ზავზე უარის შემთხვევაში ტრამპი რუსეთს "გამანადგურებელი" სანქციებზე აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი მზად არის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე მოსკოვის უარის შემთხვევაში მკაცრი "ფინანსური ზომები" მიიღოს. 

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრეზიდენტთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა საპასუხო ზომებს განიხილავს რუსეთის მხრიდან დროებით ზავზე უარის შემთხვევაში, ტრამმა უპასუხა - "არსებობს ისეთი ზომები, რომელთა მიღებაც შეგვიძლია და ეს არ იქნება სასიამოვნო (რედ. რუსეთისთვის), საუბარია ფინანსურ ზომებზე. ეს რუსეთისთვის ძალიან ცუდი იქნება, ამის გაკეთება არ მინდა, მე მშვიდობა მსურს... ეს ფინანსური ზომები მოსკოვისთვის გამანადგურებელი იქნება."

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა უკვე თანახმაა ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე და "საქმის ეს ნახევარი შესრულებულია" და ამჟამად რუსეთის პასუხის დროა.

ამასთანავე ტრამპი ამბობს, რომ 100%-ით არ არის დარწმუნებული დათანხმდება თუ არა მოსკოვი ვაშინგტონის და კიევის წინადადებას, თუმცა დასძინა, რომ დათანხმება რუსეთისთვის მიზანშეწონილი იქნებოდა. 

კონტექსტი 

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინა დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ფრონტის მთელ პერიმეტრზე ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ. 

 

ეს თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ 2 ქვეყნის დელეგაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. 

მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ აღდგება უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ 28 თებერვლის შემდეგ შეაჩერა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ "ბურთი რუსეთის მოედანზეა და ცეცხლის შეწყვეტაზე მათი მხრიდან უარი მრავლისმეტყველი იქნება. 

ამერიკული მედიის ცნობით, 13 მარტს მოსკოვს ვიზიტი ეწვევა ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, რომელიც ვლადიმირ პუტინს შეხვდება, თუმცა ჯერჯერობით ცნობები ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

ასევე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მაღალი ალბათობით მომდევნო დღეებში ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. 

მსგავსი სიახლეები