11:13 | 02 სექტემბერი, 2026 — რუსეთი
რუსეთი ირანს საიდუმლოდ ეხმარება ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტების ტექნოლოგიის განვითარებაში - FT
რუსეთი ირანს საიდუმლოდ ეხმარებოდა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტების შექმნაში. ამის შესახებ გამოცემა The Financial Times წერს.
ვითარების არსი: ექსპერტების თქმით, ეს რაკეტები, სავარაუდოდ, ხომალდსაწინააღმდეგო და სახმელეთო თავდასხმებისთვის იყო განკუთვნილი.
- პროგრამა, კოდური სახელწოდებით C430L, 2023 წელს დაიწყო და იგი ორგანიზებული იყო რუსეთის სახელმწიფო იარაღის ექსპორტიორის, Рособоронэкспорт-ის მიერ, აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ НПО машиностроения-სთან კოორდინაციით.
სტრიქონებს შორის: FT-ის ცნობით, НПО машиностроения-ს უფროსი ინჟინრები 2023 წელს ირანში არაერთხელ იმყოფებოდნენ.
- ამ ვიზიტებში მონაწილეობდნენ ინჟინრები: ალექსანდრ დერგაჩოვი, საზღვაო ბაზირების რაკეტებისა და ფრთოსანი სარაკეტო კომპლექსების მთავარი კონსტრუქტორი; ალექსანდრ ჩებაკოვი, НПО машиностроения-ს საჰაერო-რეაქტიული ძრავების საპროექტო განყოფილების ხელმძღვანელი და ფრთოსანი რაკეტების ჰიპერბგერითი რეაქტიული ძრავების სპეციალისტი და იური პროხორჩუკი, აეროდინამიკისა და ბალისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.
- გამოცემამ ასევე შეიტყო, რომ ვლადისლავ კუზმიჩოვი, Рособоронэкспорт-ის თავდაცვის ტექნოლოგიებისა და კოსმოსის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დელეგაციას ირანში მესამე ვიზიტისას ახლდა თან.
დიდი სურათი: 2025 წლისთვის НПО машиностроения-მ მიიღო ირანული ტექნიკური მასალები, რომლებიც რუსმა ინჟინრებმა გააანალიზეს და სხვადასხვა კითხვები გააგზავნეს.
- 2025 წლის აპრილის მიმოწერაში, რომელიც FT-მა იხილა, Рособоронэкспорт-მა გამოთქვა ირანში რუსი სპეციალისტების დელეგაციის გაგზავნის ინიციატივა და თეირანს სთხოვა, ვიზიტამდე ეპასუხა ინჟინრების კითხვებზე.
- "ხშირად ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიების გადაცემა მხოლოდ ნახაზების, ნაწილების ან მთლიანი რაკეტების გაგზავნას გულისხმობს," - განუცხადა FT-ს ფაბიან ჰინცმა, ირანული რაკეტების ექსპერტმა და ორგანიზაცია Conflict Armament Research-ის უფროსმა ანალიტიკოსმა. "მაგრამ 60 წლის ინჟინრის გაგზავნა პრობლემების გადასაჭრელად, თავისი გამოცდილების გამოყენებით, უზარმაზარი ღირებულების მატარებელია."
კონტექსტი: სამშაბათს ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვის პოზიციისთვის ირანში ომსა და სანქციებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მოსკოვს და თეირანს ერთად შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-ს.
- ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შედგა.
- შეხვედრის დროს პუტინმა პეზეშკიანს განუცხადა, რომ მოსკოვი სოლიდარულია ირანელი ხალხის მიმართ საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლაში. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი და ირანი შეინარჩუნებენ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს არსებული სამხედრო და პოლიტიკური გარემოს მიუხედავად.