5 დღეში უკრაინამ უფრო დიდი ტერიტორია დაიკავა ვიდრე რუსეთმა ბოლო 5 თვეში - ISW

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან მოყოლებული დაახლოებით 3 000 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს - ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსი ოკუპანტების მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში დაკავებული ტერიტორია. 

ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვიეს. ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ საბრძოლო მოქმედებების რუკაზე ჩანს, რომ ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინის არმია რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან 15-25 კილომეტრის დაშორებით მდებარე პოზიციებზე დგას. 

ამის მაგალითია დასახლება ველიკი ბურლუკი, რომელიც უკრაინელმა მებრძოლებმა გუშინ დაიკავეს და რომელიც რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. 

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ მოულოდნელი სისწრაფითა და ეფექტურობით განვითარებული უკრაინის კონტრიერიშის ფონზე, ოკუპანტების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. 

"სავარაუდოა, რომ უკრაინის არმია ქალაქ იზიუმს მომდევნო 48 საათში დაიკავებს, თუ უკვე არ დაუკავებიათ",- ნათქვამია დოკუმენტში. 

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, ქალაქ იზიუმის გათავისუფლება აღნიშნულ ომში უკრაინის ყველაზე დიდი წარმატება იქნება. ოკუპანტები ვერ ახერხებენ ორგანიზებულ უკან დახევას ქალაქიდან. 

იზიუმის გათავისუფლება საბოლოოდ დაასამარებს ოკუპანტების მიზანს დაწინაურებულიყვნენ სლოვიანსკ-კრამატაროსკის მიმართულებით და ალყაში მოექციათ უკრაინული არმიის დონბასის დაჯგუფება. 

სამხედრო ექსპერტების თქმით, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს რუსეთის არმიის პრობლემებს ცოცხალი ძალისა და საბრძოლო სულისკვეთების კუთხით. 

მსგავსი სიახლეები