რუსეთის ელექტრონული ბრძოლის სისტემებმა ზოგი ამერიკული იარაღის სიზუსტე შეამცირა
რუსეთის არმიის რადიო-ელექტრონული სისტემების გაზრდილი ეფექტურობის გამო, საგრძნობლად შემცირდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გადაცემული ზოგი შეიარაღების სიზუსტე.
ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post უკრაინის არმიის გასაიდუმლოებელ ანგარიშებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რედაქციას ხელში ჩაუვარდა.
შემცირებული სიზუსტისა და გადაჭერების მაღალი რიცხვის გამო ЗСУ-მ უკვე რამდენიმე თვეა თითქმის სრულად შეწყვიტა ზოგიერთი სისტემების გამოყენება.
გაზეთის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ რუსეთის რადიო-ელექტრონული სისტემების წინაშე განსაკუთრებით მოწყვლადი აღმოჩნდა Excallibur-ის ტიპის ჭურვები, რომელთა დამიზნების სისტემაც GPS ტექნოლოგიას იყენებს.
საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით გასული წლის შემოდგომაზე ამ ტიპის ჭურვების სიზუსტე, რომელსაც HIMARS-ის სისტემებით ისვრიან 10%-მდე დაეცა.
გარდა ამისა საუბარია, ასევე ე.წ. მცირე დიამეტრის საარტილერიო რაკეტების (GLSDB) არაეფექტიანობაზე - უკრაინელი სამხედროები აღნიშნავენ, რომ თითქმის არ გამოუყენებიათ ამ ტიპის რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსიც 150 კილომეტრის ფარგლებშია და რომელიც უკრაინამ სულ რამდენიმე თვის წინ მიიღო.
წყაროების ცნობით, განსაკუთრებით მოწყვლადია ის სისტემები, რომლებიც ნავიგაციისთვის მხოლოდ GPS-ის ტექნოლოგიას იყენებენ. გამოცემასთან საუბარში უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ ჯერჯერობით საკმაოდ მაღალია Storm Shadow-ის ტიპის საავიაციო რაკეტების ეფექტურობა - რადგანაც GPS-სთან ერთად რაკეტა ჩაშენებულ რუკას და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის სამხედრო მკვლევარი, რობ ლი გამოცემასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ახალი სისტემები ყველაზე ეფექტური მხოლოდ საწყის პერიოდშია. თავდაპირველი დაბნეულობის შემდეგ რუსეთის არმია ადაპტირდება და სხვადასხვა სისტემების ეფექტურობა საგრძნობლად ეცემა.
ავტორების ცნობით, უკრაინელი სამხედროები აღნიშნულ პრობლემაზე ხშირად ესაუბრებიან ამერიკელ პარტნიორებს, მათ შორის კონკრეტული სისტემების მწარმოებელ კომპანიებს. ზოგ შემთხვევაში ისინი რთულ ბიუროკრატიულ პროცედურებზე საუბრობენ რაც აჭიანურებს პრობლემას და დამატებით რისკებს უქმნის უკრაინის არმიის შესაძლებლობებს ბრძოლის ველზე.
ზოგ შემთხვევაში უკრაინელი სამხედროები სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციაზე საუბრობენ - სწორედ ასე მოხდა JDAM-ის ტიპის საავიაციო რაკეტების შემთხვევაში. თავდაპირველი სირთულეების შემდეგ მწარმოებელმა დროულად შეცვალა ამ ტიპის რაკეტების მომდევნო პარტიის მოდიფიკაცია და შედეგად მას უკრაინელები ამ დრომდე საკმაოდ ეფექტურად იყენებენ.