ალიევი: 24 საათში ყველა მიზანს მივაღწიეთ, სუვერენიტეტი აღდგენილია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, თავისმა ქვეყანამ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახულ ყველა მიზანს მიაღწია.
"სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის 24 საათის განმავლობაში ყველა მიზანს მივაღწიეთ. ანტი-ტერორისტული ზომების შედეგად აზერბაიჯანმა აღიდგინა სუვერენიტეტი",- განაცხადა ალიევმა.
ამასთანავე ალიევის თქმით, სამხედროებს ჰქონდათ ბრძანება მაქსიმალურად აერიდებინათ მსხვერპლი ოპერაციის ფარგლებში. ალიევის თქმით, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამხედრო ოპერაცია გაგრძელდებოდა.
კონტექსტი
19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა.
მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა.
დღეს დილით ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ბოლო საათებში ვრცელდება ფოტოები სტეპანაკერტის აეროპორტიდან და სხვა ადგილებიდან - ქალაქის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს.