2008 წლის შემდეგ პირველად, თურქეთისა და ისრაელის ლიდერები პირისპირ შეხვდნენ

იაირ ლაპიდი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი ერთმანეთს ნიო-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ. ეს არის ორი ქვეყნის ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა 2008 წლის შემდეგ. 

ბოლოს ასეთი რამ 2008 წლის დეკემბერში მოხდა, მაშინ რეჯეფ თაიპ ერდოღანი, რომელიც თურქეთის პრემიერის პოსტს იკავებდა, ისრაელის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ეჰუდ ოლმერტს შეხვდა. 

შეხვედრა აშშ-ში თურქეთის საკონსულოს შენობაში გაიმართა და პრესისთვის დახურული იყო. 

კონტექსტი

ისრაელსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები პრაქტიკულად სრულად 2011 წლის შემდეგ გაწყდა, რისი მიზეზიც ღაზის სექტორის აკვატორიაში შესული თურქული გემი Mavi Marmara იყო. 

ფორმალურად საქველმოქმედო ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ გემებს აქტიური კავშირები ჰქონდა ევროპაში მოქმედ სხვადასხვა ისლამისტური ორგანიზაციების დაჯგუფებებთან. გემმა რამდენიმეჯერ დაარღვია ღაზასთვის დაწესებული ბლოკადაც. 

2011 წლის თებერვალში გემზე რეიდით ისრაელის საზღვაო ქვეითები ავიდნენ, რასაც შეიარაღებული წინააღმდეგობა მოჰყვა. სროლის შედეგად დაიღუპა თურქეთის 9 მოქალაქე. 

ისრაელმა უარყო თურქეთის მოთხოვნები ოფიციალური ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით და ოფიციალური ანკარა ჰამასის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. 

მომდევნო წლების განმავლობაში თურქეთის რიტორიკა ისრაელის მიმართ კიდევ უფრო უხეში გახდა, ერდოღანი სხვადასხვა ფორუმებზე ისრაელს ტერორისტულ და ოკუპანტ სახელმწიფოს უწოდებდა.

2018 წელს, მას შემდეგ რაც აშშ-ს გადაწყვეტილებას საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ ღაზაში სამოქალაქო არეულობა მოჰყვა თურქეთმა ისრაელიდან საკუთარი ელჩი გაიწვია. 

თურქეთმა ღიად ანტი-ისრაელური პოზიცია დაიჭირა 2021 წლის მაისში ჰამასსა და ისრაელს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების დროსაც. 

მიუხედავად ამისა მალევე, კონფრონტაციული რიტორიკა კონსტრუქციული მიდგომით შეიცვალა და ერდოღანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისრაელთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს

მოვლენები განსაკუთრებით დაჩქარდა მიმდინარე წლის ივნისში იაირ ლაპიდის ვიზიტის შემდეგ, რასაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ახლო თანამშრომლობა მოჰყვა. 

ანკარაში მყოფმა ლაპიდმა მადლობა გადაუხადა თურქეთს ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ებრაელების გადარჩენისთვის, რომელთა მოკვლასაც ირანული სპეცსამსახურები გეგმავდნენ. 

საუბარი ეხება 8 ირანელის დაკავებას, რომლებიც არსებული ინფორმაციით, თურქეთში მყოფი ებრაელი ტურისტების გატაცებას და მკველობას გეგმავდნენ. 

მსგავსი სიახლეები