ახალი ამბები

20:14 | 26 ივლისი, 2026 — აშშ

ტრამპმა ირანის დაბომბვაზე უარი თქვა: მიზეზი საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტია - NYT

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე ახალი მასშტაბური დარტყმები გადაადო. ამის შესახებ The New York Times ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ვითარების არსი: გამოცემის ცნობით, ტრამპმა ეს გადაწყვეტილება 24 ივლისს მრჩევლებთან და კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

  • წყაროების ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ ომის ესკალაციამ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში Patriot-ის საზენიტო კომპლექსებისა და ამერიკული საჰაერო თავდაცვის სხვა საშუალებების რაკეტების მარაგები ამოწუროს.
  • NYT წერს, რომ ამ საკითხზე შიშები მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ ფაქტორს შორის, რაც მასშტაბური საომარი მოქმედებების განახლებას რისკიან ნაბიჯად აქცევს. კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაციას აშფოთებს ახლო აღმოსავლეთში ომის გაფართოების პერსპექტივა, სპარსეთის ყურის საკვანძო მოკავშირეებთან შესაძლო უთანხმოება, გლობალური ეკონომიკური კრიზისის საფრთხე, ასევე ენერგეტიკულ სფეროში პრობლემების გამწვავება და ლტოლვილთა კრიზისი.

სტრიქონებს შორის: გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გარემოცვაში ესკალაციის პერსპექტივა გონივრულად ცოტა ადამიანმა მიიჩნია.

  • ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, ეჭვქვეშ დააყენა ის, რომ მასშტაბური საომარი მოქმედებების განახლება თეირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას აიძულებს.

დიდი სურათი: 18 ივნისს აშშ-მა და ირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც 60 დღით საომარი მოქმედებების შეწყვეტას, ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებდა.

  • ერთ თვეზე ნაკლებ დროში აშშ-მა ირანზე დარტყმები განაახლა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ერთმანეთი ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს.
  • ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ირანის საპასუხო სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, რომლებიც იორდანიაში იმყოფებოდნენ. თუმცა, 25 ივლისის ღამეს, აშშ-მ ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველად არ დაბომბა ირანი - 13-დღიანი უწყვეტი დარტყმების შემდეგ.

კონტექსტი: აშშ-მა და ისრაელმა ირანთან ომი 28 თებერვალს დაიწყეს. ავიადარტყმების შედეგად მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და სამხედრო ელიტის უდიდესი ნაწილი. ისლამურმა რესპუბლიკამ საპასუხოდ სპარსეთის ყურის რეგიონის სახელმწიფოებს და ისრაელს შეუტია. 

  • ივნისის შუა რიცხვებში აშშ-მა და ირანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტის განბლოკვას ითვალისწინებდა.
  • თუმცა, ორ კვირაზე ნაკლებ დროში ირანელებმა ჰორმუზის სრუტეში ტანკერების დაბომბვა დაიწყეს, რასაც შეერთებულმა შტატებმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმებით უპასუხა. მოლაპარაკებების პროცესი კი გაყინულია.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე