7 მაისს ლეგენდარული უკრაინელი მფრინავი, იგორ ბედზაი დაიღუპა
7 მაისს, საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის საზღვაო-საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე, იგორ ბედზაი დაიღუპა.
არსებული ცნობებით, ლეგენდარული მფრინავი საბრძოლო დავალების შესრულებისას მაშინ ჩამოვარდა, როდესაც ვერტმფრენს, რომელშიც ის იჯდა, რუსული ბომბდამშენის რაკეტა მოხვდა.
იგორ ბედზაი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და საუკეთესო მფრინავად მიიჩნეოდა, ის სარგებლობდა მაღალი ავტორიტეტით შეიარაღებულ ძალებში.
სწორედ ბედზაის გაბედულობისა და სიმამაცის წყალობით 2014 წელს უკრაინამ მოახერხა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნაწილის გადარჩენა.
2014 წლამდე ბედზაი მეათე საავიაციო ბრიგადას ხელმძღვანელობდა, რომელიც ყირიმში იყო ბაზირებული. მაშინ როდესაც ნახევარკუნძულზე მდებარე უკრაინული სამხედრო ბაზები რუსი მწვანე კაცუნების ალყაში აღმოჩნდნენ, ხოლო უკრაინის არმიის მეთაურების უმეტესობა უმოქმედოდ იყო და კიევის ბრძანებას ელოდა, ბედზაი იყო ერთადერთი, ვინც ინიციატივა თავის თავზე აიღო.
ოფიცერმა დააორგანიზა პირადი შემადგენლობა, მზადყოფნაში მოიყვანა ტექნიკა და ოკუპანტების თვალწინ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანა მის განკარგულებაში არსებული ტექნიკურად გამართული ავიაცია.
მეორე დღეს ბედზაიმ მანევრი კიდევ ერთხელ გაიმეორა და ამჯერად უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ის ავიცია გადასხა, რომლის ტრანსპორტირებაც პირველ დღეს ვერ შეძლო.