36% – თურქეთში ინფლაცია ერდოღანის მმართველობის პერიოდში რეკორდულ ნიშნულზეა

 

თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 36.1%-ს მიაღწია, რაც რეჯეფ თაიპ ერდოღანის მმართველობის პერიოდში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ამაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი თურქეთში ბოლოს 2002 წელს გამოვლინდა. 

თურქეთში მიმდინარე სავალუტო კრიზისის ფონზე სამომხმარებლო ფასები ქვეყანაში თითქმის ყოველდღიურად იზრდება. მხოლოდ დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 13.5% შეადგინა, რამაც კიდევ უფრო გააუფასურა თურქეთის მოსახლეობის დანაზოგები და გააუარესა ცხოვრების დონე. 

მხოლოდ გასულ წელს თურქეთის ეროვნული ვალუტა 44%-ით გაუფასურდა. ქვეყნის ეროვნული ბანკის წინასწარი პროგნოზებით 2021 წელს ინფლაცია 18%-ის ფარგლებში უნდა ყოფილოყო, თუმცა პრეზიდენტ ერდოღანის მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად სამომხმარებლო ფასები მთელი წლის განმავლობაში მკვეთრად იზრდებოდა. 

წინა წლების მსგავსად პრეზიდენტმა ერდოღანმა 2021 წელსაც გააგრძელა ეროვნულ ბანკზე ზეწოლის კამპანია. გასულ 2021 წელს ერდოღანმა ეროვნული ბანკის სამი პრეზიდენტი დაითხოვა, ბოლოს კი თანამდებობაზე ლოალისტი საჰაპ კავჩიოღლუ დანიშნა.

პრეზიდენტ ერდოღანის არაორთდოქსული მიდგომით ფასების სტაბილურობაზე მეტად, მნიშნველოვანია ეკონომიკისთვის იაფი ფულის მიწოდება და ექსპორტის ზრდა, ამისთვის კი აუცილებელია დაბალი საბაზისო განაკვეთები. 

ერდოღანის ზეწოლის ქვეშ ცენტრალური ბანკმა მკვეთრად შეამცირა საბაზისო განაკვეთები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ლირის გაუფასურება ინფლაციის დონე. 

ინფლაციით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ერდოღანის გადაწყვეტილებით დეკემბერში ერდოღანის გადაწყვეტილებით მინიმალური ხელფასი 50%-ით გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა ამჟამად დოლარში გამოხატული მინიმალური ხელფასი უფრო დაბალია, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში. 

მინიმალური ხელფასის ზრდის პარალელურად ერდოღანის გადაწყვეტილებით სახელმწიფო დაასუბსიდირებს ზარალს, რომელიც ლირაში ნომინირებული დეპოზიტების მფლობელებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებით მიადგებათ. ეკონომისტების აზრით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაართულებს ბიუჯეტის კონსოლიდაციას, გაზრდის დეფიციტს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ლირის გაუფასურებას. 

სავალუტო კრიზისმა მნიშნვნელოვნად გააუარესა მმართველი პარტიის პოზიციებიც - ბოლო გამოკითხვების მიხედვით ერდოღანისა და მისი პარტიის მხარდაჭერის რეიტინგი თვიდან-თვემდე მცირდება. ბოლო კვლევის მიხედვით თურქეთის მოსახლეობის 60%-ს არ სჯერა, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ხაზგასასმელია, რომ ამ 60%-დან მესამედი მმართველი პარტიის მხარდამჭერია. 

10 წლის წინ ერთი დოლარი 1.8 ლირა ღირდა, დღეს კი იგივე მაჩვენებელი თითქმის 14 ლირას შეადგენს. სავალუტო კრიზისი განსაკუთრებით იგრძნობა სტამბოლში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი ცხოვრობს. სხვადასხვა მონაცემებით სტამბოლში ცხოვრება 50%-ით გაძვირდა. 

თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული კომიტეტი მორიგ სხდომას 20 იანვარს გამართავს, 27 იანვარს გამოქვეყნდება წლიური ინფლაციის ანგარიში. 

საინვესტიციო ბანკის Goldman Sach-ის პროგნოზით, გაზაფხულისთვის ინფლაციის მაჩვენებელი თურქეთში 40%-ს გადააჭარბებს.

თურქეთის სავალუტო კრიზისზე უფრო მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

მსგავსი სიახლეები