ახალი ამბები

16:47 | 07 ივლისი, 2026 — საფრანგეთი

საფრანგეთის სასამართლომ ლე პენს 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოს მარინ ლე პენს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, თუმცა განაცხადა, რომ მან ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს.

ვითარების არსი: სასამართლომ ლე პენი დამნაშავედ ცნო თანხების გაფლანგვაში, თუმცა შეუმსუბუქა არჩევითი თანამდებობის დაკავების აკრძალვა და გადაწყვეტილების მიღება მას მიანდო.

  • ახლა მან უნდა გადაწყვიტოს, იქნება თუ არა შესაძლებელი 2027 წელს საარჩევნო კამპანიის წარმოება სათვალთვალო სამაჯურით, რაც მისი შინაპატიმრობის სასჯელის ნაწილია. ეს განაჩენი ლე პენისთვის ნაწილობრივ გამარჯვებად მიიჩნევა.
  • სასამართლომ ლე პენს არჩევითი თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა ხუთი წლიდან 45 თვემდე შეუმცირა, რომლის ორი მესამედიც პირობითია.
  • ასევე პოლიტიკოსს შეუმცირეს პატიმრობის ვადა ოთხი წლიდან სამ წლამდე, საიდანაც ორი წელი პირობითია. მიუხედავად ამისა, დარჩენილი ერთწლიანი შინაპატიმრობა კვლავ რჩება პოტენციურ ბარიერად და ჯერჯერობით გაურკვეველია, მიაჩნია თუ არა მას შესაძლებლად კამპანიის წარმოება ამ პირობებში.

სტრიქონებს შორის: 57 წლის ლე პენმა, შესაძლოა, თავისი მოსაზრებები სამშაბათს საღამოს, სატელევიზიო ინტერვიუში გამოთქვას.

  • მან გაასაჩივრა 2025 წლის მარტის განაჩენი, რომლითაც ის და მისი პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" სხვა წევრები დამნაშავედ ცნეს ევროპარლამენტის სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაში.
  • კერძოდ, 2004-2016 წლებში, პარტიის თანამშრომლებს ხელფასებს უხდიდნენ იმ ბიუჯეტით, რომელიც განკუთვნილი იყო ევროპარლამენტის ასისტენტებისთვის.
  • ქვედა ინსტანციის სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა (რომლის აღსრულებაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეჩერებული იყო) და ხუთი წლით აუკრძალა არჩევითი თანამდებობის დაკავება.

დიდი სურათი: ლე პენი უარყოფს ყოველგვარ დანაშაულს და კვლავ იმედოვნებს, რომ მეოთხედ იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის. თუ ის გადაწყვეტს, რომ სამაჯურით კამპანიის წარმოებას ვერ შეძლებს, მაშინ კანდიდატი მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჯორდან ბარდელა იქნება.

  • 30 წლის ბარდელა ამჟამად ანტიიმგრაციული და ევროსკეპტიკური "ეროვნული გაერთიანების" თავმჯდომარეა.
  • განაჩენის გამოტანამდე ლე პენმა განაცხადა, რომ თუ სასამართლო ისეთ შეზღუდვებს დააწესებდა, რაც გაართულებდა კამპანიის წარმოებას, მან შესაძლოა უარი თქვას კენჭისყრაზე. მისი თქმით, ეს შეიძლება მოიცავდეს ელექტრონულ მონიტორინგსაც.
  • "თუ კანდიდატობის უფლებას მომცემენ, მაგრამ რეალურად ამიკრძალავენ თავისუფლად კამპანიის წარმოებას, მაშინ თავადაც გესმით, რომ ეს შეუძლებელი იქნება," - განაცხადა ლე პენმა გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუში.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე