პუტინმა ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე სტატია დაწერა – შინაარსი

 

პეკინში გასამართ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე სტატია დაწერა. ვლადიმირ პუტინის ნაშრომი ჩინური საინფორმაციო სააგენტო სინხუასთვის დაწერა, სტატიის ტექსტი გამოქვეყნდა კრემლის ოფიციალურ საიტზეც

"ჩვენი ახლო მეზობლები ვართ, რომლებსაც ნდობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აკავშირებთ. ბედნიერები ვართ და ძალიან ვაფასებთ, რომ რუსულ-ჩინური ყოვლისმომცველმა პარტნიორობამ და სტრატეგიულმა ურთიერთქმედებამ ახალ დონეს მიაღწია და ეფექტურობის, პასუხისმგებლობისა და მომავალზე ორიენტაციის მაგალითი გახდა",- წერს ვლადიმირ პუტინი. 

პუტინის თქმით, რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები თანაბარუფლებიანობას და ერთმანეთის ინტერესების ეფუძნება, რომელიც თავისუფალია იდეოლოგიური კონიუნქტურისგან და წარსულის გადმონაშთებისგან. 

"სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით წლიდან წლამდე, თანმიმდევრულად ვაღრმავებთ პოლიტიკურ დიალოგს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი და გავაფართოოთ ჰუმანიტარული კავშირები",- ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის სტატიაში. 

გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინმა ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: 

 

  • 2021 წლის  მონაცემებით ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა 30%-ით გაიზარდა და რეკორდული 140 მილიარდი დოლარი შეადგინა. პუტინის თქმით, პარტნიორები თავდაჯერებულად მიიწევენ დასახული მიზნისკენ ვაჭრობის მოცულობამ გადააჭარბოს 200 მილიარდ დოლარს. საუბარია თანამშრომლობაზე ისეთ სფეროებში როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა;

 

  • პუტინის თქმით, ყოველწლიურად იზრდება იუანსა და რუბლში ნომინირებული ვაჭრობის მოცულობა, რაც დასავლეთის მხრიდან დაწესებული ცალმხრივი სანქციების უარყოფითი ეფექტის დაძლევას ემსახურება;

 

  • რუსეთი და ჩინეთი მიმდინარე წელს რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას გეგმავენ. მათ შორისა 4 ახალი ენერგებლოკის მშენებლობა ჩინური ატომური ელექტროსადგურებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. პუტინის თქმით, მსგავსი პროექტები ზრდის ჩინეთისა და მთლიანად აზიური რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას;

 

  • სტატიაში ხაზგასმულია ქვეყნებს შორის კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი. მათ შორის საუბარია მთვარის ორბიტაზე ერთობლივი სამეცნიერო საერთაშორისო სადგურის მშენებლობაზე;

 

სტატიაში ცალკე თავი მიეძღვნა "რუსეთისა და ჩინეთის დადებით როლს, როგორც რთული საერთაშორისო მდგომარეობის სტაბილიზატორებს." პუტინის თქმით, რუსეთი და ჩინეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობენ დემოკრატიზაციის პროცესებს და უფრო ინკლუზიური საერთაშორისო ურთიერთქმედების სისტემის ჩამოყალიბებას. 

სტატიის დასასრულს რუსეთის პრეზიდენტმა ჩინელებს ადგილობრივი ახალი წელი მიულოცა და ბედნიერება, კეთილდღეობა და ყველანაირი წარმატება უსურვა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის მოწვევით ვლადიმირ პუტინი პეკინს 4 თებერვალს ეწვევა და 29-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. 

ხაზგასასმელია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვლადიმირ პუტინის ეს უკვე მეორე სრულტანიანი სტატიაა - გასულ 2021 წელს რუსეთის პრეზიდენტმა მოცულობითი ნაშრომები გამოაქვეყნა მეორე მსოფლიო ომის და უკრაინის შესახებ.

მსგავსი სიახლეები