აბასი ღაზაში მიმდინარე ომში "ჰამასს" ადანაშაულებს
პალესტინის ადმინისტრავიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში მიმდინარე ომში "ჰამასი" დაადანაშაულა, რის შედეგადაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ აბასი ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.
დაპირისპირება შაბათს, ღაზაზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა "ჰამასის" სამხედრო ფრთის მეთაურის, მოჰამედ დეიფსა ლიკვიდაციას, რომლის შედეგადაც სულ მცირე 90 პალესტინელი დაიღუპა და 300 დაშავდა. ისრაელის სამხედრო წყაროები ამბობენ, რომ თავდასხმის სამიზნე იყო ჰამასის შენობა, სადაც ჰამასის ათობით შეიარაღებული პირი იყო თავმოყრილი.
მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, დაიღუპა თუ არა დეიფი თავდასხმის დროს, კვირას ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა მისი მოადგილის, რაფა სალამეს გარდაცვალება.
თავდასხმის საპასუხოდ, პალესტინის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუნირ ალ-ჯაღუბმა "ალ-არაბიასთან" ინტერვიუში თქვა: "თუ "ჰამასს" სურდა პირისპირ ბრძოლა ისრაელთან, ის ამას გააკეთებდა იმ ადგილებში, სადაც არმია იმყოფება და არა ისეთ ადგილებში, სადაც ხალხია. "ჰამასი" რეალურად მოქალაქეებს შორის იმალება, რათა დაიცვას და გადაირჩინოს საკუთარი თავი."
პალესტინური მედიის ცნობით, "ჰამასის" სპიკერმა ჯიჰად ტაჰამ "ფატაჰს" მოუწოდა დაგმოს ალ-ჯაგუბის განცხადება.
"თქვენ უნდა შეწყვიტოთ ისრაელის ცრუ ნარატივების პოპულარიზაცია და შეუერთდეთ ჩვენს ხალხს გადამწყვეტ და მტკიცე ბრძოლაში ბარბაროსული თავდასხმების წინააღმდეგ," - თქვა მან.
ამის ნაცვლად, აბასმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის "ხედავს, რომ ეროვნული ერთიანობის ხელის შეშლით და ოკუპანტისთვის საბაბების მიცემით, "ჰამასის" მოძრაობა იზიარებს იურიდიულ, მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ღაზას სექტორში ისრაელის გენოციდური ომის გაგრძელებაზე."