აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის მიერ შეჩერებული ფინანსური დახმარების მოცულობა დაასახელეს
ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს 141 მილიონი რუბლის (1.6 მილიონი დოლარის) ოდენობის ყოველთვიური დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ განაცხადა.
"ეს თანხა წლიური დახმარების 1/12-ია," - აღნიშნა მან.
ე.წ. ფინანსთა მინისტრის თქმით, სოციალური მუშაკების ხელფასების დაფინანსების შესახებ შეთანხმების განხორციელება შეჩერებულია აფხაზური მხარის მიერ აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამის პირობების შეუსრულებლობის გამო.
1 აგვისტომდე სეპარატისტულ მთავრობას უნდა მოეხდინა რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელების და ეკონომიკურ პროექტებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ხელშეკრულებების რატიფიცირება.
დელბამ თქვა, რომ მოსკოვმა უკვე მსგავსი სანქცია (141 მილიონი რუბლის გადაუხდელობა) აფხაზეთის წინააღმდეგ 2024 წლის ივლისში გაატარა "მოქალაქეთა სოციალური მომსახურების შესახებ" კანონის ჩავარდნის გამო, მაგრამ კანონის მხარდაჭერის შემდეგ რეჟიმმა თანხა მიიღო.
1 სექტემბრიდან გატარებულ ზომებთან დაკავშირებით დელბა ამბობს, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მაგრამ "მომავალ პერიოდში ცოტა გართულდება."
"ნამდვილად იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება, რომ აფხაზური მხარე მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხების გადასაჭრელად და შესაბამისად ჩვენ დროულად მივიღებთ რუსეთის ფინანსურ დახმარებას," - აღნიშნა მან.
მოსკოვი მოითხოვს, რომ სეპარატისტებმა მიიღონ კანონი ბინების მშენებლობის შესახებ.
გარდა ამისა, საუბარია რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევაზე იმ დეპუტატებსა და აფხაზური ოპოზიციის ლიდერებისთვის, "რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ."
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ "თუ სანქციები წლის ბოლომდე გაგრძელდება, ბევრი დაზარალდება."
"შეგიძლიათ ჰკითხოთ ხალხს, რისთვის არიან ისინი მზად. მზად არიან ქამრები შემოიჭირონ და ისე იცხოვრონ, როგორც მაშინ, როცა აფხაზეთი ბლოკადაში იყო, თუ არა?" - თქვა შამბამ.