უკრაინა და აშშ მინერალების შესახებ გაუმჯობესებულ შეთანხმებას განიხილავენ

უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები იშვიათი მინერალების შესახებ გაუმჯობესებულ შეთანხმებას განიხილავენ.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია უკრაინის იშვიათი მინერალების ათვისების შესახებ შეთანხმებაზე, რომელზე ხელმოწერის უარმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან დონალდ ტრამპის მწვავე პერსონალური თავდასხმები გამოიწვია.
დაძაბულობამ საჯარო სივრცეში 18 თებერვალს გადმოინაცვლა, როდესაც დონალდ ტრამპმა პრაქტიკულად გაიმეორა რუსული პროპაგანდის გზავნილები და ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა ვოლოდიმირ ზელენსკის დააკისრა. ამავე პოსტში ტრამპმა უკრაინაში ახალი არჩევნების აუცილებლობაზეც მიანიშნა.
ტრამპის საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს.
ამას ტრამპის კიდევ უფრო მწვავე და უსაფუძვლო კრიტიკა მოჰყვა - საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ზელენსკის უწოდა "დიქტატორი არჩევნების გარეშე." ტრამპი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წერდა, რომ ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი 4%-ს შეადგენს - კიევის სოციოლოგიური ინსტიტუტის ბოლო კვლევით ზელენსკის მხარს უჭერს მოსახლეობის 52%.
გამოცემის წყაროები ორივე მხარეს ამბობენ, რომ შეთანხმება მასში შეტანილი ცვლილებების შემდეგ უფრო სავარაუდოა.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზელენსკის შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა მისმა რამდენიმე თანაშემწემ - მათი აზრით, ეს შეაჩერებს ტრამპთან ურთიერთობების გაფუჭების ტენდენციას და საშუალებას მისცემს ამერიკელ პრეზიდენტს გაამართლოს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება შიდა აუდიტორიისთვის.
"შეთანხმების ბოლო ვერსია არსებითად გაუმჯობესებულია, ის შესაბამისობაში მოდის უკრაინის კანონმდებლობასთან"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
Axios-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას წინ უძღოდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის, მაიკ უოლცის კომენტარები.
Fox News-სთან საუბარში უოლცმა განაცხადა, რომ ზელენსკი მინერალების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაჰბრუნებოდა.
"ეს მოლაპარაკებებია და მოლაპარაკებებში მოლაპარაკებებს აწარმოებ, უკრაინას სურს მოლაპარაკებები მინერალების შესახებ, ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ",- ამბობს Axios-სთან საუბარში თეთრი სახლის მაღალჩინოსანი.
უკრაინა იშვიათი მეტალებისა და მინერალების მოცულობით მარაგს ფლობს, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც აუცილებელია მოწინავე ტექნოლოგიების წარმოებისთვის.
საყურადღებოა, რომ მინერალების შეთანხმებები არ არის პირდაპირ დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებებთან, თუმცა ეს ორი საკითხი გასულ კვირას დრამატულად გადაიკვეთა.
თავად უკრაინასა და აშშ-ს შორის ამგვარი ეკონომიკური თანამშრომლობის იდეა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გასულ სექტემბერს დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს განაცხადა.
გასულ კვირას აშშ-ს ფინანსთა მდივნის სკოტ ბესენტის კიევში ჩასვლამდე 4 საათით ადრე აშშ-ს ელჩმა უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის მინერალების შესახებ შეთანხმების პირველადი ტექსტი მიაწოდა.
წყაროების ცნობით, შეთანხმება იშვიათი მინერალების გაყიდვით მიღებულ შემოსავლების 50%-ს ამერიკას მიაკუთვნებდა. გარდა ამისა, შეთანხმება ნიუ-იორკის საშტატო იურისდიქციით რეგულირდებოდა და სწორედ ამას ექნება ზემდგომი ძალა ადგილობრივ კანონმდებლობასა და სხვა სავაჭრო შეთანხმებებზე.
