ამერიკამ კიევს შესაძლოა უფრო შორს მოქმედი კასეტური ჭურვები გადასცეს - Washington Post
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე მნიშვნელოვან ახალ ვარიანტს განიხილავს უკრაინისადმი დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის გასაძლიერებლად, რადგან თვლის, რომ რუსეთთან ომი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
ამის შესახებ The Washington Post წერს.
გამოცემის თანახმად, ვაშინგტონში იზრდება უკრაინისთვის ისეთი კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების მხარდაჭერა, რომლის მოქმედების დიაპაზონიც უფრო დიდია, ვიდრე იმ კასეტური ჭურვების, რომლის მიწოდებაც შეერთებულმა შტატებმა გასულ თვეში დაიწყო.
ამერიკა ასევე აქტიურად მუშაობს უკრაინული "მომავალი ძალის" შექმნის გეგმაზე, რომელმაც რუსეთის შემდგომი აგრესია უნდა შეაჩეროს.
Washington Post-ის ცნობით, F-16-ის გამანადგურებლები, რომლებსაც უკრაინა რამდენიმე თვეში მიიღებს, ამ გეგმის ნაწილი იქნება. გარდა ამისა, აშშ-ის ოფიციალური პირები მოკავშირეებთან ერთად მუშაობენ სხვა შეიარაღების მიწოდებასა და უკრაინელების წვრთნაზე.
გამოცემის წყაროების თანახმად, პენტაგონი ისევ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტების მიწოდებას. ამის მიზეზი ის არის, რომ ამერიკას ამ ტიპის რაკეტების მცირე მარაგი აქვს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებაზე მოლაპარაკებებში შედეგს მიიღებს, როგორც ეს უკვე მოხდა სხვა ტიპის იარაღთან დაკავშირებით.
ATACMS ტაქტიკური რაკეტაა, რომელის მოქმედების დიაპაზონიც დაახლოებით 300 კილომეტრია, რაც ოთხჯერ აღემატება HIMARS-ის GMLRS-ის რაკეტებს, რომლებსაც უკრაინა აქტიურად იყენებს.