ბუჩაში რუსების მიერ მოკლული 280-მდე ადამიანის ცხედარი იპოვეს

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში, 2 აპრილის საღამოს, მასობრივ საფლავებში დამარხული 280-მდე გარდაცვლილი ადგილობრივი მცხოვრები იპოვეს. ამის შესახებ AFP-ს ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა განუცხადა.

სწორედ ქალაქის ქუჩებში, სამხედროების, მოხალისეებისა და ჟურნალისტების ჩვენებით, რომლებიც ქალაქში შევიდნენ მისი განთავისუფლების შემდეგ, დევს ადგილობრივი მაცხოვრებლების ცხედრები.

AFP-ს ჟურნალისტებმა ბუჩას ერთ-ერთ ქუჩაზე ნახეს მინიმუმ 20 ცხედარი სამოქალაქო ტანსაცმელში. ფედორუკის თქმით, ეს ადამიანები დახვრიტეს.

როგორც სააგენტო აღწერს, ცხედრები ტროტუარზე, გზის პირას, შუა გზაზე, ერთი დანგრეული სახლის ეზოში იყო. "უკრაინული პასპორტი მიწაზე ეგდო მამაკაცის გვერდით, რომელსაც ხელები ზურგს უკან თეთრი ქსოვილით ჰქონდა შეკრული. დანარჩენ ორ ადამიანს მხრებზე თეთრი ქსოვილი ჰქონდა მიბმული", - ნათქვამია AFP-ის სიუჟეტში.

გზაზე დაყრილი ცხედრების ვიდეო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"ახალი სრებრენიცა. უკრაინის ქალაქი ბუჩა რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსი ცხოველების ხელში იყო", - ნათქვამია მოხსენებაში. სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ რუსების მიერ მოკლული ადგილობრივი მაცხოვრებლების ცხედრები, ზოგიერთს ზურგზე შეკრული ხელებით, "ქალაქის ქუჩებშია მიმოფანტული".

კიევის რეგიონში, ბუჩასა და მოტიჟინში გარდაცვლილთა ფოტოები, მათ შორისა არიან ნახევრად შიშველი, ჭაში წამების ნიშნების მქონე გვამები. 

კიდევ ერთი ვიდეო ქალაქიდან 2 აპრილს ჟურნალისტმა დიმიტრი კომაროვმა გამოაქვეყნა. მისივე თქმით, ქალაქში ბევრი ნაღმია, მათ შორის სათამაშო მოედნებზე.

მსგავსი სიახლეები