იემენში ჭყლეტაში სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა
იემენის დედაქალაქ სანააში, რამადანისას ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისთვის მოწყალების დარიგების დროს, ჭყლეტა მოხდა.
ამის შესახებ 20 აპრილს Reuters ადგილობრივ ხელისუფლებასა და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.
მოწყალება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 9 დოლარია, სკოლის მახლობლად რიგდებოდა და ამ დახმარების მისაღებად ასობით ადამიანი მივიდა.
ჭყლეტა სკოლის ეზოს კართან მოხდა.
შედეგად, სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა. დაშავებული 77 ადამიანიდან 13 მძიმე მდგომარეობაშია.
იემენის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ორი ადამიანი დააკავეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შემოწირულობის კამპანიის ორგანიზებაზე.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ყველა ზომას მიიღებს, "რათა ეს აღარ განმეორდეს."