აიათოლა ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა - Reuters

შეერთებული შტატების თავდასხმის საფრთხის გამო, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა. 

State Of Play: ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით Reuters წერს, რომ ირანმა წერილები გაუგზავნა მეზობელ ქვეყნებს - ერაყს, ქუვეითს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, თურქეთსა და ბაჰრეინს და შეატყობინა, რომ აშშ-ის თავდასხმის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა, მათ შორის საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის უზრუნველყოფა ამერიკელი სამხედროებისთვის, ჩაითვლება თეირანის მიმართ მტრულ აქტად და მოჰყვება "სერიოზული შედეგები."

  • ამავდროულად, ხამენეის, რომელმაც მანამდე უარი თქვა დონალდ ტრამპის მიერ პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნაზე, სურს გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით, რომელიც დაპირისპირებულ სახელმწიფოებს შორის გზავნილების გაცვლის არხია.
  • გამოცემის წყაროს ცნობით, ასეთი მოლაპარაკებები შეიძლება მალე დაიწყოს, თუ შეერთებული შტატები თანახმა იქნება.
  • "ჩვენ მზად ვართ, ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ნდობის განმტკიცების ლოგიკით, განვაახლოთ მოლაპარაკებები ჩვენს ბირთვულ პროგრამაზე და სანქციების მოხსნაზე," - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.

Big Picture: ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ადრე განაცხადა, რომ თეირანს სურს "თანაბარი პირობებით საუბარი, მუქარის გარეშე."

Context: მარტის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა და მოუწოდა დაეწყოთ მოლაპარაკებები ბირთვული შეთანხმების შესახებ. Axios-ის ცნობით, ირანს მან ორი თვის ვადა მისცა და ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე დიალოგზე უარის თქმის შემთხვევაში, თეირანს "მეორადი ტარიფებითა და ისეთი დაბომბვით დაემუქრა, როგორიც აქამდე არ უნახავთ."

  • აპრილის დასაწყისში, Daily Mail-მა ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შეიძლება ირანის დაბომბვა "რამდენიმე კვირაში" დაიწყონ და თუ ირანი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, "სექტემბრისთვის გაქრება."

მსგავსი სიახლეები