აეროდრომები, კორვეტი და ჰსთ-ის სისტემები - ATACAMS-ის დებიუტის პირველი შედეგი
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადაცემული ATACMS-ის ტიპის ოპერატიულ ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შეიარაღება გახდა.
მრავალთვიანი თხოვნის შემდეგ, უკრაინამ ამ ტიპის რაკეტების პირველი პარტია, ძალიან მცირე რაოდენობით, გამონაკლისის სახით, ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მიიღო. რაკეტებმა თავიდანვე გამოავლინეს სერიოზული პოტენციალი - ATACAMS-ების ზუსტი დარტყმის შედეგად ბერდიანსკის აეროპორტზე, სხვადასხვა მონაცემებით, ოკუპანტების 9 ვერტმფრენი დაზიანდა ან/და განადგურდა.
ამ ტიპის რაკეტებით უკრაინის რეგულარული მომარაგება ამერიკულმა ადმინისტრაციამ მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. ამ მცირე დროის განმავლობაში, უკრაინამ რამდენიმე მტკივნეული იერიში განახორციელა რუსეთის ფრონტის ზურგში განთავსებულ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე.
- ამ ტიპის რაკეტები უკრაინამ პირველად 17 აპრილს, ყირიმში განთავსებულ ერთ-ერთ საოკუპაციო აეროდრომზე შეტევისთვის გამოიყენა, რომელიც ფრონტის ხაზიდან 165 კილომეტრით არის დაშორებული. მაღალი ალბათობით, საუბარია ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე. დარტყმის შემდეგ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, თუმცა, კონკრეტულ დანაკარგებზე ინფორმაცია არ მოიპოვება;
- უკვე 30 აპრილს, იმავე ჯანკოის აეროდრომზე, ATACAMS-ის რაკეტებმა რუსეთის მოწინავე საზენიტო სარაკეტო კომპლექსი C-400 გაანადგურა;
- 15-16 მაისს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განმეორებით სარაკეტო შეტევა მიიტანეს სევასტოპოლის მახლობლად მდებარე ბელბეკის სამხედრო აეროდრომზე. პირველი დარტყმის შედეგად განადგურდა 2 ერთეული Mig-31 ტიპის გზაგადამჭრელი/ავიაგამანადგურებელი და ერთი ერთეული Su-27 ტიპის ავიაგამანადგურებელი, ასევე, საწვავის რეზერვუარი
- 19 მაისს, სევასტოპოლის სამხედრო პორტში ზუსტი დარტყმის შედეგად ჩაიძირა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი "Циклон"-ი;
- 23 მაისს, დონეცკის მახლობლად მდებარე მოსპინოს სამხედრო აეროდრომზე, ამავე რაკეტების გამოყენებით განადგურდა საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "С-300/400"-ის მართვის პუნქტი, 2 გამშვები დანადგარი და რადიოლოკაციური სადგური "96Л6Е". ასევე, დაზიანებულია ამავე სისტემის ერთი გამშვები დანადგარი.
- 24 მაისს, მაღალი ალბათობით იმავე სისტემების გამოყენებით შეტევა განხორციელდა ოკუპირებულ ყირიმში, კერძოდ, დასახლება ალუშტასთან მდებარე სამხედრო კავშირის სამეთაურო პუნქტზე - დანაკარგების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია;
უკრაინისთვის გადაცემული ATACAMS-ების მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ფრონტის ხაზიდან სიღრმეში განთავსებული მაღალი ღირებულების რუსული სამხედრო შეიარაღებასა და სამეთაურო პუნქტებზე წვდომა.
სამხედრო ექსპერტების ცნობით, უკრაინისთვის, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც რუსეთის არმიის არაერთ სტაციონარულ სამხედრო ობიექტს მასპინძლობს.
საყურადღებოა, რომ კიევს ამ ტიპის შეიარაღების გამოყენების უფლება ჯერჯერობით მხოლოდ ოფიციალურად აღიარებული საზღვრებში აქვს. რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული შეიარაღების გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა უკრაინას უფრო მეტად გაუხსნის ხელს.
ამ ტიპის რაკეტების მოქმედების რადიუსის გათვალისწინებით, უკრაინელთა წვდომის არეალში აღმოჩნდება ვორონეჟის, ლიპეცკის და სხვა ქალაქების სამხედრო ინფრასტრუქტურა.
უკვე რამდენიმე დღეა დასავლეთში აქტიურად საუბრობენ ამ აკრძალვის მოხსნის აუცილებლობაზე - ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, კონგრესის სპიკერმა, მაიჯ ჯონსონმა. ამავე თხოვნით, ბაიდენს უკვე მიმართა კონგრესმენთა ორპარტიულმა ჯგუფმა.
ბოლო მონაცემებით, აკრძალვის გაუქმების შესახებ თხოვნით პრეზიდენტ ბაიდენს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც მიმართა.