04:11 | 03 აპრილი, 2026 — საქართველო
EU საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.
ვითარების არსი: აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით გამგზავრებისას, ზემოაღნიშნული კატეგორიის პასპორტების მფლობელებს ვიზის აღება მოეთხოვებათ.
- ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი ამოქმედდა. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თანხმობით იქნა მიღებული
რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა
2026 წლის 6 მარტიდან საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შენგენის ზონაში სამგზავრო ვიზა დასჭირდებათ;
ამ გადაწყვეტილებას შენგენის ზონის ყველა ქვეყანა, გამონაკლისის გარეშე, შეასრულებს;
ევროკომისიამ მიიღო სახელმძღვანელო მითითებები წევრი სახელმწიფოებისთვის გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსასრულებლად. იმ პირებს, რომლებიც ოფიციალური ან დიპლომატიური მიზნით მგზავრობისას არ გამოიყენებენ შესაბამის პასპორტს, შესაძლოა ევროკავშირში შესვლა შეეზღუდოთ;
საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივი პასპორტებით უვიზო მიმოსვლით სარგებლობას კვლავ გააგრძელებენ.
მიღებული გადაწყვეტილების მოტივაცია
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების საფუძველზე მიენიჭა, რომელთა დარღვევასაც შედეგები მოჰყვება;
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები და უგულებელყო ევროკავშირის რეკომენდაციები კურსის შეცვლასთან დაკავშირებით;
საპროტესტო აქციების მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართულმა რეპრესიულმა ზომებმა საქართველოში ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობაზე მძიმე გავლენა მოახდინა.
შემდეგი ნაბიჯები
უვიზო მიმოსვლის შეჩერება 12 თვე (2027 წლის 6 მარტამდე) გაგრძელდება;
თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ აღმოფხვრის, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა დამატებით 24 თვით გახანგრძლივდეს ან მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს;
პასუხისმგებლობა სიტუაციის გამოსწორებაზე საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ევროკავშირი პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებს;