ახალი ამბები

23:45 | 27 მაისი, 2026 — აშშ

ზელენსკის წერილი ტრამპს: უკრაინაში საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, განსაკუთრებით კი ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო საშუალებების დეფიციტის შესახებ წერს. ამ ინფორმაციას Kyiv Independent და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი კომუნიკაციების საკითხებში, დმიტრო ლიტვინი ავრცელებენ.

ვითარების არსი: გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკიმ წერილში განაცხადა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის საკითხში უკრაინა "თითქმის ექსკლუზიურად აშშ-ზეა დამოკიდებული."

  • წერილში ასევე გამოხატულია კიევის მზარდი შეშფოთება PURL-ის პროგრამის ფარგლებში იარაღის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სირთულეების გამო.
  • "PURL პროგრამის ფარგლებში მოწოდების ამჟამინდელი ტემპი აღარ შეესაბამება იმ საფრთხის რეალობას, რომლის წინაშეც ვდგავართ. გთხოვთ დახმარებას უკრაინის საჰაერო სივრცის რუსული რაკეტებისგან დასაცავად," - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტრიქონებს შორის: მან აშშ-ის პრეზიდენტსა და კონგრესს მოუწოდა, "დარჩნენ პროცესში ჩართულნი."

  • "და დაგვეხმარონ რუსული ტერორისგან თავდაცვის ამ სასიცოცხლო საშუალების – Patriot PAC-3 რაკეტებისა და დამატებითი სისტემების - უზრუნველყოფაში, რათა შევაჩეროთ რუსული ბალისტიკური რაკეტები და სხვა სარაკეტო თავდასხმები," - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
  • წერილში მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის ცის დაცვა შესაძლებელია: "რუსული რაკეტების უმეტესობის შეჩერება შეიძლება."

დიდი სურათი: უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, გამოთქვეს შიში, რომ Patriot-ის რაკტებისა და სხვა სისტემების შეზღუდული მარაგები შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს რუსული დაბომბვებისთვის გასამკლავებლად.

  • "ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ სიტუაცია მართლაც რთულია," - განაცხადა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
  • მისივე თქმით, აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ ზელენსკის წერილი გადასცა თეთრი სახლის წარმომადგენლებს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონსა და კონგრესის სხვა წევრებს.
  • ჟურნალისტებმა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს კომუნიკაციების საკითხებში სთხოვეს დაედასტურებინა ან უარეყო, ნამდვილად გაუგზავნა თუ არა ზელენსკიმ მსგავსი მიმართვა. ამაზე ლიტვინმა განაცხადა, რომ უკრაინელი ლიდერისგან ასეთი წერილი ნამდვილად ორ ადრესატთან შევიდა: ტრამპთან და აშშ-ის კონგრესში.

კონტექსტი: აღსანიშნავია, რომ 24 მაისს, კიევზე რუსეთის მასირებული დარტყმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 92 დაშავდა.


ასევე ნახე