16:58 | 01 სექტემბერი, 2026 — სომხეთი
ალიევი: სამხრეთ კავკასია, რომელიც კონფლიქტების ზონა იყო, მშვიდობის ზონად ყალიბდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბიშკეკში, "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბაქო და ერევანი მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულების შემდეგ მუშაობენ ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე, მისი ასორტიმენტის გაფართოებასა და ახალი სახმელეთო სატრანსპორტო კომუნიკაციების შექმნაზე.
ვითარების არსი: მისი თქმით, წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პარაფირებით "ბოლო მოუღეს 30 წელზე მეტხანს გაგრძელებულ კონფლიქტს."
- "ამით სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც მრავალწლიანი კონფლიქტების ზონა იყო, მშვიდობის ზონად ყალიბდება," - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
- ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს უკვე აწვდის ნავთობპროდუქტებს, ასევე უზრუნველყოფს მისი ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნების ტვირთების ტრანზიტს.
- "სომხეთთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდაზე, მისი ასორტიმენტის გაფართოებასა და ახალი სახმელეთო სატრანსპორტო კომუნიკაციების შექმნაზე," - თქვა მან.
სტრიქონებს შორის: თავის გამოსვლაში ალიევი ასევე შეეხო გაეროს უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციების საკითხს, რომლებიც 1993 წელს ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღეს. მისი თქმით, ოთხი რეზოლუცია მხოლოდ 30 წლის შემდეგ შესრულდა.
- ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაეროს მათი შესრულების საქმეში როლი არ უთამაშია.
- "აზერბაიჯანმა თავად აღადგინა სრულად საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მოკლე ვადებში შესრულება შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას მოითხოვს," - აღნიშნა ალიევმა.
- მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ასეთი მექანიზმების შექმნა ხელს შეუწყობდა გაეროს ავტორიტეტის ამაღლებასა და საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაში ორგანიზაციის როლის გაძლიერებას.
დიდი სურათი: ამავე სამიტზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს.
- "ამ პოლიტიკის არსი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც რომელიმე გეოპოლიტიკური პოლუსის მიზიდულობა იმდენად ძლიერი ხდება, რომ შეუძლია დაანგრიოს ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენ ვააქტიურებთ ურთიერთობებს მეორე პოლუსთან, რომელსაც მოცემულ სიტუაციაში საკმარისი მიზიდულობა გააჩნია, რათა შევინარჩუნოთ წონასწორობა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სირთულეებით აღსავსე გზაზე." - ხაზი გაუსვა ფაშინიანმა.
- "ასეთი პოლიტიკის მთავარი მიზანია სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განმტკიცება. ამ სტრატეგიების შემუშავებისას მივედით დასკვნამდე, რომ შეუძლებელია გქონდეს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი კონფლიქტის პირობებში ცხოვრებისას, და მრავალპოლუსიანობა ამ გაგებით პირველ რიგში იმ რეგიონში უნდა ვლინდებოდეს, სადაც ცხოვრობ." - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.