"გლუშკოვოში ხაფანგი დაიხურა", კურსკის ოპერაცია, დღე 14 - მთავარი

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის მეთოთხმეტე დღე მიმდინარეობს. გასულ 24 საათში გაგრძელდა უკრაინული დანაყოფების წინსვლა გლუშკოვოს რაიონში. ЗCУ-ს მოქმედებებიდან ჩანს, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა წინსვლაზე მეტად უკვე დაკავებული პოზიციების ფლანგების გამაგრებასა და ფრონტის გაფართოებაზეა ორიენტირებული. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 19 აგვისტოს დილისთვის, უკრაინის "გაცვლითი ფონდი" კიდევ გაიზარდა - უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის უკრაინული არმია კურსკში 1250 კვადრატულ კილომეტრსა და ჯამურად 92 დასახლებას აკონტროლებს. 

გიყვებით უკრაინული იერიშის მეთოთხმეტე დღის მთავარ ამბებს. 

წინა დღეების მსგავსად გასული 24 საათის მთავარი მოვლენა უკრაინული არმიის მიერ გლუშკოვოს რაიონში, კერძოდ სოფელ კირჟში, მდინარე სეიმზე გადებული რიგით მესამე ხიდის განადგურება იყო.  ეს რაიონში ჩარჩენილი რუსული დანაყოფების მომარაგების ბოლო არტერია იყო. სხვა 2 ხიდი უკრაინულებმა 16 და 18 აგვისტოს გაანადგურეს. 

გლუშკოვოს რაიონის სოფელ კირჟში ЗСУ-ს მიერ ბოლო დარჩენილი ხიდის განადგურების შესახებ პირველი ცნობები Z-ბლოგერმა, ვლადიმირ რომანოვმა გაავრცელა. მოგვიანებით ხიდის განადგურების შესახებ გავრცელებული ცნობები დაადუსტურეს პროპაგანდისტულმა ტელეგრამ არხმა, Readovka-მ და ბლოგერმა, იური პოდოლიაკამ. 

ხიდების განადგურება მდინარე სეიმის დასავლეთ ნაპირზე მოქმედი რუსული დანაყოფების მომარაგებას მკვეთრად ართულებს და მათ ოპერატიული ალყის საფრთხის წინაშე აყენებს. რუსული წყაროების ცნობით, ჯამურად ამ რაიონში 2500 ჯარისკაცია განლაგებული. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა იძულებული იქნება ჯარები სეიმის აღმოსავლეთ ნაპირზე გადაიყვანოს, რის შედეგადაც კურსკის ოლქში უკრაინის შეირაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოცულობა 700 კვადრატული კილომეტრით გაიზრდება. 

საყურადღებოა, რომ ჯერჯერობით არ გავრცელებულა განადგურებული ხიდის ამსახველი ვიდეო მასალა.

გლუშკოვოს რაიონში რუსული დანაყოფებისთვის არსებული მძიმე ვითარებისთვის დასტურად მდინარეზე სახელდახელოდ გადებული პონტონური გადასვლელიც მიუთითებს

"პონტონებს ადრე თუ გვიან უკრაინული არტილერია გაანადგურებს, ამიტომაც რუსული არმია სერიოზული გამოწვევების წინაშეა: შეეცადნონ სამხედრო დაჯგუფების გაყვანას, ან პირიქით შეეცადნონ ბოლომდე დარჩნენ რაიონში, რითიც ჯარისკაცებს სიკვდილისთვის ან ტყვეობისთვის გაწირავენ"- წერს სამხედრო ანალიტიკოსი, იან მატვეევი.

მოსალოდნელია, რომ მომდევნო დღეებში სწორედ ამ რაიონში ვიხილავთ უკრაინული არმიის წინსვლას. ამაზე მიუთითებს უკრაინული ავიაციის გაძლიერებული დარტყმები სოფელ ტიოტკინოს მიმართ. 

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გასული 24 საათის განმავლობაში საომარი მოქმედებების ზონის სხვა მონაკვეთებზე რომელიმე არმიის წინსვლის შესახებ დადასტურებული ცნობები არ არსებობს. Deep State-ის მონაცემებით, უკრაინულმა დანაყოფებმა წინ წაიწიეს მარტინოვკის მიმართულებით. 

რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, კვლავ გაგრძელდა უკრაინის შეტევები რაიონულ ცენტრ კორონევოს მიმართულებით. Z-ბლოგერი იური პოდოლიაკა იუწყება, რომ უკრაინული დანაყოფები 4 ჯავშანტრანსპორტიორით დასახლების დასავლეთ ნაწილშიც იმყოფებოდნენ, თუმცა მისი თქმით, ამ დროისთვის რუსეთის არმია დასახლებულ პუნქტს სრულად აკონტროლებს. 

იმავე პოდოლიაკას ცნობით, ქალაქ სუჯის სამხრეთით ვითარება არ შეცვლილა და აქ უკრაინული არმია ძირითად დაკავებული პოზიციების გამაგრებითაა დაკავებული. "მათ შემოყვათ ახალი ბრიგადა, რომელიც გამაგრებით სამუშაოებს ასრულებს. ეს ათავისუფლებს შემდგომი შეტევებისთვის 80-ე და 82-ე მექანიზებულ ბრიგადებს მობილურ დანაყოფებს."

თავის ყოველდღიურ კრებსში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს უკრაინული დანაყოფების ყოფნას კალინოვოსა და კრემიანოეს რაიონებში. 

პარელელურად როსტოვის ოლქში უკვე მესამე დღეა ვერ აქრობენ მასშტაბურ ხანძარს, რომელიც პროლეტარსკის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად გაჩნდა. პროლეტარსკი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც სხვადასხვა შეფასებებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტებს ინახავს. 

კურსკს მიღმა

უკრაინული წყაროების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ დაიკავა დასახლებები: მეჟოვე, სკუჩნე და ჟურავკა, გარდა ამისა ისინი წინ მიიწევენ გროდივკისა და ზავიტნოეს მიმართულებით. 

კვლავ გრძელდება მძიმე ბრძოლები სოფელ ნიუ-იორკის განაპირას. 

უკრაინული OSINT პროექტის, Deep State-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა Агентство ასკვნის, რომ გასულ კვირის განმავლობაში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი დონეცკში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მაისის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა. 

გამოცემის მონაცემებით გასული კვირის განმავლობაში საოკუპაციო არმიამ 80 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავა, აქედან 58 კვადრატული კილომეტრი პოკროვსკის მიმართულებაზე. 

საოკუპაციო არმიის წინსვლის დიდი ნაწილი ქალაქ პოკროვსკის მიმართულებაზე მოდის. ბრიტანული The Economist-ის წყარო უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში ადასტურებს რუსეთის არმიის მოქმედებების ინტენსივობის კლებას კურსკის ოპერაციის დაწყების შემდეგ ფრონტის ყველა მონაკვეთზე გარდა პოკროვსკისა. 

Агентство-ს ანალიზის მიხედვით, ნათელი ხდება, რომ ფრონტის სხვა მონაკვეთებზე (სვატოვო, ჩასოვ იარი, ზაპორიჟია) რუსეთის არმიის წინსვლა შენელდა, ან მთლიანად შეჩერდა (ხარკივი).

პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარე მძიმე ბრძოლების შესახებ წერს ოფიციალურ ტელეგრამ არხზე ЗСУ-ს მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკიც. პოკროვსკის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რომ ქალაქიდან იძულებითი ევაკუაცია უკვე 20 აგვისტოდან დაიწყება.

პოკროვსკის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, ოსმან ბუნიატოვი საკუთარ ტელეგრამ არხზე. 

"მტკივნეულია იმის გააზრება, თუ რამდენ შეცდომას უშვებს ხელმძღვანელობა ფრონტის ამ მონაკვეთზე. მეთაურები არ ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთში და მიმაგრებულ დანაყოფებს შორის. ზოგი დანაყოფი დეზორიენტირებულია"- წერს ბუნიატოვი. 

ანალიზი

კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წამოწყებული იერიშის შედეგად რუსეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ანალიზს აქვეყნებს Carnegie-ის ფონდის მოწვეული ექსპერტი ტატიანა სტანოვაია. 

სტანოვიას შეფასებით, ნათელია, რომ კრემლს არ აქვს კურსკში შექმნილი კრიზისის ოპერატიულად მოგვარების რესურსი - ვინაიდან ნაკლებად მოსალოდნელია, პუტინმა კურსკში გადაისროლოს რეზერვები ფრონტის პრიორიტეტული მონაკვეთებიდან, ან სავალდებულო მობილიზაცია გამოაცხადოს. 

"ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინული არმიის ყოფნა საზღვრისპირა ზოლში თვეების, შესაძლოა წლების განმავლობაში შენარჩუნდეს"- წერს სტანოვაია. 

ექსპერტი ასევე აფასებს რუსეთის საზოგადოების რეაქციას კურსკში შექმნილ ვითარებაზე და ამბობს, რომ განგაშის გრძნობა მოსახლეობაში მართლაც გაიზარდა, თუმცა უმნიშვნელოდ იმასთან შედარებით რაც 2022 წლის სექტემბერში კრემლის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას მოჰყვა. 

"განგაშის განცდა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, მაგრამ უკვე ნათელია, რომ მკვეთრი ნახტომი არ იქნება. გასაგებია, რომ ადგილზე შექმნილი ვითარება სხვანაირად აღიქმება, მაგრამ კურსკში მიმდინარე მოვლენები მეტად ლოკალურია იმისთვის, რომ ეროვნული განწყობები მნიშვნელოვნად შეცვალოს"- წერს სტანოვაია. 

ექსპერტის შეფასებით, კურსკში უკრაინული არმიის იერიშმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ე.წ. დროშის ირგვლივ გაერთიანების ეფექტს, რაც ხელსაყრელი იქნება კრემლისთვის. 

სტანოვაიას შეფასებით, კურსკში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააბრუნა დღის წესრიგში ე.წ. ტურბო-პატრიოტებისა (პრიგოჟინი, სტრელკოვი, სხვ) და ხელისუფლების კონფლიქტი, რომლებიც კრემლისგან გადამჭრელ ზომებს და სრულ მობილიზაციის ითხოვენ. 

"მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ სეგმენტს არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები და მეტად დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრელმს მათთან სერიოზული პრობლემები შეექმნას"- წერს სტანოვაია. 

ექსპერტის შეფასებით, კურსკში განვითარებულ მოვლენებს ჯერჯერობით არაფერი შეუცვლია რუსეთის ელიტების აღქმაში - "ისინი დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინელთა შეტევა ჩაიფუშება და სტრატეგიულად მაინც არაფერი შეიცვლება, რუსეთის სამხედრო დომინაცია კი შენარჩუნდება."

სტანოვაია გამოეხმაურა კურსკის შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ გავრცელებულ ცნობებსაც - ექსპერტის აზრით, თუ რამე მოლაპარკებები იყო ეს წმინდად ოპერატიული კრიზისების გადასაჭრელად ხდებოდა და არანაირ სამშვიდობო პროცესი არ მიმდინარეობდა. 

"უკრაინის იერიში - ეს შხამის მეტად მცირე დოზაა, ორგანიზმის მწყობრიდან გამოსაყვანად. ცხადია, ეს ძალიან უსიამოვნოა კრემლისთვის და რეპუტაციულად დიდ ზიანს აყენებს რუსეთის ხელისუფლებას, მაგრამ ეს არ გადაითარგმნება სოციალური და პოლიტიკური უკმაყოფილების ზრდაში, ან ელიტების აჯანყებაში. ეს არ შეარბილებს პუტინის პოზიციებს, რომელსაც ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნია სად და როგორ აკონტროლებენ უკრაინელები - პუტინი მთელ თავის რესურსს უკრაინული სახელმწიფოს ჩამოქცევაზე დებს, რაც მისი აზრით ავტომატურად უაზროდ აქცევს რომელიმე ტერიტორიის კონტროლს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ უკრაინელთა იერიში არაეფექტურია: უბრალოდ ეროზიას უფრო მეტი დრო დასჭირდება და ბოლო პერიოდში განცდილი შოკების შედეგებს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში და შეცვლილ პოლიტიკურ გარემოებებში ვიხილავთ."

მსგავსი სიახლეები