20-25 ნოემბერს ხერსონის დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა
20-25 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამ ინფორმაციას 25 ნოემბერს ქალაქის საკრებულო ავრცელებს.
გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად ხერსონის 35 მცხოვრები, მათ შორის, ერთი ბავშვი დაშავდა.
"მასიური დაბომბვის გამო დაზიანდა კერძო სახლები და მრავალსართულიანი შენობები, გაჩნდა ძლიერი ხანძარი, სასწრაფოდ უნდა გამოეყვანათ ხერსონის 58 მცხოვრები, მათ შორის 22 ბავშვი. ყველა მათგანმა მიიღო ცხელი კვება, თავშესაფარი და საჭირო სამედიცინო დახმარება. ხალხმა გადაწყვიტა დროებით დაეტოვებინა ქალაქი, რაც ქალაქის ხელისუფლებამ შეძლებისდაგვარად უზრუნველყო (ტრანსპორტი, ტანსაცმელი და საკვები)", - ნათქვამია განცხადებაში.
ხერსონის საკრებულომ ასევე აღნიშნა, რომ დაბომბვებით საგანმანათლებლო დაწესებულებებიც დაზიანდა.
ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 24 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, რუსმა დამპყრობლებმა არტილერიით და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დაბომბეს ხერსონის საცხოვრებელი უბნები, დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაშავდა კიდევ 21 (23.17 საათის მონაცემები).
რუსები სისტემატურად ბომბავენ ხერსონსა და რეგიონის სხვა დასახლებებს დნეპრის მარცხენა სანაპიროდან.