შეხვედრისას ბესენტმა ზელენსკის განუცხადა, რომ ტრამპი შეთანხმებაზე დაუყოვნებლივ ხელმოწერას მოითხოვდა, რაზეც უკრაინელმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა და თქვა, რომ საჭიროა დოკუმენტის შესწავლა.
უკრაინული მხარე იმედგაცრუებული იყო იმითაც, რომ შეთანხმება არ მოიცავდა უსაფრთხოების არანაირ გარანტიებს და მის ხელმოწერას ქვეყანას მაშინ სთხოვდნენ, როდესაც კიევი არ ჩართეს რუსეთსა და აშშ-ს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებში.
უკრაინელთა გაოცება კიდევ უფრო დიდი იყო, როდესაც დონალდ ტრამპმა უკრაინაზე საჯარო თავდასხმები წამოიწყო. "ბესენტს საკმაოდ უხეშად მოექცნენ, მათ (რედ. უკრაინელებმა) პრაქტიკულად უარი უთხრეს ბესენტს, ის სახლში ხელცარიელი დაბრუნდა"- განაცხადა ტრამპმა 19 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარში.
Axios-ის ცნობით, ზელენსკიმ უარი თქვა შეთანხმების განახლებული, ნაკლებად მკაცრი ხელმოწერის შესახებაც, რომელიც მას ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა და სახელმწიფო მდივანმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული შეხვედრის დროს წარუდგინეს.
უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსგავსი გარიგება პარლამენტისგან თანხმობას მოითხოვდა. "ეს ჩვენთვის სიახლე იყო, ზელენსკის გუნდს მსგავსი რამ აქამდე არასდროს უთქვამს, გაჩნდა განცდა, რომ ეს არ იყო გულწრფელი"- ამბობს გამოცემასთან საუბარში თეთრი სახლის მაღალჩინოსანი.
Axios-ის ამერიკელი და უკრაინელი წყაროები ეუბნებიან, რომ მინერალების შესახებ ზელენსკის პოზიციამ გააძლიერა რუსეთსა და ამერიკას შორის დიპლომატიური პროცესის დაწყებით მანამდე არსებული შიშები.
"ჩვენ მათ შევთავაზეთ ამერიკის თანაინვესტირება უკრაინის ბუნებრივი რესურსების ათვისებაში, ჩვენ მათ შევთავაზეთ უკრაინის მომავალში პარტნიორობა, ეს უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა, ბევრად უკეთესი ვიდრე ამუნიციის კიდევ ერთი პარტია"- განაცხადა უოლცმა.
19 თებერვალს ღამით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მინერალების შესახებ შეთანხმების აღდგენას ცდილობდა.
წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები გასულ დღეებში გრძელდებოდა და ამერიკულმა მხარემ უკრაინელებს შეთანხმების ახალი, გაუმჯობესებული ვერსია გადასცა, რომელიც აგვარებდა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წამოჭრილ საკითხებს.
წყაროების ცნობით, შეთანხმებიდან ამოღებულია უკრაინელების მიერ ყველაზე სახიფათოდ მიჩნეული ზოგი პუნქტი, მათ შორის შეთანხმების ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობით რეგულირების შესახებ.
ზელენსკისა და კიტ კელოგს შორის შეხვედრა კიევში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მზად არის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთსასარგებლო შეთანხმებისთვის ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შესახებ.
"უკრაინა მზად არის, ძლიერ, ნამდვილად სასარგებლო შეთანხმებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შესახებ. ჩვენ შევთავაზეთ ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა შედეგის მისაღებად. ჩვენი გუნდი მზად არის სამუშაოდ 24/7-ზე"- წერს ზელენსკი.
პოსტის დასკვნით ნაწილში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გენერალ კელოგს ვიზიტისთვის და საუბრისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი შეთანხმებით დასრულდა.
უოლცმა განაცხადა, რომ კელოგი დაეხმარა ზელენსკის იმის გააზრებაში, რომ ომი უნდა დასრულდეს.