მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:29 | 03 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

დივერსიები გერმანიაში გრძელდება - საბოტაჟის აქტი დადასტურდა პოლონეთშიც

გერმანიასა და პოლონეთში თავდაცვით საწარმოებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სერია დაფიქსირდა, რასაც ორივე ქვეყნის ხელისუფლება მიზანმიმართულ საბოტაჟად და დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს.

ვითარების არსი: მიუნხენში უცნობმა პირებმა აალებადი ნარევით სავსე ბოთლები ესროლეს სამშენებლო მოედანს, რომელიც გერმანული თავდაცვითი კონცერნის, Rohde & Schwarz-ის ობიექტებს ესაზღვრება.

  • პოლიციამ დააკავა ორი ეჭვმიტანილი - ბულგარეთის მოქალაქეები (28 წლის ქალი და 38 წლის კაცი); გამოძიება პოლიტიკურ მოტივს იკვლევს.
  • Rohde & Schwarz ელექტრონიკის მსხვილი მწარმოებელია, რომელიც უკრაინულ კომპანიებთან რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განვითარებასა და დრონებში სადაზვერვო კომპონენტების ინტეგრირებაზე თანამშრომლობს.

პარალელურად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ ქალაქ სკარჟისკო-კამიენაში, კომპანია WB Electronics-ის დრონების კომპონენტების ქარხანაში გაჩენილი ხანძარი წინასწარ დაგეგმილი საბოტაჟი იყო.

  • გამოძიება ასევე სწავლობს ქალაქ ლუბლინში საავიაციო კომპოზიტების საწარმო JFG Composites-ის საწყობში მომხდარ ხანძარს.

რა თქვა ტუსკმა: პოლონეთის პრემიერმა პირდაპირ მიუთითა რუსულ კვალზე და კრიპტოვალუტით დივერსიების დაფინანსების სქემაზე.

  • "რაც შეეხება ორ საწარმოში გაჩენილ ხანძარს - სკარჟისკო-კამიენას შემთხვევაში ეჭვი არ არის, რომ ეს იყო მიზანმიმართული ცეცხლის წაკიდება, დივერსიული აქტი. უახლოესი კვირები და თვეები კრიტიკული იქნება არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომისთვის, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვისაც რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გეგმების გამო".
  • ტუსკის თქმით, ტერორისტული ოპერაციების აბსოლუტური უმრავლესობა კრიპტოვალუტას ეფუძნება - "ეჭვგარეშეა, რომ თავდამსხმელთა დაქირავებისა და ანაზღაურების მეთოდი სწორედ კრიპტოაქტივებს ემყარებოდა. რუსეთი კრიპტოვალუტას ამ ტიპის ოპერაციების დასაფინანსებლად მთავარ მექანიზმად იყენებს".

კონტექსტი: გერმანიაში ბოლო 48 საათში უკვე მეოთხე დივერსიაა. მანამდე კიოლნთან (ბერგჰაიმში) და ბრანდენბურგში პიროტექნიკის გამოყენებით ელექტროქვესადგურებზე მოკლე ჩართვები და ენერგობლოკების გაჩერება გამოიწვიეს, აუგსბურგის რკინიგზის სადგურზე კი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რასაც ორი ადამიანის დაშავება მოჰყვა.

  • აღნიშნულ ტალღას წინ უძღოდა ბერლინის მიერ კრემლის ღია დადანაშაულება ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტზე დრონებით თავდასხმის მცდელობაში, რომლის სამიზნეც უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავი "Ан-124" იყო.
  • გერმანულმა გამოძიებამ შემსრულებლების იდენტიფიცირება უკვე შეძლო - საქმე ეხება რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ლატვიის მოქალაქესა და რუსეთ-ბელარუსის ორმაგ მოქალაქეს.
  • დიპლომატიური ესკალაციის ფარგლებში გერმანიამ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოსა და ბერლინში "რუსული სახლის" დახურვა გადაწყვიტა და სავიზო კონტროლი გაამკაცრა, რაზეც მოსკოვმა სარკისებური ზომით - გოეთეს ინსტიტუტის დახურვით უპასუხა.

ასევე ნახე