AfD-ს თავმჯდომარე გადადგა და პარტიას ტოვებს

 

ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) თავმჯდომარე იორგ მოიტენი თანამდებობიდან გადადგა და პარტიასაც ტოვებს.

გერმანულ ტელევიზია ARD-სთან საუბრისას მან განაცხადა, რომ პარტიის რადიკალურ ფრთასთან ბრძოლაში დამარცხდა. მოიტენის თქმით, ის AfD-ში ზედმეტად ზომიერ ფიგურად აღიქმებოდა.

მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური ძალის შიგნით ვითარება "ჯანსაღი არ არის" და პარტიის პოზიცია მემარჯვენეობისგან ძალიან შორსაა. ალტერნატივა გერმანიისთვის განსაკუთრებით რადიკალურია ისლამისა და იმიგრაციის საკითხებზე.

"მე მკაფიოდ ვხედავ ტოტალიტარულ ტონს", - თქვა მოიტენმა.

მან პარტიის პოზიციები კორონავირუსთან დაკავშირებითაც გააკრიტიკა და კულტის არსებობას შეადარა. ალტერნატივა გერმანიისთვის კორონავირუსის შესაჩერებლად დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას ითხოვს და სავალდებულო ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგია. პარტიის წევრები ხშირად მონაწილეობენ ანტივაქსერების აქციებშიც.

მისი თქმით, ალტერნატივა გერმანიისთვის ერთადერთი პერსპექტივა აღმოსავლეთ გერმანიაში რეგიონულ პარტიად არსებობაა.

მსგავსი სიახლეები