პუტინი კობახიძის და ვარჰეის საუბარზე: პოლიტიკური ბოდვა და უმსგავსობაა

"პოლიტიკური ბოდვა და უმსგავსობა",- ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარი, რომელშიც კობახიძის მტკიცებით ვარჰეი "სიცოცხლის მოსპობით" დაემუქრა. 

ვლადიმირ პუტინმა საქართველოს პრემიერის შესახებ დასმულ კითხვას ბელარუსში, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

ვლადიმირ პუტინს კითხვა Russia Today-ის ჟურნალისტმა დაუსვა. 

- რაღაც უცნაური ტენდენცია შეინიშნება იმ ლიდერებში, რომლებიც არ ეთანხმებიან კოლექტიურ დასავლეთს. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ევროკომისარი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ამოქმედების შემთხვევაში სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს ბედით დაემუქრა. როგორ აფასებთ ამას, ეს კოლექტიური დასავლეთის ახალი პოლიტიკაა?

- მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, რაც რომელიღაც კომისარსმა თქვა - იქ ბევრი კომისარია, ისინი იცვლებიან და სულ რაღაცებს ბოდავენ, მაგრამ თუ ყველაფერი ნამდვილად ისეა, როგორც თქვენ ამბობთ - ამას პოლიტიკური ბოდვისა გარდა ვერაფერს ვუწოდებთ, ეს უბრალოდ უმსგავსობაა. სამწუხაროდ დასავლელი საშუალო რგოლის ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობა განსაკუთრებით ამ მიმართულებით მხოლოდ იზრდება, ჩვენც ხშირად ვეჩეხებით ამას. ეს მხოლოდ სინანულს იწვევს."


კონტექსტი 

23 მაისს გამოქვეყნდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბარში მას სლოვაკეთის პრემიერის ბედით დაემუქრნენ. რობერტ ფიცოზე გასულ კვირას შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, თავდამსხმელი იურაი ცინტულა დაკავებულია და ბრალს აღიარებს. ფიცოს სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

კობახიძის განცხადებას რამდენიმე საათში გამოეხმაურა ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი - "მსურდა ჩემი სატელეფონო ზარისას პრემიერმინისტრის ყურადღება გამემახვილებინა ისედაც მყიფე სიტუაციის არ გამწვავების მნიშვნელობაზე. ეს სიტუაცია გამოიწვია კანონმა, რომელიც გამოიწვევს უფრო მწვავე პოლარიზაციას და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციებს. ამ კონტექსტში, ბოლო ტრაგიკული ინციდენტი სლოვაკეთში მოვიყვანე იმის მაგალითად, თუ სადამდე შეიძლება საზოგადოება მიიყვანოს დიდმა პოლარიზაციამ ევროპაშიც კი" - წერს ოლივერ ვარჰეი. 

 

მსგავსი სიახლეები