1 კვირაში ЗСУ-მ იმხელა ტერიტორია დაიკავა რამდენიც რუსეთმა ბოლო 8 თვეში
გენერალ სირსკის განცხადება კურსკის ოლქში რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის კონტროლის შესახებ იძლევა საშუალებას შევადაროთ 2 არმიის მიერ დაკავებული ტერიტორიების მოცულობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის ცნობით, გასულ 1 კვირაში ЗСУ-მ 100 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც საოკუპაციო არმიამ წლის დასაწყისიდან დაიკავა და მხოლოდ 130 კვადრატული კილომეტრი ჩამორჩება რუსეთის მიერ 2023 წლის 10 ოქტომბერს ავდიივკის მიმართულებით დაწყებული დიდი შეტევის შემდეგ დაკავებული ტერიტორიის მოცულობას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და Z-ბლოგერების ცნობით, კურსკის ოლქში საომარი მოქმედედების ზონა ბოლო დღეებში კვლავ გაიზარდა, რაც შესაძლოა უკრაინელთა კონტროლის ზონის გაფართოების წინაპირობა იყოს.
საყურადღებოა, რომ კურსკის ოლქში შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად რუსეთის საოკუპაციო არმია ჯერჯერობით ინარჩუნებს წინსვლის ტემპს უკრაინულ ფრონტზე.
უკრაინული OSINT პროექტის Deep State-ის მონაცემებით, გასული 5 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 61 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რომლის ნახევარიც დონეცკის ოლქზე მოდის - აქ უკრაინული არმიისთვის ყველაზე რთული მდგომარეობაა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფელ ნიუ-იორკშია, რომელსაც უკვე თითქმის სრულად აკონტროლებენ რუსები. რუსეთის მოწინავე რაზმები უკვე მოქმედებენ ქალაქ ტორეცკის შემოგარენში, რომელიც პაკროვსკის სტრატეგიული მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთია. გარდა ამისა მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქ ჩასოვ იართან.