მაია სანდუს პრო-დასავლურმა პარტიამ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტიამ 11 ივლისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ანალიტიკოსების აზრით, პარტიის გამარჯვება ქვეყანაში რუსეთის გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს.
პრო-ევროპულმა “მოქმედების და სოლიდარობის” პარტიამ ხმების 52.6% მიიღო.
სანდუს მთავარ ოპონენტს, კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკს კი მოსახლეობის 27.32%-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
“იმედი მაქვს დღეს მოლდოვა დაასრულებს რთულ ერას, ქურდების მმართველობის ერას. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ და გამოსცადონ სუფთა პარლამენტის და მთავრობის სიკეთეები, რომელიც ზრუნავს ადამიანების პრობლემებზე”, - დაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დასრულებას შეუწყობს ხელს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში სანდუს გამარჯვების შემდეგ დაიწყო.
დეკემბერში ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა, შემდგომში კი პრეზიდენტმა ორჯერ სცადა ქვეყნის პრო-რუსი პრემიერ-მინისტრის გადაყენება, ხოლო აპრილში მან პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა.
არჩევნებს ბევრი აღიქვამდა, როგორც რეფერენდუმს მოლდოვის საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე.
ქვეყანაში 3.2 მილიონი ამომრჩეველია. საპარლამენტო არჩევნებზე ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა (48.41%) დაფიქსირდა.
თუმცა, განსაკუთრებით აქტიური იყო მოლდოვური დიასპორა, რომელიც პრო-დასავლურად არის განწყობილი.
“მოქმედების და სოლიდარობის” პარტიამ დიასპორის ხმების 86.13% მიიღო. არჩევნებში ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა 212 000-მა მოლდოვის მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. მოლდოვის გარეთ 150 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის, 12 მეზობელ რუმინეთში.
ახალი პარლამენტი 27 აგვისტოს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს შეიკრიბება.