რუსეთი 2027 წელს თავდაცვაზე 17.1 ტრილიონი რუბლის ($202.58 მილიარდი) დახარჯვას გეგმავს. ეს თავდაპირველ ბიუჯეტზე 27%-ით მეტია და 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ სარეკორდო მაჩვენებელია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: Reuters-ის მიერ მოპოვებული სამთავრობო დოკუმენტები აჩვენებს, რომ კრემლი ომის დასაფინანსებლად სულ უფრო მეტ ვალს იღებს და გადასახადებს ზრდის, მაშინ როცა ნავთობისა და გაზის შემოსავლები მცირდება.
რიცხვებში: რუსეთის ფედერაცია მომდევნო 3 წლის განმავლობაში თავდაცვაზე 50 ტრილიონ რუბლს დახარჯავს.
2026 წლის ბიუჯეტის დეფიციტის განახლებული პროგნოზი მშპ-სთან მიმართებით 3.2% იქნება (წინა პროგნოზი მხოლოდ 1.6% იყო).
სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა 2027 წლისთვის 21.7% იქნება. ეს აჭარბებს 20%-იან ნიშნულს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება "უსაფრთხოდ" მიიჩნევს (2026 წელს ვალი 19.9% იქნება).
2026 წლის ჯამური საბიუჯეტო ხარჯები 48.6 ტრილიონი რუბლი იქნება, რაც 13.2%-იან ზრდას ნიშნავს (მშპ-ის 20.9%).
ფარული ხარჯები: 2026 წელს მთავრობა თავდაცვაზე ოფიციალურად 12.1 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა რეალური თანხა გასაიდუმლოებულია.
- გარდა ამისა, სამხედრო ხარჯების ნაწილი ბიუჯეტის სხვა მუხლებშია გადანაწილებული.
ფულის წყარო: დეფიციტის დასაფინანსებლად მოსკოვი რამდენიმე გზას იყენებს:
2027 წლიდან გადასახადები იზრდება. მეტალურგიულ და სამთო-მოპოვებით კომპანიებზე დაწესებული ახალი ე.წ. "მოულოდნელი მოგების გადასახადი" ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიარდ რუბლს შემოიტანს.
2026 წელს მთავრობა წმინდა სესხების გეგმას 26%-ით, 5 ტრილიონ რუბლამდე ზრდის. 2027 წელს კი ჯამური სესხი 43%-ით მოიმატებს და 7.7 ტრილიონ რუბლს მიაღწევს.
დეფიციტის შესამცირებლად, მთავრობა "ეროვნული კეთილდღეობის ფონდის" ლიკვიდური ნაწილის 11%-ს (459 მილიარდ რუბლს) დახარჯავს.
კონტექსტი: ხარჯებისა და ვალის ზრდა შემცირებული ენერგოშემოსავლების ფონზე ხდება.
- მთავრობამ 2026 წლის ნავთობისა და გაზის შემოსავლების პროგნოზი 8.9 ტრილიონიდან 7.6 ტრილიონ რუბლამდე შეამცირა.
- მოსალოდნელია, რომ მთავრობა ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს 1 ოქტომბრამდე წარუდგენს.