დასავლეთ სანაპიროზე ჰამასის მხარდაჭერა სამჯერ გაიზარდა - კვლევა

პალესტინის მოსახლეობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მხარდაჭერა ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე გაიზარდა.

ამასთანავე, პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის გადადგომას გამოკითხულთა თითქმის 90% უჭერს მხარს.

პალესტინაში საპარლამენტო არჩევნები 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, როდესაც ჰამასმა საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ღაზაში გამოკითხულთა 57% და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებთა 82% მიიჩნევს, რომ ჰამასი მართალი იყო 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის წამოწყებისას, რომლის დროსაც ისრაელში დაახლოებით 1200 ადამიანი მოკლეს.

პალესტინელთა დიდ უმრავლესობას სჯერა, რომ ჰამასი იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთის "დასაცავად" და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების მისაღწევად მოქმედებდა. მხოლოდ 10% ამბობს, რომ ჰამასმა ომის დანაშაულები ჩაიდინა.

პალესტინელთა დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ არ უნახავს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტერორისტები სისასტიკეს ჩადიან.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 88%-ს მაჰმუდ აბასის გადადგომა სურს, რაც სამი თვის წინანდელთან შედარებით 10%-ით მეტია. მისი ადმინისტრაცია საზოგადოებაში ფართოდ აღიქმება, როგორც კორუმპირებული, ავტოკრატიული და არაეფექტური.

ამავდროულად, დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებთა 44% ამბობს, რომ მხარს უჭერს ჰამასს. სექტემბერში ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერა მხოლოდ 12% იყო. ღაზაში კი ჰამასი 42%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს, სამი თვის წინ მისი მხარდაჭერა 38% იყო.

22 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში 1231 ადამიანი გამოიკითხა, ცდომილების ზღვარი 4%-ია.

მსგავსი სიახლეები