ზაპორიჟიაზე რუსეთის იერიშს 13 ადამიანი ემსხვერპლა
8 იანვარს, ნაშუადღევს, რუსეთის ჯარებმა მართვად საავიაციო ბომბებით (KAB) დაბომბეს უკრაინის ქალაქი ზაპორიჟია.
ამის შესახებ ზაპორიჟიას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 63 კი დაშავდა, მათ შორის 13 წლის გოგონა. სულ მცირე ოთხი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.
ფედოროვის თქმით, ორი რუსული ბომბი საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.
"სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ადგილზე პოლიცია, მაშველები, ექიმები და სხვა სპეციალიზებული სამსახურები მუშაობენ. ისინი ასუფთავებენ ნანგრევებს, ეძებენ ადამიანებს, ეხმარებიან დაშავებულებს მაქსიმალურად, რათა გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე," - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.
ფედოროვის თქმით, 9 იანვარი ზაპორიჟიაში გლოვის დღედ გამოცხადდება.
"განზრახ დაბომბეს ქალაქი," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის თავდასხმაზე. "ჩვენ გვჭირდება რუსეთზე ზეწოლა ტერორისთვის, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინაში სიცოცხლის დაცვას."