ახმეტოვი: ქვეყანა საფრთხეშია და ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად

23 თებერვალს, უკრაინელი მილიარდერი რინატ ახმეტოვი ჟენევიდან უკრაინაში დაბრუნდა. კიევში ჩასვლის შემდეგ მან კომენტარი Українська правда-სთან გააკეთა.

"მე აქ ვიყავი, აქ ვიქნები. მგონი მთავარია რას ვაკეთებ და არა რამდენ ხანს ვარ აქ", - უპასუხა უკრაინელმა ოლიგარქმა ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენ ხანს აპირებს უკრაინაში დარჩენას.

გარდა ამისა, ჟურნალისტმა ახმეტოვს ჰკითხა, გეგმავს თუ არა ბიზნესმენი სახელმწიფოს დახმარებას.

"უკრაინა საფრთხეშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად. დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ერთიანობა და დამოუკიდებლობა. მთავარია დავიცვათ ხალხი. მე არ ვწყვეტ ინვესტირებას, ვაგრძელებ ამას.

ეს არის მილიარდობით დოლარი უკრაინის ეკონომიკაში, ახალ სამუშაო ადგილებში. და მეჩვენება, რომ ამით უკრაინა და ყველა უკრაინელი ისარგებლებს. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მთავრობას, ქალაქებს, სადაც ჩვენი ბიზნესი მდებარეობს. და რაც მთავარია, ჩვენ ვეხმარებოდით, ვეხმარებით და დავეხმარებით ადამიანებს. თუ უკრაინაში უბედურება იქნება, უკრაინასთან და უკრაინელებთან ერთად ვიქნები.“ - უპასუხა ახმეტოვმა.

რინატ ახმეტოვი ყველაზე მდიდარი უკრაინელია. ფორბსის ვერსიით ოლიგარქის ქონება 7.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

 


რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინაში აფეთქებები გაისმა კიევში, მარიუპოლში, ხარკოვში, ნიკოლაევში, ხერსონესში. 

ვრცელდება უკრაინული პოზიციების "გრადების" ზალპური ცეცხლით დაბომბვის ვიდეოკადრები.

დროებით დაიხურა ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიის აეროპორტები. 

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგეროებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ. 

მსგავსი სიახლეები