აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვოს უფროსი რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსს ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსი, ჯონ რეტკლიფი თავის რუს კოლეგას, საგარეო დაზვერვის (SVR) დირექტორს, სერგეი ნარიშკინს ესაუბრა.
ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით Axios ავრცელებს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ეს რუსეთისა და ამერიკის მთავარი სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გამართული პირველი საუბარია.
წყარო ამბობს, რომ სატელეფონო ზარის მიზანი ნარიშკინსა და რეტკლიფს შორის კომუნიკაციის არხის ორგანიზება იყო. გარდა ამისა, ზარი არის ტრამპის ადმინისტრაციის ზოგადი მიდგომის ერთი ნაწილი, რომლის მიზანიც მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა.
სავარაუდოა, რომ რეტკლიფსა და ნარიშკინს შორის გამართული საუბარი არ იქნება მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლების ერთადერთი კონტაქტი - მიმდინარე კვირაში რამდენიმე ამგვარი საუბარი და შეხვედრა იგეგმება.
11 მარტს ჯიდაში ამერიკული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინასთან მიღწეულ შეთანხმებებს ისინი უახლოეს დღეებში სხვადასხვა საკომუნიკაციო ხაზით რუსებს გაუზიარებენ - "ბურთი რუსების მოედანზეა, თუ კი ისინი უარს იტყვიან ცეცხლის შეწყვეტაზე ეს მრავლისმეტყველი იქნება."
ამერიკული მედიის ცნობით, 13 მარტს მოსკოვს ვიზიტი ეწვევა ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, რომელიც ვლადიმირ პუტინს შეხვდება, თუმცა ჯერჯერობით ცნობები ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
ასევე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მაღალი ალბათობით მომდევნო დღეებში ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.