ინდური ნავთობკომპანიების უმრავლესობამ რუსული ნავთობის შეძენა შეაჩერა
ნავთობის გადამამუშავებელი ინდური კომპანიების უმრავლესობამ, დეკემბრის თვისთვის, რუსული ნავთობი არ შეიძინა.
ჩაშლილად: ხუთმა უმსხვილესმა ნავთობის გადამამუშავებელმა ინდურმა კომპანიამ რუსული ნავთობის შეძენაზე უარი თქვა. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- აქამდე კომპანიებზე რუსული ნავთობის იმპორტის 2/3 მოდიოდა.
- როგორც წესი, მომდევნო თვის მარაგის შეძენაზე კონტრაქტი მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე ფორმდება. კომპანიებმა Reliance Industries, Bharat Petroleum, Hindustan Petroleum, Mangalore Refinery and Petrochemicals და HPCL-Mittal Energy ამ დრომდე შესაბამისი კონტრაქტები არ წარმოადგინეს.
- ამ დროისთვის მხოლოდ ორმა ინდურმა კომპანიამ, Indian Oil-მა და Nayara Energy-მ შეისყიდა დეკემბრის მარაგი რუსული ნავთობის გამყიდველებისგან.
ფართო ხედით: აშშ-ს მიერ შემოღებული სანქციების ფონზე, რუსული ნავთობის ბარელის ფასმა ბაზარზე $3-4-ით დაიკლო, მიუხედავად ამისა, მსხვილი კომპანიები სანქცირებული ნავთობკომპანიების პროდუქტების შეძენისგან თავს იკავებენ.
- რუსული ნავთობის შეძენაზე ასევე უარი თქვა ჩინურმა კომპანია Yanchang Petroleum-მა, რომელიც კონტინენტური ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანაა.
კონტექსტი: ოქტომბრის ბოლოს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ "ლუკოილისა" და "როსნეფტის" წინააღმდეგ მიღებულმა სანქციებმა, რუსული ნავთობის გაყიდვები საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად შეამცირა.
- სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სანქციები "სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს" და "ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გავლენა არ ექნება".