ამერიკული დრონები და ბირთვული თანამშრომლობა - სომხეთში ვენსის ვიზიტის შედეგები

სომხეთის ისტორიაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის პირველმა და ისტორიულმა ვიზიტმა გაამაგრა ნიკოლ ფაშინიანის მიერ აღებული ვაშინგტონთან ურთიერთობების დათბობისა და მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირების კურსი. 

ვითარების არსი: ერევანში ყოფნისას ჯეი დი ვენსმა მხარი დაუჭირა ნიკოლ ფაშინიანს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე გამოაცხადა სომხეთის არმიისთვის ამერიკული წარმოების დრონების მიყიდვის შესახებ და ქვეყნებს შორის ერთობლივი მრავალმილიარდიანი ეკონომიკური შეთანხმებები დაანონსა, მათ შორის მოწინავე ტექნლოგიებისა და ბირთვული ენერგეტიკის სფეროში. 

  • ერევანში 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯეი დი ვენსი სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. 

  • ვიზიტის მეორე დღეს ვენსი მეუღლესთან ერთად ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალსაც ეწვია - ვიცე-პრეზიდენტის სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მემორიალზე სტუმრობის ამსახველი ფოტოებიც, რომელშიც გამოყენებული სიტყვა გენოციდიც.

  • პოსტი მალევე წაიშალა - მოგვიანებით ვენსმა თავი აარიდა დამაზუსტებელ კითხვას ამ საკითხზე, ხოლო მისი გუნდის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ პოსტი ერთ-ერთი თანაშემწის მიერ დაშვებული შეცდომა იყო. 

ჩაშლილად: შეხვედრის დასრულების შემდეგ ფაშინიანმა და ვენსმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის ერთ-ერთი ქვეყნებს შორის ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, ამერიკული ტექნოლოგიების ექსპორტს და ქვეყანაში ამერიკული მცირე ატომური ელექტროსადგურების აშენების შესაძლებლობას იძლევა. 

  • ვიზიტის მიმდინარეობისას, ასევე ცნობილი გახდა, რომ სომხურ-ამერიკული სტარტაპი Firebird ქვეყანაში მსხვილი მონაცემთა ცენტრის შესაქმნელად დამატებით 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

  • სწორედ ამ მიზნით ამერიკის მთავრობამ მოწინავე კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელ კომპანია Nvidia-ს 41 ათასი ჩიპის საექსპორტო ლიცენზია მისცა. 

  • თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დაწყება სამხედრო სფეროში - პირველი შეთანხმების ფარგლებში სომხეთი აშშ-სგან 11 მილიონი დოლარის ღირებულების V-Bat-ის ტიპის დრონებს შეიძენს. 

  • ეს სომხეთის არმიის არსებობის ისტორიაში პირველი ამერიკული შეიარაღება იქნება, სომხეთის, რომელიც ფორმალურად რუსეთის მოკავშირედ რჩება, თუმცა სტრატეგიული პარტნიორების ხელშეკრულება აქვს აშშ-სთან და მიზნად ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს. 

სტრიქონებს შორის: ამ დროისთვის ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც უკვე შეხვდა პრეზიდენტ ალიევს და ბაქოსთვის ამერიკული წარმოების კატარღების მიყიდვის შესახებაც გამოაცხადა. 

  • ბაქოში გამგზავრებამდე ვენსმა განაცხადა, რომ ილჰამ ალიევთან დაპატიმრებული სომეხი მოქალაქეების ბედზეც ისაუბრებდა. 

ფაშინიანისთვის ვენსის ვიზიტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვებაა, მით უფრო რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა პირდაპირ დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე წლის 7 ივნისს გაიმართება. 

  • "მე არაფერს ვიტყვი არჩევნებზე, მაგრამ თუ კი ჩემი მხარდაჭერა რამეს ნიშნავს, ფაშინიანს ეს გარანტირებული აქვს, რადგანაც მას შეუძლია გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა, რომელიც მყარი მშვიდობის საფუძველია"- განაცხადა ვენსმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. 

  • ფაშინიანის პოზიციებს აძლიერებს ევროკავშირიც, რომელმაც გასულ დეკემბერს სომხეთს დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის მსხვილი გრანტი გამოუყო.

  • ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მაისში ერევანი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი გაიმართება, რომელსაც სულ ცოტა რამდენიმე ევროპელი ლიდერი დაესწრება. 

  • ასევე მომდევნო თვეებში იგეგმება სომხეთ-ევროკავშირის პირველი ორმხრივი სამიტიც. 

განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა სომხეთ-ამერიკის დაანონსებამ სამხედრო სფეროში. 

  • "ჩვენ უკვე შეგვიძლია გამოვაცხადოთ დრონებისა და დაკვირვების ტექნოლოგიების, შეიარაღების პირველი პარტიის მიყიდვის შესახებ, ჩვენი კეთილი მეგობრისთვის, ბატონი პრემიერ-მინისტრისთვის"- განაცხადა ვენსმა. 

  • საუბარია V-Bat-ის ტიპის ამერიკულ დრონებზე, რომელსაც უკვე იყენებს უკრაინული არმია, მათ შორის HIMARS-ის სისტემების ცეცხლის კორექტირებისა და სამიზნეების შერჩევის პროცესში. 

  • ამასთანავე V-Bat-ის დრონები ვერტმფრენის პრინციპით მუშაობს და არ სჭირდება გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რაც იდეალურია სომხეთის მთიანი რელიეფის გათვალისწინებით.

ყურადღება მიიქცია მემორანდუმმა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დაწყების შესახებ. 

  • მემორანდუმი ამერიკულ კომპანიებს ქვეყანაში დაგეგმილი ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. 

  • ჯერჯერობით, გაურკვეველი რჩება ვენსის მიერ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნახსენები 9 მილიარდი დოლარის ექსპორტის შესახებ, რომელიც სინქრონული თარგმანის ავტორებმა ინვესტიციად მოიხსენიეს. 

  • Bloomberg-ის ცნობით, აღნიშნული თანხიდან 5 მილიარდი დოლარის ამერიკისგან ბირთვული საწვავის შესყიდვაზე დაიხარჯება, ხოლო 4 მილიარდი პროექტების ტექნიკურ მომსახურებაზე. 

  • ამგვარად, ამერიკული კომპანიები შეძლებენ იბრძოლონ საბჭოთა დროს აშენებული მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ჩანაცვლების ტენდერში, რომლის ექსპლუატაციის ვადა 2036 წელს იწურება და ქვეყნის ელექტროენერგიის მთლიანი მოპოვების 40%-ს უზრუნველყოფს. 

  • მეწამორის სადგური ბირთვული საწვავს რუსული როსატომისგან იღებს, რომლის წარმომადგენლებიც გასულ კვირებში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს შეხვდნენ და ერევანს "ყოვლისმომცველი თანამშრომლობა" შესთავაზეს. 

ტრამპის მარშრუტი ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რომელსაც წინ უძღოდა სამშვიდობო მემორანდუმის ხელმოწერა თეთრ სახლში, გასული წლის აგვისტოში. 

  • სწორედ, თეთრ სახლში მოეწერა ხელი კომპრომისულ შეთანხმებას სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, რომლის მეშვეობითაც ბაქო სომხეთის სუვერენული ტერიტორიის გავლით ნახიჭევანის ექსკლავს დაუკავშირდება. 

  • ინიციატივა ტრამპის მარშრუტის სახელით არის ცნობილი (რედ. ინგლისური აბრევიატურა TRIPP). 

  • ნახევარი წლის წინ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებდნენ და ბევრ ეჭვი ეპარებოდა, რომ მიტოვებული საბჭოთა სარკინიგზო მონაკვეთის გარდაქმა თანამედროვე სატრანზიტო ინფრასტრუქტურად სწრაფად გარდაქმნა შესაძლებელია. 

  • თუმცა გასულ თვეებში სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა რამდენიმეჯერ განაცხადეს სერიოზული პროგრესის შესახებ - პარალელურად გრძელდება ეკონომიკური კავშირების დამყარებაც, მაგალითად ბაქო უკვე აწვდის ერევანს ბენზინს, რაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო. 

დაეწიე ამბავს: ამასთანავე ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაშიც, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი კავკასიას თბილისში სტუმრობის გარეშე ეწვია - საქართველო წლების განმავლობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირედ მიიჩნეოდა. 

სიღრმისეულად: The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში

მსგავსი სიახლეები