი პრობლემა, რომელსაც ჩინური ვალუტის კონვერტირება ჰქვია.
პეკინი დიდი ხანია ცდილობს სავალუტო ზონის გახსნის მიმართულებით ექსპერიმენტებს, მათ შორის ციფრული იუანის გამოშვებითაც, თუმცა ეს ზომები ჯერჯერობით ძალიან ფრთხილია და იუანი მაინც ჩაკეტილ ვალუტად რჩება. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩინეთი ამ მიმართულებით რეფორმებს მხოლოდ იმიტომ დააჩქარებს, რომ რუს მეგობრებს ძალიან ესაჭიროებათ.
ასევე, არ ჩანს ჩინეთის მზაობაც დაუშვას გამონაკლისი მოსკოვისთვის და კაპიტალის კონტროლის რეჟიმიდან გაიყვანოს. ეს გზა კრემლმა ჯერ კიდევ 2019 წელს სცადა, თუმცა ჩინელმა კოლეგებმა ამ თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ეტაპობრივად და ზრდილობიანად შეიყვანეს ჩიხში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან მწვავე პრობლემა, რომელიც შეიძლება რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში დაუდგეს: ეს მიკროჩიპების და უახლესი მიკროელექტრონიკაზე წვდომის შეზღუდვაა.
ამ მიმართულებით ჩინელების პროგრესი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - კომპარტიის ხუთწლედები და ოფიციალური დოკუმენტები ზოგადი ფრაზებითაა შედგენილი და არაფერს კონკრეტულს არ ამბობს. ასე რომ, სანქციების შემთხვევაში, სინო-რუსულ ალიანსსაც თავისი ძალიან რეალური ლიმიტები აქვს.